დღეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ექსპერტებს შეხვდა. როგორც წინასწარ იყო დაანონსებული, შეხვედრის ძირითადი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ყოფილიყო. შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო კონკრეტულ მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც კონსტიტუცია უნდა გაუმჯობესდეს. ივანიშვილის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით ექსპერტებთან ჯანსაღი პოლემიკა ჰქონდა.
„მცირე აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა კონსტიტუციის ცვლილების ვადებთან დაკავშირებით, მაგალითად ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ კონსტიტუციის სრულყოფილად ცვლილებას 5-6 წელი დასჭირდება, თუმცა, ჩემი სურვილია ეს უფრო ადრე მოხდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
უფრო კონკრეტულად რა თემებზე იყო საუბარი და რა მოსაზრებები გამოითქვა შეხვედრაზე, ამასთან დაკავშირებით for.ge შეხვედრაში მონაწილე ექსპერტებს ესაუბრა. კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, რომ საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო და განიხილებოდა ორი ძირითადი საკითხი. პირველი იყო ის ცვლილება, რომელიც მარტის ბოლოს პარლამენტმა უნდა განიხილოს და პრეზიდენტის მიერ პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნის შემდეგ საკუთარი სურვილით მთავრობის ჩამოყალიბების შეზღუდვას ეხება. მეორე კი იყო ის, თუ როგორი იქნება მომავალი კონსტიტუციური აღმშენებლობა. დემეტრაშვილის თქმით, პირველ საკითხზე არავითარი დისკუსია არ გამართულა, რადგან შეხვედრის მონაწილეები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს ცვლილებები მისაღებია და, რომ ეს ცვლილებები კოჰაბიტაციის პროცესსაც შეუწყობს ხელს. რაც შეეხება მეორე საკითხს, ანუ მომავალში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, ავთო დემეტრაშვილის თქმით, ამ თემაზე განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, უნდა დაიწყოს თუ არა საპარლამენტო რესპუბლიკის ნორმების კონსტიტუციაში ახლავე შეტანა, ასევე უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი პირდაპირი წესით არჩეული. ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები ავთო დემეტრაშვილმა, ოთარ მელქაძემ, ვახტანგ ძაბირაძემ და რამდენიმე პოლიტოლოგმა დააფიქსირა.
„კონსტიტუციის გადასინჯვის პერსპექტივას რაც შეეხება, ბატონი ბიძინას აზრით, აქ აჩქარება არ არის საჭირო, ანუ მარტის შემდეგ, შემოდგომამდე კონსტიტუციაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება“, - ამბობს ავთო დემეტრაშვილი.
მას ასევე სთხოვეს, რომ შეკრებილთათვის აეხსნა, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით (რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში), რას წარმოადგენს პრეზიდენტის ინსტიტუტი. კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ მმართველი გუნდი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედებულ ნორმებს არ გადასინჯავს, ანუ იმას, რაც 2009-2010 წლებში კონსტიტუციური რეფორმის დროს დაიწერა.
„პრეზიდენტის არჩევამდე არაფერი შეიცვლება, ხოლო პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, როგორც ბატონმა ბიძინამ ბრძანა, თუ საზოგადოება მოითხოვს და მზად იქნება ამისთვის, მაშინ შეიძლება კონსტიტუციის გადასინჯვა დაიწყოს, ანუ უკვე მასშტაბური გადასინჯვა. პირადად პრემიერი მომხრეა, რომ შემდგომში საპარლამენტო რესპუბლიკაზე დაიწყოს მუშაობა, მაგრამ ამბობს, რომ საზოგადოების აზრი უნდა იყოს გაგებული და საზოგადოება უნდა იყოს მზად, საპარლამენტო რესპუბლიკის რეჟიმში იცხოვროს“, - აღნიშნავს კონსტიტუციონალისტი.
უზენაესი სასამართლოს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მინდია უგრეხელიძე აღნიშნავს, რომ მართალია პრემიერ-მინისტრს საკუთარი პოზიცია აქვს, მაგრამ მას არავის თავს არ ახვევს. უგრეხელიძის თქმით, ივანიშვილმა კონსტიტუციონალისტებს მოუსმინა და აღნიშნა, რომ მართალია თვითონ უფრო საპარლამენტო რესპუბლიკისკენ იხრება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე უკეთესი იქნება, თუკი პრეზიდენტი უფლებებისგან განძარცვული არ იქნება და მეტი ლეგიტიმაცია ექნება, ანუ პირდაპირი წესით იქნება არჩეული.
„ყველაზე საინტერესო არის ის, რომ როგორც მე მივხვდი, ბიძინა ივანიშვილის თვალსაზრისით, იმდენად იმას არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მოდელს აირჩევ, არამედ იმ მოდელს რა მდგომარეობაში ამყოფებ, რა სამართლებრივი კულტურა დახვდება და როგორ მოხდება მისი გამოყენება. ეს მოდელები უნდა მოხვდეს ჯანსაღი ხელისუფლების ხელში და იმ ადამიანების ხელში, რომლებიც მოწადინებულები არიან, რომ ქვეყანამ კონსტიტუციონალიზმის პრინციპებით იცხოვროს. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდგომ კონსტიტუციას უფრო გლობალური, კონცეპტუალური, სრული მიდგომა უნდა“, - ამბობს მინდია უგრეხელიძე.
მისი თქმით, შეხვედრაზე ითქვა, რომ მომავალში კონსტიტუცია ისეთი სახით უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ის ვიღაცის ტლანქ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული. გარდა ამისა, მინდია უგრეხელიძის განმარტებით, პრემიერი დაინტერესდა მისი აზრით მოსამართლეების თანამდებობაზე "სამიდღემჩიოდ" დანიშვნასთან დაკავშირებით. იურისტი განმარტავს, რომ მისი და მისი კოლეგების პოზიცია საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის განვრცობით კონცეფციაშია ჩამოყალიბებული, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ მუდმივი ვადით მოსამართლეთა არჩევა ნამდვილად არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უძლიერესი გარანტი, მაგრამ ამ კუთხით კონსტიტუციაში 2010 წელს შეტანილი ცვლილებები არ მიაჩნიათ სწორად.
„ჩვენ ეს საკითხი ასე წარმოგვიდგენია, რომ ეს მეთოდი უნდა იყოს, მაგრამ ყველას არ უნდა შეეხებოდეს, რადგან მაშინ კარი დაეხშობა ახალგაზრდა კადრებს, რომლებიც სწავლობენ და ამ თვალსაზრისით მათი გარკვეული ვერიფიკაციაც არის გავლილი, მაგრამ მივლენ და დახშული კარი დახვდებათ, რადგან თუ სასამართლოში მარადი მოსამართლე დახვდა, ახალგაზრდა იურისტი უნდა ელოდოს, როდის მოკვდება ეს მოსამართლე, რომ მისი ადგილი დაიკავოს. ეს კი მეტისმეტია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს მომენტი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მართლმსაჯულების რაინდების მიმართ, რომლებმაც რამდენიმე ინსტანცია უმწიკვლოდ, საქმის ცოდნით, უსაყვედუროდ განვლეს, ხალხისგან ნდობა დაიმსახურეს და თავისი ცხოვრების და საქმიანობის უკანასკნელი ფაზა იმ გარანტიით განვლონ, რომ ისინი აღარ შეიცვლებიან“, - აცხადებს მინდია უგრეხელიძე.