ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა დღითიდღე მატულობს. სტუდენტები აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ. ამას გარდა, ქვეყნის პირველი პირი ოცამდე ქვეყანაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩების მივლენას არ თანხმდება. „ნაციონალური მოძრაობა“ კი, 19 აპრილის დაანონსებული აქციისთვის ემზადება, ხოლო მმართველი ძალა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისთვის, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს მთავრობის დანიშვნისა და დათხოვნის უფლებამოსილება დაუბრუნდება.
ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ თუ რას ფიქრობენ ხელისუფლებაში? - for.ge საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:
აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა. ავტორიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის შეფასებით, უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი დარღვევები აქვს. ხოლო, უნივერისტეტის წარმომადგენელთა მტკიცებით, აღმოჩენილი დარღვევები ტექნიკური ხასიათისაა და ეს მიზეზები ავტორიზაციის გაუქმებას საფუძვლად არ უნდა დასდებოდა. რატომ არ ხდება პროცესის გამჭირვალეობა, რომ მიმდინარე მოვლენები საზოგადოების მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულად არ იქნას აღქმული?
- აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. უბრალოდ, ამ სასწავლებლის ხელმძღვანელი და მფლობელი ყოფილი ხელისუფლების გუნდის აქტიური სახეა და ვინაიდან, ეს ყველაფერი კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტს შეეხო, ეს სპეკულაციის საგანი გახდა. ამას გარდა, ნაციონალები მიმდინარე მოვლენებს კარგად იყენებენ და წარმოდგენას ქმნიან, რომ თითქოს, აპოკალიფსური პროცესები მიმდინარეობს და ხელისუფლებას უნივერსიტეტის დახურვა სურს, რაც აბსოლიტური სიცრუეა. ჩვენი ხელისუფლება სასწავლებლებს იმის მიხედვით არ განასხვავებს ვინ არის მათი ხელმძღვანელი. თუ უნივერსრიტეტი დადგენილ სტანდარტარს ვერ ასრულებს, რა თქმა უნდა, მას გარკვეული პრობლემები შეექმნება, რადგან განათლების სისტემაზე რა ხარისხის ცოდნას მიიღებს სტუდენტი, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი.
თუმცა, ბენდუქიძე აცხადებს, რომ ადგილი ტექნიკური სახის ხარვეზებს აქვს, რაც განათლების ხარისზე გავლენას არ ახდენს. - სწავლების ხარისხზე სწორედ ტექნიკური სახის ხარვეზები მოქმედებს. გადაწყვეტლება ავტორიზაციის საბჭომ მიიღო და არა მინისტრმა. ეს საბჭო კი, წინა ხელისუფლების მიერ დაკომპლექტდა და ახალ მთავრობას საბჭოს არცერთი წევრი არ შეუცვლია. საბჭოს ვერცერთ წევრს ვერ დააბრალებენ, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ წევრები, ან ყოფილი წარმომადგენლები, რაც იმას გამორიცხავს, რომ მათზე რაიმე სახის ზეწოლა განგვეხორციელებინა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს, უნივერსიტეტს უფლებამოსილება შეუწყდა და სტუდენტების მიღებას ვერ შეძლებენ, რაც ტყულია, რადგან განათლების მინისტრი აცხადებს, რომ უნივერსიტეტს შეუძლია ტექნიკური ხარვეზები გამოასწოროს და ნებისმიერ დროს ავტორიაციაზე განაცხადი შეიტანოს. თუ ავტორიზაციის საბჭოსა და განათლების სამინისტროზე ზეწოლა იქნება, ეს კარგ შედეგებს ვერ მოიტანს.
ზეწოლა ვისი მხრიდან?
- სასწავლებლის, პოლიტიკოსების, სტუდენტებისა და ლექტორების მხრიდან, რომლებიც ბენდუქიძის, ჩერგოლეიშვილისა და უტიაშვილის პოლიტიკურ გამოსვლებში ჩართულნი არიან.
თუმცა, მათი პროტესტი რატომ გიკვირთ - დიმიტრი შაშკინს GIPA-სთვის ტექნიკური ხარვეზების გამო, ავტორიზაცია რომ შეეჩერებინა, თქვენ რას იზამდით?
- მარგველაშილი, რომელიც ჯიპა-ს ყოფილი ხელმძღვანელი იყო აცხადებს, რომ მან ავტორიზაციის პროცესი წინა ხელისუფლების პირობებში გაიარა. რაც შეეხება „რომ შეეჩერებინას“ - ეს ამ კონტექტსში არ ჯდება, რადგან მარგველაშვილს სასწავლებელში წესრიგი ჰქონდა დამყარებული და ვინაიდან, უნივერსიტეტი ბედუქიძისაა მას შეუძლია კანონი დაარღვიოს და თუ უნივერსიტეტი სხვისია, მას უნდა გავუსწორდეთ?! როგორც ჩანს, აგრარული უნივერსიტეტის დირექცია გადაქცეულია „ნაციონალური მოძრაობის“ პიარად და იმის გამო, რომ უნივერსიტეტში დასაქმებულნი არიან - ჩერგოლეიშვილი, ბენდუქიძე, უტიაშვილი და ხატია დეკანოიძე, იმაზე თვალები უნდა დავხუჭოთ, რაც ამ სასწავლებელში ხდება?! მისასალმებელი იყო, რომ სტუდენტებს მინისტრი შეხვდა. ჩირგვებში თავის ჩაყოფას არ ვაპირებთ, რადგან რეალური მთავრობა ვართ და ხალხთან დიალოგს არ შევუშინდებით. ყველა ფეხის ნაბიჯზე საბოტაჟის ნიშნებია და არ გამოვრიცხავ, რომ სტუდენტებისთვის მოტივით - არიქა, თქვენ ქუჩაში გტოვებენ გზა-კვალის აბნევა ხდებოდეს. გარეთ არცერთი სტუდენტი არ დარჩება.
უნდა შეეჩერებინა თუ არა საბჭოს უნივერსიტეტისთვის ავტორიზაცია და ეს გადაწყვეტილება ხომ არ არის პოლიტიკურად მოტივირებული - ეს ჯერ კიდევ ღიად რჩება. თუმცა, თქვენი ოპონენტები უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ბენდუქიძის ტელევიზიის - „ტაბულა“ გახსნას უკავშირებენ...
ეს არაფერ შუაშია, რადგან ნაციონალების პროპაგანტის რუპორია ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და არ მგონია, რომ ყვირილსა და ხმაურში „რუსთავი 2“-ს „ტაბულამ“ აჯობოს. „რუსთავი 2“ შეთითხნილი სიუჟეტების გამოცხობით დღესაც დაკავებულია. ამიტომ, პრობლემაა უნივერსიტეტში და არა „ტაბულაში“.
აგრარული უნივერსიტეტის გარდა, სხვა სასწავლებლების შემოწმება დაიწყება?
- მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პარალელურად რამდენიმე უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესი მოწმდება. კანონი ყველასთვის კანონია და გამორიცხულია, რომ კანონის ნორმების ინტერპრეტაცია მოვახდინოთ. აგრარული უნივერსიტეტის შემოწმება იმ 350 ადამიანმა მოითხოვა, რომელიც უნივერსიტეტიდან გააძევეს და რომელთაც, კოლექტიური განცხადებით განათლების სამინისტროს ნოემბერში მიმართეს. რა უნდა გვექნა, შემოწმება არ უნდა მომხდარიყო და მათი განცხადება სანაგვე ყუთში უნდა ჩაეგდოთ ისე, ამას როგორც ნაციონალები აკეთებდნენ?! რაც შეეხება სტუდენტებს, მათთან მეტი დაილოგი და მუშაობაა საჭირო. ეს პროცესი სწავლის ხარისხს შეეხება და შესაბამისად, ძალიან სათუთი თემაა.
„ქართულმა ოცნებამ“ სტუდენტობა გამოაღვიძა და გამოღვიძებულ სტუდენტობასთან საუბარი დაკვირვებით, გულდასმითა და აწონ-დაწონვით არის საჭირო.
როგორ ფიქრობთ, სტუდენტური აქციები რა გავლენას მოახდენს ნაციონალების მიერ დაანონსებულ 19 აპრილის აქციაზე?
- არ მგონია, რომ სტუდენტურმა აქციებმა პერმანენტული სახე მიიღოს, რადგან მათთან მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება 19 აპრილის აქციას, ამ აქციას საფუძველი პარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუცუციამ გამოაცალა. აქცია კი იმ მოტივით ინიშნება, რომ თითქოსდა, ჩვენ ევროატლანტიკური მისწრაფებები უკანა ფლანგზე გადავიტანეთ, თუმცა, ეს ევროპარლამენტარებმა, ან მიტინგის მომწყობებმა სად დაინახეს? რასაც, ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილი აკეთებდა, ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგან ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევას, პოლიტიკური ოპონენტების დევნას, მედიის ტერორს და ა.შ. თუ ვინმეს თავში უქრის და ახირება აქვს, რომ აქცია გამართოს, ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ღია კარებს ამტვრევენ. ეს აქცია არის საერთაშორისო მოხმარებისთვის, რომ ვითარება შავ-ბნელ ფერებში შეფუთონ და თქვან, რომ საქართველო ლამის საბჭოთა კავშირის მომხრეა და ა.შ.
მიტინგებით ვერ გაგვაკვირვებენ, მაგრამ სააკაშვილი არ იყო, რომ ამბობდა „საძულველი რუსთაველიო“?! ახლა, ამ „საძულველ რუსთაველზე“ მირბის?! სააკაშვილმა პრემიერს პირად საუბარში უთხრა - „რა გინდა ბიძინა, იქ მიტინგებს თქვენც ჩაგიტარებენ და ამიტომ, პარლამენტი ქუთაისში გადავიტანე და ქუთაისელები იქ არ გამოვლენო“. ქუთაისში აღშფოთებული ბენდუქიძე ვერ ჩამოგორდება?! ამ ადამიანებისგან ოპოზიციონერები ვერ გამოვა.
რაც შეეხება ელჩების საკითხს, პარლამენტმა საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩობის პოსტზე კანდიდატურები დაამტკიცა, ბრძანებას კი, მიხეილ სააკაშვილი ხელს არ აწერს. რატომ?
სიტუაცია სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეს კაცი მარაზშია გადავარდნილი, რადგან ოცამდე ქვეყანა ელჩის გარეშეა დარჩენილი და ნაციონალ ვაჟბატონებს ვეკითხები - ეს არის თქვენი ევროინტეგრაცია, რომ დიპკორპუსი მოაშიშვლეთ და თქვენ ფიქრობთ იმაზე, რომ ქვეყანამ საკუთარი ინტერესები დაიცვას?! ქვეყნის ინტერესები როგორ უნდა დავიცვათ, როდესაც ელჩები არ გვყავს?! თუ ელჩი არ არის, ჩათვალეთ, რომ საელჩო უფუნქციოა. 14 მარტს საქართველოს ელჩს გერმანიაში უფლებამოსილება ეწურება და გამოდის, რომ ამ სტრატეგიულ ქვეყანაში ელჩი არ გვეყოლება. პროცედურის გათვალისწინებით, ელჩები მინიმუმ, კიდევ სამი თვე არ გვეყოლება.
ელჩებთან დაკავშირებით ბრძანებაზე ხელმოწერის სანაცვლოდ, პრეზიდენტი რაიმეს ითხოვს, როგორც ეს მათი პარლამენტში წარდგენისას მოხდა, როდესაც ქვეყნის პირველ პირს სახელმწიფო დაცვის ერთი სამმართველო გადაეცა?
- რას ითხოვს არ ვიცი, მაგრამ თუ სურს, რომ ავლაბრის რეზიდენცია მის ბებიას - მზია წერეთელს აჩუქონ, ვაჩუქებთ და მიშაც დაწყნარდება და ბებიამისი მზიაც, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კაცი მარაზმშია გადავარდნილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ მიზეზს რას ასახელებს, რის გამოც, ელჩების თანანმდებობებზე დანიშვნას ქვეყნის პირველი პირი ეწინააღმდეგება?
- არაოფიციალურ მიზეზს გეტყვით. მისი ემისრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილნი იყვნენ, უკუღმართ და ქვეყნისთვის ძირისგამომთხრელ საქმეს აკეთებენ. ეს პირები არიან ნაციონალები და არა ქვეყნის მიერ წარგზავნილი ელჩები, რადგან ყველას კარგად ახსოვს ინგლისის ელჩი ცოცხებით ხალხს როგორ ემუქრებოდა, ზოგი დონეცკში თარგამაძესთან და ვიგინდარეებთან ერთად არჩევნების გაყალბებით როგორ იყო დაკავებული და კიდევ ერთი ელჩი პინგვინებზე როგორ ღადაობდა ზოგიერთ პინოქიოსთან ერთად.
ელჩებთან მიმართებაში, პრეზიდენტის „ურჩობას“, მთავრობა რას დაუპირისპირებს?
- სხვადასხვა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი მინისტრი და დეპუტატი უნდა მივავლინოთ და სანამ, ქვეყანას სააკაშვილი არ მოშორდება ელჩების მოვალეობაც ჩვენ უნდა შევითავსოთ.
21 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებები დადგება. ხმათა უმრავლესობის მოპოვების რა შანსი გაქვთ?
- ვფიქრობ, რომ ცვლილებებს დავამტკიცებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინიციატივა არ გავა, ეს თავიანთ თავს დააბრალონ. თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს დავამტკიცებთ და მას ვეტოს სააკაშვილი დაადებს, ვეტოს გადავლახავთ კიდეც. უნდა გავუძლოთ იმას, რასაც კარებიდან გაგდებული სააკაშვილი ჰქვია და მას იმის საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ ფანჯრიდან გადმოგვიძრეს.