„ევროპელობა არ ნიშნავს, რომ ყველა დემოკრატია და ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს“, - მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილი და ევროპის „სახალხო პარტიისთვის“ მკვეთრ წერილს ამზადებს. მართალია, წერილის დიდი ზომიდან გამომდინარე, მისი გამოქვეყნება დაგვიანდა, რადგან „ფაინენშელ თაიმსმა“ და „უილ სტრიტ ჯორნალმა“ ქართულ მხარეს ამ წერილის მხოლოდ მესამედის დაბეჭდვა შესთავაზა, მაგრამ უახლოეს დღეებში დაზუსტდება ის გამოცემა, რომელშიც ივანიშვილის ვრცელი წერილი გამოქვეყნდება.
სანამ ევროპარლამენტარების 23 კაციანი შემადგენლობა ბიძინა ივანიშვილისგან მკვეთრ პასუხს ელოდება, პრემიერ-მინისტრი მათ წინმსწრებადაც უგზავნის წერილს და ატყობინებს, რომ ქართველები ევროპას ძალიან კარგ ენაზე ვესაუბრებით. უფრო მეტიც, არც უსუფაშვილი უჩივის კარგად წერას და პრემიერის გარეშეც შესწევს უნარი, საუკეთესო წერილები გამოაქვეყნოს. თუმცა ივანიშვილი აღიარებს, რომ ბოლო წერილის დაწერაში პირადად მიიღო მონაწილეობა და აქცენტები სწორედ მისი დასმულია.
„მათ მიერ გამოქვეყნებული წერილი იყო სირცხვილი. დიდი ალბათობით, მათ წაკითხულიც კი არ ჰქონდათ, რას მოაწერეს ხელი და თუ წაკითხული ჰქონდათ, მაშინ უსუფაშვილმა პასუხიც გასცა. ჩვენ არ გვეშინია, რომ ევროპაში სიმართლე გავიტანოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის მიმართვამდე ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის „გადარჩენისთვის“ მზრუნველმა ევროპარლამენტარებმა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიმართვაც მიიღეს, სადაც უსუფაშვილი ითხოვდა, „დაგვიწესეთ უმაღლესი ევროპული სტანდარტები და განგვსაჯეთ ამ სტანდარტების მიხედვით. ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება პოსტ-კომუნიზმისგან თავის დასაღწევად, მაგრამ ამ სტანდარტების მეტრად სააკაშვილს და მის რეჟიმს ნუ დაგვისახავთ, ეს ევროპის შეურაცხყოფაა“...
დავით უსუფაშვილს აინტერესებს, სად ნახეს აღნიშნულმა ევროპარლამენტარებმა საქართველოში მუქარა და ბრბოს მისევა პრო-ევროპული ძალებისადმი? პარლამენტის თავმჯდომარე იმითაც ინტერესდება, ნუთუ ევროპარლამენტარები ბრბოდ თვლიან საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ასეულათასიანი რამდენიმე დემონსტრაცია ისე ჩაატარა, რომ ერთი ფანჯარა არსად ჩამტვრეულა და რომელიც ამჯერად ძალადობის, წამების და ელიტური კორუფციის სახელმწიფო სისტემის შემქმნელების დასჯას ითხოვს?
უსუფაშვილს ის უფრო აინტერესებს, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ხომ არ არის ავტორი საზოგადოების შეურაცხმყოფელი და გამთიშველი გამონათქვამებისა, როგორიცაა „მუმიები“, „ჩასარეცხები“, „კრემლის აგენტები“, „გასანადგურებელი კლასი“, „სახელმწიფოს მტრები“ და სხვა? ასევე, პარალმენტის ურჩი წევრების (გელაშვილი 2005 წელს, დავითაშვილი 2007 წელს) სასიკვდილოდ გამეტებით ევროპისკენ მიმავალ კარს ფართოდ აღებდა თუ არა სააკაშვილი და ნუთუ ამ საქმეების გამოძიების დაწყებით ახალი მთავრობა ამ კარებს ხურავს?!
„თუ ესაა დემოკრატიის თქვენეული სტანდარტები და ამგვარ სტანდარტებზე დაფუძნებულ ევროპაზე გვესაუბრებით, ჩვენ ასეთ ევროპას ნამდვილად არ ვიცნობთ და არც ასეთი ევროპისკენ მივდვართ. თქვენი წერილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპული ღირებულებების ერთგულებისთვის ევროპაში ცხოვრების ფაქტი არ კმარა. თქვენ ევროპაში ცხოვრობთ, მაგრამ სააკაშვილის პოლიციური რეჟიმისთვის მხარდაჭერით, თავად ემიჯნებით ევროპას. ამით თავად ევროპას, ალბათ, ბევრს ვერაფერს დააკლებთ, მაგრამ ჩემი პატარა ქვეყანა კი შესაძლოა, ამგვარი „ევროპელების“ მორიგი მსხვერპლი გახდეს“, - მიმართავს უსუფაშვილი ევროპარლამენტარებს „ევროპის სახალხო პარტიიდან“ და ჰპირდება, რომ სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებების ხელმოწერის გამო, მალე თავადვე შერცხვებათ.
უსუფაშვლის თქმით, მისი სიტყვების გამო ცალკეულ ევროპარლამენტართა გაღიზიანება მოსატანიც არ არის „ქართული ოცნების“ იმ ათასობით აქტივისტი ახალგაზრდის ტკივილთან, რომლებსაც შეცდომაში შეყვანილმა მათმა ლიდერმა, მარტენზმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებისთვის მტვერსასრუტებისა და მაცივრების დარიგება დააბრალა ბრიუსელიდან.
უკვე ცნობილია, რომ ევროპარლამენტარების მიერ ივანიშვილისადმი მიწერილი წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი სააკაშვილის მრჩეველი იყო. კერძოდ, დამოუკიდებელი დეპუტატი ესტონეთიდან ინდრეკ ტარანდი 2007 წელს გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი და დღემდე მის ლობისტად რჩება. არც დანარჩენი ხელმომწერი ევროპარლამენატარები განიცდიან ნაციონალებთან სიშორეს.
For.ge დაინტერესდა, რას ნიშნავს 23 ევროპარლამენტარის მოწოდება ბიძინა ივანიშვილისადმი, არ „დამარხოს ევროპული მომავალი“? რატომ გრძელდება ევროპარლამენტართა მსგავსი განცხადებები მაშინ, როცა ისინი 21-ე საუკუნის ტექნოლოგიის პირობებში შეცდომაში შეყვანას არ უნდა უჩიოდნენ?! არის კი ევროსტანდარტების დაცვა ყოფილ ხელისუფალთა მხრიდან საქართველოში ჩადენილ ათიათასობით უკანონობაზე, ციხის კადრებზე, ცოცხებზე, „ჩარეცხილებზე“, „მუმიებზე“ თვალის დახუჭვა და საქართველოს ევროპული მომავლის დამარხვით დამუქრება? რა ღირებულებები შერჩა ბებერ ევროპას საქართველოსნაირი ქვეყნების კატეგორიული შეფასებისას?
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე იმ დროს იხსენებს, როცა ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ საქართველოში რაღაც პრობლემები იყო დემოკრატიის თვალსაზრისით, მაშინ ევროსაბჭოში გამოვიდა ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი და კრიტიკული განცხადებები გააკეთა. იმ პერიოდში ვახტანგ ძაბირაძე პოლონეთში იმყოფებოდა, პირადად ჰქონდა მასთან შეხვედრა და პასუხიც გასცა ლანდსბერგისის შენიშვნებს.
დღესაც ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრთა მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელსაც ხელს აწერდა ლანდსბერგისი, საკმაოდ ტენდენციურია. მეტიც, ეს ადამიანები ძალიან ცუდად იცნობენ არსებულ ვითარებას.
„უნდა გვასწავლონ თუ არა ჭკუა ევროპარლამენტარებმა?! ჭკუის სწავლებაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს უფრო პოლიტიკური განცხადებებია. ამიტომ მთავარია, რამდენად შევძლებთ მათ პოლიტიკურ განცხადებებს ადეკვატურად ისევ პოლიტიკური განცხადებებით ვუპასუხოთ. თორემ ჭკუას ვერავინ გვასწავლის, არც უნდა გვასწავლონ და არც უნდა მივცეთ ამის უფლება, რადგან, თუ სტანდარტებია, სტანდარტები ყველგან ერთი და იგივე უნდა იყოს და ამ სტანდარტებით გველაპარაკონ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ ევროპა საკმაოდ ინფორმირებულია. ამიტომ, რეალურად, აქ გარკვეული ინტერესები მუშაობს და „ნაციონალური მოძრაობა“ არის სახალხო გაერთიანების წევრი. ამიტომ ეს განცხადებები არ არის მარტო ჩვენთვის განკუთვნილი, ეს მათ საშინაო მოხმარებისთვისაც სჭირდებათ, თუნდაც თავიანთ ქვეყნებში, ან ევროპარლამენტში გამოსვლისას. ამიტომაც ვერ იქნებიან ობიექტურნი და ძალიან არაობიექტურნიც არიან.
„ევროპარლამენტარები შეცდომაში ვინ უნდა შეიყვანოს? რაც საქართველოში ხდება, ყველაფერი ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი. თუ მართლაც მოუნდებათ ვითარებაში გაერკვნენ, ამაში გარკვევა არცერთი მათგანისთვის რთული არ არის. უბრალოდ, ამისთვის არც სცალიათ და არც სჭირდებათ. მე ვიტყოდი, უფრო ზერელე დამოკიდებულება აქვთ“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ადასტურებს აზრს, რომ ევროპელობა სულაც არ ნიშნავს, - ყველა ევროპელი დემოკრატია. ამ თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პრინციპიული პოზიცია შეიძლებოდა, უფრო ადრეც დაფიქსირებულიყო. მეტიც, მის გაოცებას ისიც იწვევს, ბოლო ხანს რატომ გადადიოდა ასეთ „ყრუ თავდაცვაში“ ქართული დიპლომატია და ხელისუფლება, როდესაც არაკონკრეტული, დაუსაბუთებელი, ფოლკლორის დონეზე ზოგადი საყვედურები და შენიშვნები ისმოდა.
„ეს მართლაც ყურის აწევაა ევროპის, თუ გნებავთ, ევროსაბჭოს ერთი ყველაზე დიდი ფრაქციის მხრიდან. ბოლოს და ბოლოს, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და დღეს ევროპაც არ არის ისეთ დღეში და მას ისეთი პოზიციები არ აქვს, რომ მთელ აღმოსავლეთ თუ პოსტსაბჭოურ სივრცეს ჭკუა ასწავლოს. თვითონ ევროპასაც იმდენი შეცდომა აქვს ბოლო ხანებში დაშვებული, რომ ჩვენც შეგვიძლია რაღაცებზე მივუთითოთ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და საფრანგეთის პრეზიდენტის მაგალითი მოჰყავს, რომელიც საათნახევარი ელოდებოდა პუტინს და ამის გამო პროტესტი არ გამოუთქვამს. ამდენად, პოლიტოლოგის აზრით, ესეც რაღაცის მანიშნებელია. უფრო მეტიც, პუტინი ჭკუას იქით ასწავლიდა ევროპელებს და ევროპელები ჩუმად იღებდნენ ამას, რაც, ასევე, რაღაცას ნიშნავს.
პოლიტოლოგის თქმით, 30 წელია, იგი დიპლომატიურ ეტიკეტზე მუშაობს და მიიჩნევს, რომ „სახალხო პარტიის“ მიერ გაკეთებული განცხადებები, თუნდაც იმავე შულცის განცხადებები, ხშირად დიპლომატიურ თავხედობასაც კი ამეტებს.
თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ეს განცხადებები, სოსო ცინცაძე რუსეთის მაგალითს იშველიებს. კერძოდ, რუსეთმა ჩვენზე ადრე დაიჭირა სწორი პოზიცია ევროსაბჭოსთან მიმართებით და ოფიციალურად განაცხადა, პენსიონერი ლორდების საკრებულომ, უფრო სწორად, სალაყბომ (როგორც მოსკოვი მათ უწოდებს), თავის თავს მიხედოსო.
ამდენად, პოლიტოლოგის აზრით, ევროპარლამენტარებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ჭეშმარიტი ევროპული დემოკრატიული სტანდარტები უნდა დავიცვათ.
„უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში ევროსაბჭოში 12-13 პარტია ლიდერობდა, შემდეგ ის პარტიები კარგავდნენ უმრავლესობას და სხვა პარტიები, სხვა კოალიციები მოდიოდნენ. ამიტომ ეს დროებითია. მით უფრო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სახალხო პარტია“, პრაქტიკულად, პარტიულ დონეზე კოალიციის წევრები არიან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „სახალხო პარტიას“ უფლება აქვს, ზოგადი ბრალდებების დონეზე გველაპარაკოს. ამაზე ადვილი არაფერია“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
ამასთან, აინტერესებს, თუ სააკაშვილი ნამდვილი ევროპელი იყო, მაშინ მის დროს რატომ არ მოხდა სავიზო რეჟიმის შესუსტება ევროპასთან? რატომ არ შედგა თავისუფალი სავაჭრო კავშირი? ასოცირებული წევრობა? ეს მაშინ, როცა ევროპა მზად არის, რუსეთს უვიზო რეჟიმი დაუწესოს და არც იმას ფიქრობს, რომ რუსეთის 150 მილიონიანი ქვეყნიდან ორი მილიონი მარტო კანონიერი ქურდი „შევარდება“ ევროპაში. ჩვენ კი სულ რაღაც სამი მილიონი ვართ. ამიტომ, საინტერესოა, რა საფრთხე იგრძნობა აქედან, რომ ნატოში შესვლისთვისაც, თურმე, რაღაც გვაკლია და ევროპარლამენტარების ნაწილიც გვემდურის. ეს ყველაფერი კი ზღვარგადასულია.
ამიტომ სოსო ცინცაძე იმედოვნებს, ახალი ხელისუფლება ბრჭყალებს გამოაჩენს და სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
„ველოდი, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან საპასუხო განცხადებები ადრევე იქნებოდა, როდესაც შულცმა თბილისში ყოვლად დაუშვებელი, არადიპლომატიური ბრალდებები გაახმიანა. ეს არ იყო კეთილი სურვილები, არამედ ეს იყო ბრალდებები, რომ ევროპის კარები მიჯახუნდება თქვენს ცხვირწინ. ეტყობა, ჩვენ მართლა დავარწმუნეთ ევროპელები, რომ მათ იქით გზა არ გვაქვს. ახლა კი, ევროპამ დაინახა, რომ საქართველოსთვის თურმე შეიძლება რუსეთთანაც ურთიერთობის ნორმალიზაცია, ეს უკვე აღარ მოსწონთ და ცდილობენ, ყველა მკვდარი კატა საქართველოს ჩამოჰკიდონ კისერზე“, - განმარტავს სოსო ცინცაძე.
კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი პრაგმატულობის მომხრეა. მისი აზრით, იმის მიხედვით უნდა ავაგოთ ურთიერთობები, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მით უფრო, რომ ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომლის შესახებაც შეიძლება ითქვას, რომ არ გვაქვს ღირებულებები და თურმე სხვებმა უნდა გვასწავლონ ელემენტარული რაღაცები. სინამდვილეში, გარკვეული კულტურა, ისტორია, ტრადიციები გვაქვს და პრაქტიკულად იმ არეალის ნაწილი ვართ, რომელსაც ევროპული სივრცე ჰქვია.
გოგი ხუციშვილის აზრით, ევროპარლამენტარების ნაწილის განცხადებები შეცდომით ან ინფორმაციის ნაკლებობით არ აიხსნება, არამედ ეს მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელსაც ატარებს ოპოზიცია, რათა დისკრედიტაცია გაუწიოს ახალ ხელისუფლებას. ამით კი ისინი ნეგატიურ ფონს უქმნიან არა მხოლოდ ახალ ხელისუფლებას, არამედ ქვეყანასაც.
ამ შემთხვევაში კი, მათ მხარს უჭერენ ის პოლიტიკოსები და მოღვაწეები ევროპაში, რომლებიც წლების განმავლობაში დაკავშირებულნი იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. გოგი ხუციშვილის თქმით, „ევროპის სახალხო პარტია“ სტრუქტურულად ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ისინი თვლიან, რომ აუცილებლად მხარი უნდა დაუჭირონ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები უნდა დაიცვან. ამიტომ კი არ უნდა გაიმეორონ ის ინფორმაცია, რაც მათ მიეწოდებათ, არამედ უნდა გადაამოწმონ და ამის შემდეგ უნდა გააკეთონ დასკვნები.
„ნაციონალების პიარის სისტემას რაღაც სხვა სისტემა უნდა დაუპირისპირდეს, რომელიც, სიტუაციიდან გამომდინარე, წინმსწრები ნაბიჯების გადადგმას უნდა ითვალისწინებდეს. ეს ყველაფერი გარკვეულ მეთოდოლოგიას უნდა ემყარებოდეს. თუმცა ვერ ვხედავ, რომ ამისთვის ახალი ხელისუფლება, საპარლამენტო უმრავლესობა მზად იყოს. უფრო იმის იმედი აქვთ, რომ თავიანთი წერილებით, პასუხებით, განმარტებებით რაღაცას შეცვლიან. არა მგონია, ასეთი გზით რამე შეიცვალოს, რადგან ნაციონალების მეთოდი არის ფსიქოლოგიაზე, მედიაეფექტებზე, ტექნოლოგიებზე გათვლილი“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.
მისივე განმარტებით, აჯობებდა, ამერიკაში ჩასულიყო ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ უსუფაშვილის და წულუკიანის ამერიკაში ჩასვლაც მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს, უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეა და უამრავი შეხვედრისას უამრავ კითხვაზე პასუხის პროცესში უფრო მეტი საქმე კეთდება, ვიდრე ერთი განცხადების გაგზავნით.
ამასთან, ექსპერტს აინტერესებს, როცა მთელი ინტელიგენცია „ჩარეცხა“ სააკაშვილმა, რაზეც ევროპარლამენტარებს რეაქცია არ ჰქონიათ, ახლა ისეთი რა კატასტროფა დაინახეს, რომ ვერ აღიქვამენ ობიექტურ სიტუაციას?!