წერილების ომი

წერილების ომი

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის 23-მა დეპუტატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართეს ღია წერილით „ნუ დაანგრევთ საქართველოს ევროპულ ოცნებას“. ევროპარლამენტარების განცხადებით, მიუღებელია მაღალჩინოსნების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება და ძალადობისკენ მოწოდება. აგრესიული კამპანია - აიძულოს პარლამენტის ოპოზიციური წევრები, შეიცვალონ პოზიცია შანტაჟითა და მათი ოჯახის წევრების დაშინებით, არა მხოლოდ რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანის უფლებებსაც.

„მოგიწოდებთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, არ გადადგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით, რათა არ დაასამაროთ საქართველოს ევროპული მომავალი“, - წერდნენ ევროპარლამენტარები.

ქართველი ექსპერტების მიერ მაშინვე გაკეთდა განმარტებები, რომ ევროპალამენტში 700-მდე დეპუტატია და ეს წერილი კი მხოლოდ 23 მათგანის პოზიციას გამოხატავდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ამ წერილისთვის მაინც სათანადო ყურადღება უნდა მიექცია. პასუხმაც არ დააყოვნა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საკმაოდ მკაცრი წერილი მისწერა ევროპარლამენტარებს.

„დაგვიწესეთ უმაღლესი ევროპული სტანდარტები და განგვსაჯეთ ამ სტანდარტების მიხედვით. ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება პოსტ-კომუნიზმისგან თავის დასაღწევად, მაგრამ ამ სტანდარტების მეტრად სააკაშვილს და მის რეჟიმს ნუ დაგვისახავთ, ეს ევროპის შეურაცხყოფაა...“, - ნათქვამი იყო უსუფაშვილის წერილში.

აქვე იგი მოუწოდებდა ევროპარლამენტარებს, სიცრუეზე დაფუძნებული მსგავსი განცხადებების ხელმოწერისგან თავი შეეკავებინათ. პრემიერმა ივანიშვილმა კი მოგვიანებით განაცხადა, რომ უსუფაშვილის წერილში ძირითადი აქცენტები თავად ივანიშვილის გაკეთებული იყო. ამასთან, პრემიერი აპირებს, რომ უფრო მკაცრი წერილი მისწეროს ევროპარლამენტარებს.

„ევროპასთან ასეთ ტონში საუბარი სწორედაც მისაღებია. დავით უსუფაშვილი კარგად წერს და სწორედ ამიტომ მან უპასუხა მიმართვას, თუმცა უსუფაშვილის წერილის ძირითადი აქცენტები ჩემი გაკეთებულია. უახლოეს დღეებში "სახალხო პარტიას" უფრო მკვეთრ და ფართო წერილს მივწერ, რადგან ევროპელობა არ ნიშნავს, რომ ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს. ის წერილი სირცხვილია, ან ევროპარლამენტარებმა არ იცოდნენ, ხელს რაზე აწერდნენ. ჩვენ შევძლებთ, დავარწმუნოთ სიმართლეში ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის სიცრუეში ცხოვრებას ახერხებდნენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ევროპარლამენტში შემავალი პარტიების და გაერთიანებების წარმომადგენლები შეფასებებს აძლევენ გასულ კვირაში ევროპარლამენტართა ერთი ჯგუფის მიერ გავრცელებულ მიმართვას საქართველოს პრემიერ მინისტრისადმი, სადაც 23 ევროდეპუტატი "ევროპის სახალხო პარტიიდან" საქართველოს პარლამენტის წევრებზე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და სასამართლოზე ზეწოლის შეწყვეტას ითხოვს, თუმცა ევროპელი ლიბერალების თავმჯდომარე და ევროპარლამენტში "ლიბერალური ფრაქციის" ვიცეპრეზიდენტის სერ გრაჰამ ვატსონი თვლის, რომ ევროპარლამენტართა ერთი ჯგუფის მიერ მიწერილი მიმართვა გამოხატავს ამ დეპუტატების სუბიექტურ აზრს და არამც და არამც არ შეიძლება ჩაითვალოს ევროპარლამენტის პოზიციად.

ევროპარლამენტარებისათვის დავით უსუფაშვილის მიერ მიწერილ წერილს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი, ფილიპ დიმიტროვიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან თანაბარ ურთიერთობას გულისხმობს.

„ევროპელებს შეუძლიათ ქართველებს ურჩიონ და ქართველებსაც შეუძლიათ, ევროპელებს ურჩიონ. შეიძლება ზოგჯერ ამ რჩევების მიდევნება-არმიდევნების შედეგები განსხვავებული იყოს, მაგრამ მთავარი კომპონენტი ჩვენი ურთიერთობისა არის დიალოგი და ურთიერთგაგების მიღწევა", - აღნიშნა დიმიტროვმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც არ ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპარლამენტარებისათვის გაგზავნილი წერილი საქართველოს ევროპასთან ურთიერთობებში პრობლემებს შეუქმნის.

„არ მგონია, წერილმა რაიმე პრობლემა შექმნას. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული დიალოგი ევროპასთან, საერთოდ, ყველა პარტნიორთან და მიმაჩნია, რომ ეს წერილი არის ამ კონსტრუქციული დიალოგის შემადგენელი ნაწილი“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ხელისუფლების ბოლო დროინდელი განცხადებებით გაკვირვებულია.

„ევროპა არ არის გეოგრაფიული ადგილი, საითაც ჩვენ მივდივართ ან არ მივდივართ. ეს არის ღირებულებათა სისტემა, რომელიც ჩვენთის არის და უნდა იყოს ახლოს. ეს არის თანამედროვე სამყარო, თანამედროვე ცივილიზაცია და მისკენ გზა არ არის მარჯვნის ან მარცხნივ. ჩვენ ან ევროპისკენ მივდივართ, ან პრომოდერნულ სამყაროს ვუერთდებით. ეს ადამიანები ჩვენ გვეხმარებიან, თუ იქიდან წერილი არ მოდის ეს ნიშნავს, რომ მათ არ ვახსოვართ, ისინი წერილებს არ უგზავნიან აფრიკის სახელმწიფოებს ან კორეას, ეს ადამიანები ჩვენი გულშემატკივრები არიან. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ რაღაც პრეტენზია არის გადაჭარბებული, მაგრამ შევეჯიბროთ ერთმანეთს მკვახე განცხადებებში, ეს ნიშნავს, რომ მივბაძოთ პუტინს. დღეს ევროპას ასეთი ენით არავინ ელაპარაკება“, - აღნიშნა რატიანმა.

სწორია თუ არა მმართველი გუნდის პოლიტიკა ევროპარლამენტარების მიმართ, რასაც ევროკავშირის საინფორმაციო ვებ-გვერდმა სტატიაც კი მიუძღვნა სათაურით - „წერილების ომი საქართველოში პოლიტიკურ დაძაბულობას ნათელს ჰფენს“. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მკაცრი პასუხი გასცა ევროპარლამენტის მემარჯვენე ცენტრისტულ "ევროპის სახალხო პარტიის" ბლოკის კრიტიკას, რომ შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დემოკრატიული რეფორმებისგან უკანდახევით ქვეყანას "ევროპის კარი დაუხუროს".

რას ფიქრობენ ამ მიმოწერაზე და ქართული მხარის მკაცრ ტონზე ექსპერტები და სწორია თუ არა ხისტი პოლიტიკა ევროპარლამენტარებთან, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მათი საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვა სუბიექტური და არასწორ ინფორმაციაზე დამყარებული იყო?

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების მიმართ დავით უსუფაშვილის მიმართვა ზედმეტად ხისტი იყო. ექსპერტი შიშობს, რომ პრემიერ-მინისტრის მიმართვა შეიძლება კიდევ უფრო ხისტი და გამაღიზიანებელი იყოს.

„რაც არ უნდა მცირე იყოს ევროპარლამენტის იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებმაც პრემიერ ივანიშვილს მიმართეს, გასათვალისწინებელია, რომ ისინი არიან ნაწილი უდიდესი ევროპული პოლიტიკური ძალისა. ამიტომ მათთან ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე არის საჭირო. ევროკავშირი არის ის გაერთიანება, რომლის კეთილ ნებაზე და მის ჩვენდამი კეთილმოსურნეობაზე არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი, ასევე ჩვენი სტაბილურობა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ევროპის უდიდესი პოლიტიკური პარტია ამინდს განსაზღვრავს და ამიტომ მეტი პატივისცემით უნდა მოვეპყროთ მათ“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს დიპლომატიური ამოცანაა (თუნდაც არასამართლიანი პრეტენზიების ფონზე) მაქსიმალურად შევარბილოთ ეს დარტყმები და დავათბოთ ურთიერთობები. ამიტომ ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია პასუხისმგებლობა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ატარებენ.

ექსპერტი საგარეო ურთიერთობის საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ პრობლემებს აქამდე იმას აბრალებდა, რომ ამ სფეროში მათ „ნაციონალური მოძრაობა“ ახტებოდა თავზე.

„ახლა მათ აქვთ საშუალება, პირადად მიმართონ ევროპარლამენტარებს. რა თქმა უნდა, პირადი კონტაქტი უკეთესია. შეუძლებელია, მუდმივად სხვას აბრალო, იმის ბრალია, რომ მე ვიღაცასთან წესიერი ურთიერთობა არ მაქვსო“, - ამბობს შარაშენიძე.

პოლიტოლოგი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ დავით უსუფაშვილის წერილის შინაარს სრულად ეთანხმება, რადგან თავად ევროპარლამენტის მხრიდან გაკეთდა დღეს განცხადება, რომ ეს 23 დეპუტატი ევროპარლამენტარების მხოლოდ მცირე ჯგუფია და მათი ღია წერილი მხოლოდ მათ სუბიექტურ აზრს გამოხატავს.

„როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანები არიან ის მარგინალური ჯგუფი, რომელიც მუდმივად უპირობოდ უჭერენ მხარს სააკაშვილს. თუ მათ რეალობა აინტერესებთ, ჩამოვიდნენ საქართველოში და ნახონ, აქ რა ვითარებაა. ვერც იმას ვეღარ ვიტყვით, რომ ეს ადამიანები სააკაშვილის დეზინფორმაციის ტყვეობაში არიან, რადგან ჩვენ ვიცით, რომ თომას ჰამერბერგი, რომელიც უშუალოდ ევროკავშირის მიერ არის საქართველოში მოვლენილი, საქართველოდან აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას ევროპაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აწვდის. აქედან გამომდინარე, იმ წერილის პათოსი, თითქოს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროპული მომავლის დასამარება სურს, უბრალოდ აბსურდია“, - აღნიშნავს ექსპერტი.

იგი გაოცებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ევროპარლამენტარები ასეთ უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს და მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის მმართველობის პერიოდი ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენებაში ნახევრად თავისუფალ, ან ნახევრად ავტორიტარულ რეჟიმად იყო მოხსენიებული. რაც შეეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს, ბექა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ ევროპული მომავალი რატომღაც მხოლოდ ევროსტრუქტურებში გაწევრიანებასთან ასოცირდება, სინამდვილეში კი, პირველ რიგში, ევროპული ცხოვრების წესს და ევროპული ფასეულობების დამკვიდრებას ნიშნავს. საქართველო კი საკუთარი არჩევანით ევროპასთან ძალიან ახლოს არის და ამიტომ რუსეთისკენ საგარეო კურსის შებრუნება, სრული აბსურდია, რადგან თუკი ვინმე ამ გეზის შეცვლას გადაწყვეტს, მას მთელი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წასვლა მოუწევს.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, სააკაშვილის მმართველობის ცხრაწლიანი პერიოდის განმავლობაში ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით იმდენი არ გაკეთებულა, რაც ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის ოთხი თვის პერიოდში.

„რაც შეეხება კონკრეტულად ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერას და შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას, ევროკავშირის უპირველესი პირობა იყო ის, რომ საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფო რეგულაციების დამკვიდრება, ანტიმონოპოლიური სამსახურისთვის მისი ფუნქციის დაბრუნება და შრომის კოდექსის გაუმჯობესება მომხდარიყო. ცხრა წლის მანძილზე არათუ ამ მიმართულებით წავედით, არამედ წინა ხელისუფლება ამ პროცესებს ფაქტობრივად წინ აღუდგა. ახალმა ხელისუფლებამ კი ოთხი თვის განმავლობაში ყველა ამ მიმართულებით წინ გადადგა ნაბიჯები. აქედან გამომდინარე, ვინმე თუ ამბობს, რომ ჩვენ ევროპას ვცილდებით, ეს არის ტოტალური აბსურდი და პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანის ნათქვამი“, - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, თუკი ევროპარლამენტართა ეს ჯგუფი კიდევ რაიმე მსგავს წერილს მოგვწერს, ცხადი იქნება, რომ ისინი რეალობას მოწყვეტილები არიან და თუ მათ სურთ, რომ ისეთივე სექტის ნაწილი გახდნენ, როგორადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა, ეს მათი ნებაა.