განსხვავებული ინტერესები

განსხვავებული ინტერესები

[მაიკლ ჩეჩირე; Eurazia Review]

გაზეთ Moscow Times–ში გაჩნდა სტატია თამამი სათაურით: „როგორ უნდა გადაწყდეს ქართული კონფლიქტი“. ტექსტს ორი ავტორი ჰყავს, სულ უფრო გავლენიანი წყვილი: სემუელ ჩარაპიამერიკული პროგრესის ცენტრიდან და კორი ველტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ელიოტის სკოლის წარმომადგენელი.

 

ხმამაღალი სათაურის მიუხედავად, თავად სტატია საკმაოდ მშვიდია. ავტორებმა, იმის ნაცვლად, რომ კავკასიაში მშვიდობის გასაღები მკითხველისთვის პირდაპირ გადაეცათ, არჩიეს უაღრესად რთულ პირობებში მტრულად განწყობილ მხარეებს შორის ეტაპობრივი გაუმჯობესების გზის საერთო მიმართულება დაეხატათ. თუკი ავტორების წინადადება ერთგვარ იმედგაცრუებას იწვევს, არა იმიტომ, რომ პუბლიკაცია აზრს მოკლებულია, არამედ იმის გამო, ის რეალური სიტუაციის გათვალისწინებით დაიწერა.

 

ერთგვარად უგულებელყოფენ რა ახლახანს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საჯაროდ ცალმხრივ რეჟიმში ძალის გამოყენებაზე უარის თქმას, ჩარაპმა და ველტმა 16 დეკემბერს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მეთოთხმეტე რაუნდში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალიან მყიფე და ფაქტობრივად ეფემერულ სქემებში, დამატებითი მექანიზმების დანერგვის შესაძლებლობა დაინახეს.

 

მხარეებს მათ მცირე, სამაგიეროდ სასარგებლო ამოცანაზე მოლაპარაკებისკენ, კერძოდ კი კონფლიქტის ზონაში ორივე მხარეს ევროკავშირის მისიის დამკვირვებელთა მანდატის გაფართოვებისკენ მოუწოდეს. ჯერ–ჯერობით ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ იმ ნაწილში მოქმედებენ, რომელსაც თბილისი აკონტროლებს. რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტის გადაწყვეტას არ ნიშნავს, მაგრამ ყველა შემთხვევაში – წინადადება ღირებულია.  

    

„არ არსებობს უკეთესი „ინსტრუმენტი“ ძალის გამოუყენებლობის რეჟიმის განსამტკიცებლად, ვიდრე 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ საქართველოში მყოფი  ევროპის კავშირის მონიტორინგის მისიის, ანუ EUMM-ის  დამკვირვებელთა განთავსებაა გალსა და ახალგორში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, კონფლიქტის ხაზთან მოსაზღვრე, ომამდე ძირითადად ეთნიკური  ქართველებით დასახლებულ რეგიონებში“, – ნათქვამია სტატიაში. „EUMM-ს შეუძლია გადაწყვიტოს უფრო ფართო მასშტაბის უსაფრთხოების საკითხები, თუ გალსა და ახალგორში თავის დამკვირვებლებს განათავსებს. კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელიც ძალადობაში გადადის, შეიძლება შეიარაღებული შეტაკების მიზეზად იქცეს“.

 

ეს ის ბუნებრივი ნაბიჯია, რომელსაც რეგიონში მშვიდობასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული ზოგადი სიტუაციის გაუმჯობესება მოითხოვს. მას ვერ უწოდებ მასშტაბურ გეოპოლიტიკურ ღონისძიებას და ის საფრთხეს არცერთი მხარისთვის არ წარმოადგენს. ჩარაპი და ველტი აღნიშნავენ, რომ მოვლენების მსგავს განვითარებას ყველა მოიწონებდა თბილისიც, სოხუმიც, ცხინვალიც და მოსკოვიც.

 

მაგრამ, სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათიც არ იყო გასული, რომ ჟენევიდან, სადაც მრგვალი მაგიდის ირგვლივ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უსიამოვნო და არაკონსტრუქციული ცნობები გავრცელდა. 17 დეკმბერს ვებ–გვერდ Civil.Ge–ზე გამოქვეყნდა სტატია, საიდანაც ჩანს, რომ თბილისი მოლაპარაკებების პროცესში „იმედგაცრუებულია“. 

 

„საქართველო კატეგორიულად მოითხოვს რუსეთისგან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღიარებას – 23 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ანალოგიური ცალმხრივი დეკლარაციის შემდეგ. მაგრამ რუსეთი კატეგორიულად ამტკიცებს, რომ კონფლიქტის მხარე არა ის, არამედ ერთი მხრივ თბილისი და მეორე მხრივ – ცხინვალი და სოხუმია“, – წერს Civil.Ge. „რუსეთი ცდილობს თავი „შუამავლად“ წარმოაჩინოს და ჟენევაში მოლაპარაკებების დაწყების მეთოთხმეტე რაუნდის წინ, ოფიციალური სოხუმის და ცხინვალის მიერ ძალის გამოუყენებლობაზე აღებულ ვალდებულებას მიესალმება“.

 

თუკი ჟენევის მოლაპარაკებებს ისიც კი არ მოჰყვა, რომ კონფლიქტის ერთადერთ  მხარეს, რომლის ჯარმაც რეალურად გადაკვეთა საერთაშორისო საზღვარი 2008 წლის აგვისტოში, ძალის გამოუყენებლობაზე ვალდებულება აეღო, ეს კარგი ამბავი ნამდვილად არ არის. რუსული პოზიციის კატეგორიულობა, რომ ის თითქოს მხოლოდ „შუამავალია“, უბრალოდ სასაცილოა.

 

რთული გასაგები არ არის ის, თუ რატომ ხედავს ბევრი, ამ ერთი შეხედვით მცირე ამოცანაში, როგორიც ევროკავშირის დამკვირვებელთა მანდატის გაფართოვებაა, უდიდეს მნიშვნელობას ისეთი გრანდიოზული მიზნისთვის, როგორიცაა კონფლიქტის გადაწყვეტა. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს მართლაც ასეა, თუკი ცოტახნისწინანადელი ომის ყველაზე ძლიერ მონაწილეს ამ ომში საკუთარი როლის აღიარებაც კი უჭირს, რომ აღარაფერი ვთქვათ, ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე.

 

ამ პრობლემის გამო, ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ არის ისეთი მოკრძალებული მიზნის მიღწევა, რომელსაც ჩარაპი და ველტი გვთავაზობენ, ფაქტობრივად შეუძლებელი? რა სჭირთ ასეთი საქართველოს და რუსეთს, რომ მათ შორის ორმხრივი ურთიერთობის აღდგენის თითქმის ყველა მცდელობა, იშლება?

 

დიდწილად მართალია ის, რომ ტიპური მიდგომა იმ პრობლემებისადმი, რომელიც  თბილისი–მოსკოვის ურთიერთობებს წამლავს, კონკრეტულ საკითხებს, პიროვნებებს და მოვლენებს (დევნილების დაბრუნების უფლება, სააკაშვილის პრეზიდენტობა, 2008 წლის აგვისტოს ომი და ა.შ) ეფუძნება და არა კონფლიქტის უფრო მარტივ,  ელემენტარულ მიზეზებს.

 

აღსანიშნავია ის, რომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველო კონფლიქტებისგან ცუდადაა დაცული. ჩვეულებრივ მას ქვეყანა–„გზაჯვარედინს“,  „აღმოსავლეთს და დასავლეთს“ შორის „ხიდს“ უწოდებენ, თუმცა საქართველო მართლაც სამ რეგიონალურ ზესახელმწიფოს (რუსეთს, თურქეთს და ირანს) შორისაა,  მოქცეული, კონტინენტების გადაკვეთაზე, ამავდროულად ის უცხოელების (ავღანელების, ბერძნების, რომაელების, მონღოლების, არაბების, ბრიტანელების, ამერიკელების და სხვების) მუდმივი სტუმრობის ადგილი იყო.

 

თუკი უფრო თანამედროვე ეპოქაზე ვისაუბრებთ, საქართველოს ნაციონალური ინტერესები, მარტივად რომ ვთქვად, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. სააკაშვილი ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა და თავის მთავარ  მიზნად დაისახა საბოლოოდ გამოეგლიჯა საქართველო ძალაუფლების იმ ძველი სისტემისთვის, რომელიც რეგიონში რუსეთმა ჩამოაყალიბა.

 

ეს რუსული იმპერიული სისტემა, რომელმაც პიკს საბჭოთა პერიოდში მიაღწია, საქართველოს ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე ვრცელდებოდა, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. საქართველოს, ისევე როგორც ამიერკავკასიას, რუსეთი ყოველთვის მიიჩნევდა და დღესაც მიიჩნევს რეგიონში მისი გავლენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკვანძო ელემენტად.   

 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველომ ეს სისტემა დაუფარავად უარყო და არ არის გასაკვირი, რომ რუსეთი ამაზე მკვეთრად რეაგირებს. და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის ქმედებები, მათ შორის საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის კამპანია, დიპლომატიისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სტანდარტებს დიდად არ შეესაბამება, მათ აბსოლუტურად ირაციონალურსაც ვერ უწოდებ.

 

როდესაც ირღვევა ის პრინციპები, რომელსაც რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების   მთავარი ელემენტების საფუძვლად მიიჩნევს, ბუნებრივია, რომ მოსკოვი ამ „პრობლემის“ გამოსწორებისკენ ნაბიჯებს დგამს.  

 

რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ეს სასიცოცხლო საფრთხეა. ამ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მომავალი დამოუკიდებელი ქვეყნის მომავალია. კარგი ურთიერთობა გიგანტ ჩრდილოელ მეზობელთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა ის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისუფლება, რაც საკუთარი გზის არჩევის შესაძლებლობას გაძლევს, და რაც, რა თქმა უნდა, შეზღუდულია პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს მშენებლობის ჩარჩოებით.

 

ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთში, როგორც ჩანს წამყვანი იდელოგია ფაქტობრივად არ არსებობს (თუ არ ჩავთვლით ასეთად „ნაციონალური განდიდების“ იდეას), მაშინ როცა ქართულ ელიტას, როგორც ჩანს, საბჭოთა და პოსტსაბწოთა სისტემების მიმართ ზოგადი ზიზღი ამოძრავებს. იმასაც ვერ იტყვი, რომ მას აუცილებლად ანტირუსული განწყობა აქვს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს შესაძლოა ასეცაა, მაგრამ ის ცდილობს სრულად გაწყვიტოს საქართველოს კავშირები საბჭოთა წარსულის ნარჩენებთან და პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატიის მადემორალიზებელ ნანგრევებთან.  

  

რუსეთი თავის თავში დიდწილად სწორედ ასეთ სისტემას განასახიერებს, მოიცავს და მფარველობს. ეს სისტემა მისი საყრდენია; ამის გათვალისწინებით, საქართველოს სურვილი ამ ყველაფერთან რაც შეიძლება ნაკლები ჰქონდეს საერთო, პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსკოვის დაინტერესებას შეინარჩუნოს საქართველო, როგორც მისი სისტემის კომპონენტი.

 

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი – მხოლოდ ზედაპირული დაკვირვებებია. მაგრამ ის იმას ცხადყოფს, რომ მოსკოვს და თბილისს შორის ერთი შეხედვით  არარაციონალური დავების, ასევე მათი გადაწყვეტის გასაღები, არა იმდენად კონკრეტულ პრობლემებსა და მოვლენებშია, არამედ იმის შესწავლაში, თუ რა არის ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში დაძაბულობის ფუნდამენტური წყარო.

 

თუკი  პრობლემას ასე შევხედავთ, მაშინ უკვე არ არის მნიშვნელოვანი ის, თუ ვინ დაიწყო  პირველმა ომი, სად იცხოვრებენ დევნილები, ვინ იდგება საჭესთან – სააკაშვილი თუ გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სისტემის მშენებლობის თვალსაზრისით, მაგრამ დიამეტრალურად განსხვავებული ნაციონალური ინტერესების შეტაკებას მოსდევს ის, რომ საქართველოს და რუსეთის პრობლემები ვერანაირად ვერ გადაწყდება მრგვალი მაგიდების და ვერცერთი ტიპის საერთაშორისო შეუამავლობის პირობებში, თუკი რაიმე მასშტაბური ცვლილება არ მოხდება.

Foreignpress.ge