როგორ შეიძლება სახლის გარემონტება, როდესაც ადამიანები მის ფუნდამენტს არყევენ? ამ კითხვის წინაშე აღმოჩნდა პუტინის რუსეთი და სამი სამხრეთკავკასიური რესპუბლიკა – სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. თითოეულ ამ ქვეყანაში მმართველი რეჟიმები, რომლებსაც თითქოს მყარი პოზიციები აქვთ, არაერთხელ მდგარან და დღესაც დგანან სხვადასხვა ფორმით განახლებული სახალხო პროტესტის წინაშე.
თითოეულმა ამ ქვეყანამ 1990-იან წლებში მასობრივი პოლიტიკური არეულობებისა და რყევების პერიოდი გადაიტანა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ადამიანებმა თითქოს დაკარგეს რწმენა კოლექტიური საზოგადოებრივი ძალისხმევების მიმართ და მზად იყვნენ შეგუებოდნენ ნებისმიერ მმართველს, რომელიც მათთვის სტაბილურობის მინიმალურ გარანტიებს მაინც შექმნიდა. დღეს ასე აღარ არის. მიძინების შემდეგ ამ რეგიონში პოლიტიკა დაბრუნდა.
საქართველოში, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი უფლებამოსილების დიდი ნაწილი დათმო, როდესაც შარშან ოქტომბერში არჩევნები მოულოდნელად მისი პარტიისთვის მარცხით დასრულდა. თუმცა, ის განაგრძობს პოლიტიკურ ბრძოლას სისტემის შიგნით. ახლა, ყურადღების ცენტრში პატარა სომხეთი აღმოჩნდა. 18 თებერვალს იქ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ახალი ხუთწლიანი ვადით მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგისიანი აირჩიეს. მისი იოლი გამარჯვება, თითქოს წინასწარ იყო განსაზღვრული, რადგან მისი ორი სავარაუდო მოწინააღმდეგე რბოლას ჩამოშორდა. მაგრამ კამპანიის ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოულოდნელად დაწინაურდა ოპოზიციური კანდიდატი, სომხეთის საგარეო საქმეთა პირველი მინისტრი რაფი ოვანისიანი.
კენჭისყრის დღეს სარგისიანი გამარჯვებულად გამოცხადდა. მან ხმების 55% მოაგროვა. ოვანისიანმა კი 37% და განაცხადა, რომ გაიმარჯვა ქვეყნის მეორე და მესამე ქალაქებში – გიუმრისა და ვანაძორში.
სინამდვილეში, ქვეყანაში უამრავმა უკმაყოფილო ადამიანმა გაიღვიძა, მაგრამ გაიღვიძა ძალიან გვიან იმისთვის, რომ არჩევნების შედეგზე გავლენა მოეხდინა. კამპანია რომ კიდევ ორ კვირას გაგრძელებულიყო, ოვანისიანი შეიძლება თავისუფლად გასულიყო არჩევნების მეორე ტურში.
თუმცა, მსოფლიოს ლიდერებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ობამამ, სარგისიანს გამარჯვება უკვე მიულოცეს. სახელმწიფო დეპარტამენტმა არჩევნებს უწოდა „მთლიანობაში კარგად ორგანიზებული, რომელიც ხასიათდებოდა ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვით“.
სომხეთის პრობლემა გამოიხატება არა იმდენად კენჭისყრის დღით, არამედ კამპანიის წარმართვის პირობებით. იქ ინფორმაციის მასობრივი საშუალებები სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ არის, ხოლო ადგილობრივი ჩინოვნიკები ემსახურებიან მცირერიცხოვან მმართველ ელიტას, და არა სახელმწიფოს როგორც ასეთს. ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა ჰაიდი ტალიავინიმ ეს თემა მაშინ წამოწია, როდესაც განაცხადა, რომ „წაშლილია სხვაობა სახელმწიფოს და მმართველ პარტიას შორის“.
რაფი ოვანისიანი – წესიერი ადამიანია, ის არ არის გარყვნილი პოსტსაბჭოთა კორუფციული პოლიტიკის პრაქტიკით. მაგრამ იგი – უცხოა, კალიფორნიაში დაბადებული, და ცოტას თუ შეუძლია მისი წარმოდგენა სომხეთის პრეზიდენტად. ცხადია, რომ მან ადამიანების მობილიზება შეძლო პროტესტისთვის, რომელიც მასზე ძლიერი აღმოჩნდა.
თავად ოვანისიანმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და მოულოდნელი ეფექტურობით მასობრივი მიტინგების და დემონტრაციების ორგანიზება შეძლო მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეძლებს ის უახლოვეს მომავალში პრეზიდენტზე უპირატესობის მოპოვებას, პრეზიდენტზე, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა და რომელიც სომხეთში ძალაუფლების ყველა ბერკეტს ფლობს.
მაგრამ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში პრეზიდენტის პრობლემა სახეზეა. საზოგადოებრივი აზრის კვლევები ცხადყოფს, რომ სომხეთი ძალიან უკმაყოფილოა კორუფციით, სიღარიბითა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით. ეს ვლინდება ეკონომიკის მძიმე მდგომარეობასა და ემიგრაციის პროცესში ტვინების გადინებაში. სარგისიანი – კონსენსუსის კაცია, რომელიც, ყველაზე ცოტა, მზადაა საკუთარ ოპონენტებს მოუსმინოს. თუკი მას მეორე ვადის დროს ტრავმების თავიდან აცილება უნდა, ახლავე უნდა იფიქროს იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ხალხის უკმაყოფილებაზე პასუხის გასაცემად და უახლოეს მომავალში მის დასამშვიდებლად. მაგრამ მან იცის, რომ სისტემის გადაწყობის მოუქნელმა მცდელობებმა ხელისუფლებას შეიძლება ძირი გამოუთხაროს.
სარგისიანს, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომლის მოქალაქეებიც მთელს მსოფლიოში არიან გაფანტულები, გამოწვევას უგზავნის სომხური დიასპორაც. აშშ-ში დიასპორის ორი მთავარი ორიგანიზაციის ვებგვერდი, კერძოდ Armenian Assembly და ANCA, გამოკვეთილად დუმს სომხეთის არჩევნებზე, რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. აშშ-ში პოპულარულმა სომეხმა მომღერალმა სერჟ ტანკიანმა სარგისიანს ღია წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია: „უამრავი ადამიანი, რომელიც იტანჯება თქვენი ხელისუფლებით კორუფციის და უსამართლობის გამო, ყველაფერს წონის“.
შარშანდელი წლის მიხედვით კავკასიური პოლიტიკის გაკევეთილი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებრივი აზრი მონოლითი არ არის, არამედ ტალღაა და უკმაყოფილება შეიძლება თითქოს არსაიდან, უმალ გაძლიერდეს. მოქმედი ხელმძღვანელი ავტორიტეტით და ლოიალობით სარგებლობს, მაგრამ როგორც კი მისი ძალაუფლება რყევას იწყებს, ამ ტალღამ ის შეიძლება წალეკოს. სწორედ ასე მოხდა საქართველოში შარშან შემოდგომაზე, მაგრამ ეს არ მოხდა რუსეთსა და სომხეთში (სადაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, კვლევების თანახმად ოვანესიანს სულ რაღაც 10%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა).
აზერბაიჯანი – სამი სამხრეთკავკასიური სახელმწიფოდან ყველაზე მდიდარია. მისი საერთაშორისო პოზიციები მყარია და დღეისათვის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრია. ის ასევე ყველაზე ნაკლებად დემოკრატიული სახელმწიფოა ამ სამ კავკასიურ რესპუბლიკას შორის: ბოლო ათი წლის განმავლობაში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირობებში, სისტემური ოპოზიცია ფაქტობრივად გაქრა.
მაგრამ აზერბაიჯანიც დაუცველია და სიტუაცია იქ მყიფეა. ნაწილობრივ ეს გამოწვეულია მისი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობით. სამხრეთიდან ირანი ესაზღვრება, რომელიც ბაქოს მიმართ სულ უფრო ნაკლებ კეთილგანწყობას ავლენს. რუსეთთან ურთიერთობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღმაფრენებითა და დაღმასვლით ხასიათდება, და დღეს ის ნაწილობრივ დაღმასვლის ახალ ფაზაში შევიდა, გაბალაში რადიოლოკაციური სადგურის ირგვლივ დავის გამო. ამ სადგურით რუსები სარგებლობენ. პრინციპში, ალიევმა გაყარა ისინი იქიდან მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უარი თქვა უფრო მაღალი საიჯარო თანხის გადახდაზე. დასავლეთით – სომხეთია, რომელთანაც აზერბაიჯანს დაურეგულირებელი კონფლიქტი აქვს. იურიდიულად მისი კუთვნილი ტერიტორიის ერთ მეშვიდედს უკვე თითქმის 20 წელია რაც მტერი – სომხეთი აკონტროლებს.
აზერბაიჯანის ახლადშეძენილი სიმდიდრის წყარო ფაქტობრივად მხოლოდ ნავთობი და აირია. ეს იმ ტიპის პრობლემაა, რაც აქვს პუტინს რუსეთში, რადგან მოსახლეობის ნაწილს უკვე არ სურს ისეთ გარიგებაზე დათანხმება, რომლის პრინციპიცაა: „ჩვენ გაძლევთ მატერიალურ კეთილდღეობას, თქვენ კი უფლებას გვაძლევთ ქვეყანა ჩვენებურად ვმართოთ“.
ბოლო თვეებში, აზერბაიჯანს პროტესტის ტალღამ გადაუარა, მასში მონაწილეობდნენ მოვაჭრეეები, წვევამდელი ჯარისკაცების ოჯახები და საკუთარი მერით უკმაყოფილო ქალაქ ისმაილის მცხოვრებლები. დევნილობაში მყოფმა უნივერსიტეტის რექტორმა სენსაციური ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც კორუფციას და პარლამენტში ადგილების გაყიდვას მოწმობს. აზერბაიჯანში ოპოზიციის ორი ლიდერი – ტოფიკ იაგუბლუ და ილგარ მამედოვი დააპატიმრეს. ხოლო პატივსაცემი მწერალი აკრამა აილისლი, რომელმაც გაბედა და რუსეთში გამოაქვეყნა რომანი, რომელშიც სომხების ტანჯვაა აღწერილი, საჯარო შეურაცხყოფების და მუქარის ობიექტი გახდა. მას სახელმწიფო ჯილდოები და პრივილეგიები ჩამოართვეს.
აზერბაიჯანული ოპოზიციის საიტებზე ამ მოვლენების დრამატიზება და ყოველმხრივ გაზვიადება ხდება, და სიტუაციას ისე წარმოაჩენენ, თითქოს მმართველი ელიტა უკვე აგონიაშია. მაგრამ ეს როგორც ჩანს ნაადრევია. პროტესტს დაქსაქსული ხასიათი აქვს, ხოლო ოპოზიციური პარტიები ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების პერიფერიაზე რჩებიან. პრეზიდენტმა ალიევმა, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, ზოგიერთი მისი ჩინოვნიკი თანამდებობიდან მოხსნა.
მაგრამ ეს პრობლემები და არეულობები იმაზე მეტყველებს, რომ ალიევს არ უნდა ჰქონდეს მშვიდი მესამე ვადის იმედი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. მას სარგისიანის პრობლემები ემუქრება, მაგრამ გაცილებით სერიოზული ფორმით. შეძლებს კი ის ხელისუფლების მოქმედი სტრუქტურის შეცვლას და მისი ყველაზე ნეგატიური და კანონსაწინააღმდეგო ელემენტების შეკავებას თავად სტრუქტურის შესუსტების გარეშე?
ბევრი სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი საქართველოს სახით დემოკრატიის ცუდ რეკლამას ხედავს. გასული წლის ოქტომბერში ქართველებმა ისტორიული არჩევნები ჩაატარეს, რომელშიც მმართველი პარტია პირველად დამარცხდა და მართვის ბერკეტები მშვიდობიანად გადასცა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებას“. მას შემდეგ ქვეყანა ხელისუფლების მტკივნეულ სიმბიოზში ცხოვრობს. ერთი მხრივ – ივანიშვილის მთავრობა, მეორე მხრივ კი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს ოქტომბერში დატოვებს. დღე არ გადის ამა თუ იმ პოლიტიკური მელოდრამის გარეშე: კინკლაობა და საყვედურები კონსტიტუციაზე, დემარშები უცხოელი სტუმრების მიმართ, ყოფილი ხელმძღვანელების დაკავებები და ქუჩის ჩხუბიც კი პრეზიდენტის გამოსვლის წინ.
მაგრამ განწყობა ქვეყნის შიგნით არც ისეთი ტურბულენტურია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ხელისუფლების ქვედა რგოლებზე ბევრი რამ ძველებურად შენარჩუნდა. იუსტიციის ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, მიამბო, რომ თავისი წინამორბედის შემდეგ თანამშრომელთა 98% შეინარჩუნა. გარდა ამისა, ელიტა სააკაშვილის პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქედმაღალი გახდა, ის არავის წინაშე არ მიიჩნევდა თავს ანგარიშვალდებულად და სულ უფრო ხშირად იყენებდა ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებებს. ამიტომ ქართველები მზად იყვნენ ცვლილებებისთის. ახალ მთავრობას ჯერ უამრავი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ სუსტად მუშაობს. მაგრამ ხელისუფლების ცვლილება აძლევს მას იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი გადაუჭრელი პრობლემა დაარეგულიროს, მაგალითად, სადამსჯელო სასამართლო სისტემა, ფარული მონოპოლიები, ასევე სოფლის მეურნეობის სავალალო მდგომარეობა.
საქართველოში სახეზეა იგივე ხარვეზები, რაც მის პოსტსაბჭოთა მეზობლებში: ეს არის შეკავებისა და ბალანსის სისტემის ქრონიკული არ არსებობა. ეს პრობლემაა ივანიშვილისთვისაც. მაგრამ თუკი მისი მთავრობა შეძლებს და თავს აარიდებს შეცდომებს, საქართველო ახალ გაზაზე წარმატებას მიაღწევს.
ზოგიერთ საკითხში ივანიშვილს ურჩევნია საერთოდ არ იმოქმედოს. მაგალითად, კარგი იქნება, თუკი ის არ ჩაერევა ქართული ტელეკომპანიების მუშაობაში, რომლებიც არჩევნების შემდეგ მაყურებელს გაცილებით მრავალფეროვან მასალებს სთავაზობენ. თუკი ივანიშვილი საკუთარ გეგმებს განახორციელებს და კაპიტალურად გარდაქმნის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ცენტრალურ ხელისუფლებას თბილისში, სადაც პატრიარქალური შეხედულებებია გაბატონებული.
ყველაზე დიდი გამოცდა მყიფე ქართულ დემოკრატიას ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ელის. ახალი პრეზიდენტი რჩება ქვეყნის მეთაურად, მაგრამ მისი უფლებამოსილებები სერიოზულად შეიზღუდება. მიუხედავად ამისა, იგი (შესაძლოა ეს ქალიც იყოს, რაც ნაკლებად სავარაუდოა) პრემიერმინისტრის საპირწონე გახდება. ის, თუ ვის არიჩევს კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი – ძლიერ და დამოუკიდებელ ადამიანს თუ ნაკლებად ცნობილ ფიგურას – ქართული დემოკრატიის სიჯანსაღის მორიგი მაჩვენელი გახდება. ივანიშვილმა უკვე თქვა უარი პირველ ფავორიტზე, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიაზე, რომელიც დასავლეთში განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობს და ის მეორე სახელმწიფო თანამდებობიდან, ვიცეპრემიერობიდან გაათავისუფლა, როდესაც მან ზედმეტი დამოუკიდებლობა გამოავლინა. ივანიშვილის ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე რეაქციული ზომების მომხრეა და ისეთი წინადადებით გამოდის, როგორიცაა მაგალითად პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის და არა საყოველთაო არჩევნების გზით.
ქართული პოლიტიკა ცალსახად ქაოტური და დრამატულია, მაგრამ ასეთი ალტერნატივა ყველა შემთხვევაში უარესია. სჯობს ბრძოლა და კამათი პარლამენტსა და სატელევიზიო ეთერებში გაჩაღდეს, ვიდრე ქალაქის ქუჩებში. როგორც ჩანს, ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად მოერგოს ცვლილებებს, რომლის შესახებაც ამბობდა ესეისტი და მათემატიკოსი ნასიმ თალები. ხოლო იმის გამო, რომ მეზობელი ქვეყნის ლიდერები როგორც ჩანს უფრო მყარ ნიადაგს ეძებენ საყრდენად, ისინი უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ საქართველოს პრობლემების დიდი ნაწილი მათ წინ აქვთ.
foreignpress.ge