კონსულტაციები ადეიშვილთან

კონსულტაციები ადეიშვილთან

ნაციონალები ზურაბ ადეიშვილისგან კონსულტაციებს, სავარაუდოდ, დღემდე იღებენ. ვანო მერაბიშვილი არ მალავს, რომ ადეიშვილს ხშირად ესაუბრება და ამის შესახებ ახალმა ხელისუფლებამაც თურმე მშვენივრად იცის. მერაბიშვილი იმაშიც დარწმუნებულია, რომ მათი ყველა სატელეფონო საუბარი ივანიშვილის მთავრობას ჩაწერილი აქვს.

უბრალოდ, 19 აპრილის აქციაზე ვანო მერაბიშვილს ზურაბ ადეიშვილის არყოფნა სათვალავში დააკლდება და მისთვის ამ აქციაზე ერთი ადამიანით ნაკლები იდგება. ეს ერთი ადამიანი კი ზურაბ ადეიშვილია.

"არავითარი საიდუმლოდ, ღიად ვაწარმოებთ საუბარს და ხშირად ვსაუბრობთ ტელეფონზე. საიდუმლო აქ არაფერი არ არის. ერთი ადამიანით ნაკლები იქნება ამ აქციაზე, თქვენ შეგიძლიათ ასე დაარქვათ. ის, ალბათ, არ ჩამოვა საქართველოში უახლოეს თვეებში, როგორც მინიმუმ",  - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, არავითარი საიდუმლო მოლაპარაკებები მეგობრებთან არ სჭირდება და იუსტიციის ყოფილი მინისტრი მის მეგობრად დღემდე რჩება. მანვე მწუხარება გამოთქვა, რომ ძალიან ბევრი მისი მეგობარი, პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი და რჩეული ადამიანი იძულებულია, დატოვოს საქართველო.

For.ge დაინტერესდა, გადიან თუ არა ნაციონალები კონსულტაციებს ზურაბ ადეიშვილთან და რა რესურესები აქვს ევროპაში გაქცეულ ადეიშვილს სააკაშვილის ხელისუფლების “რუხ კარდინალს”, “სიყვარულის ქალაქის” მთავარ კონსტრუქტორს, “აღმშენებელსა” და იურისტს?! კაცს, რომელიც თითქმის არასდროს ჩანდა, მაგრამ ყველაფერს აკონტროლებდა.

ექსპერტ გია ხუხაშვილისთვის პაროდიულია ისეთი მოძრაობები, რომ თურმე, 19 აპრილს ნაციონალების საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანით ნაკლები მივა. მეტიც, ექსპერტის თქმით, ამ ადამიანებმა საერთოდ დაკარგეს რეალობის შეგრძნება, ვინაიდან ორი თვით ადრე დაანონსებული აქცია არასერიოზულია. ჯერ კიდევ არჩევნების ბედი გადაწყვეტილი არ იყო და ზურაბ ადეიშვილი მაშინვე გაიქცა საქართველოდან. ამდენად, ასეთი ადამიანის ე.წ. “კარდინალობაზე” ან მის ვაჟკაცობაზე საუბარი ზედმეტია.

“ნაციონალური მოძრაობის" წევრები, შესაძლოა, კონსულტაციებს გადიან კიდეც ადეიშვილთან, მაგრამ მათი კონსულტაციებიც ძალიან სასაცილოა. ბუნკერში ვინ რაზე ლაპარაკობს, ვის აინტერესებს? ისინი, ფაქტობრივად, იმდენად შევიწროვდნენ და დაპატარავდნენ, რომ ბუნკერში რის შესახებ საუბრობენ, პრაქტიკულად სულერთია. სულ 30-40 ადამიანია დარჩენილი. მათი მატარებელი ჩავლილია, იმ მატარებელმა წაიღო მათი ინტელექტიც, მორალიც და ყველაფერი. სევდია უგრეხელიძის მოადგილე ვანო მერაბიშვილი, ასევე, გაპარული ადეიშვილი რის შესახებ აწარმოებენ ერთმანეთში კონსულტაციებს, ეს მათი პირადი საქმეა. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. თუმცა ამ ადამიანებს ღმერთის არ სწამთ”, - გვითხრა გია ხუხაშვილმა.  

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ამჯერად ნაცმოძრაობა პოლიტიკური საფლავიდან ადეიშვილის ამოთხრას და მისთვის რაიმე ფუნქციის, თუნდაც ვირტუალური ფუნქციის, მინიჭებას ცდილობს. ეს მაშინ, როცა რატომღაც თითქმის ნახევარი წლის მანძილზე არ გახსენებიათ ადამიანი, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე, ვიდრე ხმების დათვლა დაიწყებოდა, ქვეყნიდან გაუჩინარდა.

ექსპერტის თქმით, თავისი გაქცევით ადეიშვილმა თვითლუსტრაცია მოახდინა, რაც  მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისთვის არ ყოფილა მოულოდნელი. უფრო მეტიც, საზღვარგარეთაც კი, სადაც ძალიან ბევრი გულუბრყვილო და მიამიტი მეგობარი გვყავს, ეს მოვლენა, ანუ იუსტიციის მინისტრის გაქცევა გაუგებარი იყო.

„ფაქტი ერთია, "ნაციონალური მოძრაობის" ვერაგული და სადისტური პოლიტიკა, გარკვეულწილად, განპირობებული იყო სწორედ ადეიშვილის არაადამიანური მიდგომით ადამიანების მიმართ. ის გახლდათ კაცთმოძულეობის ფორმულა, რომელიც ფარად აიფარა ნაცმოძრაობამ და კაცთმოძულეობა გახადა თავისი ქმედების ქვაკუთხედად. ამდენად, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ მოისაკლისებს ასეთ სადისტებს და ადეიშვილის ჩამოსვლა საქართველოში და მისი პერსპექტივა განისაზღვრება იმ ქმედებებით, რაც მის მიმართ განპირობებული აქვთ სამართალდამცავებს. მას დიდხანს მოუწევს უშედეგოდ თავის მართლება“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ამასთან, განმარტავს, რომ, რასაკვირველია, ადეიშვილი გონების დეფიციტს არ უჩივის, ოღონდ, სამწუხაროდ, არსებობს როგორც კეთილი, ასევე, ბოროტი ნიჭი. ადეიშვილის შემთხვევაში კი, სიკეთის ნატამალი არასდროს გააჩნდა ამ ადამიანს, ბოროტების თესვა კი წარმატებით გამოსდიოდა. თვით ის ფაქტი, რომ თურმე ვიღაც დღესაც რჩევებს იღებს მისგან, ექსპერტის აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" იმაზე უკეთესის შექმნა არ შეუძლია ამქვეყნად, ვიდრე ციხის კადრები იყო.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მერაბ ტურავა ადასტურებს, რომ დღესდღეობით კომუნიკაციების ისეთი ტექნიკური საშუალებები არსებობს, რომ ადეიშვილს სრულიად თავისუფლად ექნება კონსულტაციები და ურთიერთობები წინა ხელისუფლებასთან. ამასთან დაკავშირებით, მერაბ ტურავა ერთ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც მუშაობდა ადეიშვილის დროინდელ იუსტიციის სამინისტროში და მისთვის დამხმარე დასაყრდენ ძალად ითვლებოდა, პოლიტიკური არჩევნების შემდეგ, ადეიშვილის წასვლისთანავე, კოტე კუბლაშვილმა უზენაეს სასამართლოში გადაიყვანა და დღემდე ამ უწყებაში მუშაობენ. ძირითადად, საუბარია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის განზოგადების თუ ანალიზის სამსახურზე. ამდენად, ისინი კუბლაშვილსა და ადეიშვილს ეხმარებიან, რომ თავიანთი ძველი კადრებით მართონ სასამართლო ხელისუფლება.

„როგორც ამბობენ, ზოგიერთი მათგანი არა მარტო სატელეფონო და ტექნიკური საშუალებებით კომუნიკაციობს ადეიშვილთან, არამედ ჩადის საზღვარგარეთ და ხვდება ადეიშვილს და აქვს მასთან პირადი კონსულტაციები. იმასაც ამბობენ, რომ დღევანდელი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ადეიშვილთან და ბურჯალიანთან ურთიერთობებისა და კონსულტაციების შედეგია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება, განსაკუთრებით, მისი ადმინისტრაციული თანამდებობის პირები - იუსტიციის საბჭო, სასამართლოთა თავმჯდომარეები, პალატის თავმჯდომარე, კოლეგიების თავმჯდომარეები, ფაქტობრივად, ადეიშვილის მიერ დანიშნული ადამიანები არიან“, - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

ამასთან, განმარტა, რომ, მართალია, დღეს კუბლაშვილია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მაგრამ მაინც ადეიშვილის ხალხი და კადრები მართავენ სასამართლო ხელისუფლებას. ამიტომაც ისინი ადეიშვილსა და ბურჯალიანთან განაგრძობენ კონსულტაციებს.

ეს კი ადვილი გადასამოწმებელია, ვინაიდან რამდენიმე ადამიანი, რომელიც ადეიშვილის იუსტიციის სამინისტროში მოღვაწეობდა, დღესდღობით, ძველი საქმეების შესახებ გარკვეულ ანალიზს ატარებს და ადეიშვილის ინტერესებში არსებულ დავალებებს ასრულებს.

თუნდაც იმავე თეა წულუკიანის მამასთან დაკავშირებით, თურმე მთელი სასამართლო არქივი კუბლაშვილს ჰქონდა უზენაეს სასამართლოში მიტანილი და ძველ საქმეებში იქექებოდნენ, თუ ვინ რომელი საქმე განიხილა. მერაბ ტურავას აზრით, თუნდაც ამიტომაა აუცილებელი სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება, რომ იუსტიციის საბჭომ და ადეიშვილის დანატოვარმა ადმინისტრაციულმა თანამდებობის პირებმა ისევ არ გააგრძელონ ზემოქმედება და პრაქტიკულად, ადეიშვილის ხელით არ გაგრძელდეს სასამართლო ხელისუფლების მართვა. 

„არ გამოვრიცხავ, ადეიშვილის მოსმენა სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების საფუძველზე მართლაც ხორციელდებოდეს. ნებისმიერი მოსმენა, თუ ის მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ხორციელდება, შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, მაგრამ მერაბიშვილს უსმენენ თუ არა, ამ ინფორმაციას არ ვფლობ“, - გვითხრა მერაბ ტურავამ.