20 ათასამდე განცხადების შესწავლას სისტემა ვერ გაწვდება

20 ათასამდე განცხადების შესწავლას სისტემა ვერ გაწვდება

„იმ 15 და 20 ათასი განცხადების შესწავლას, რომელიც სხვადასხვა უწყებებშია დაგროვილი, სისტემა ვერ მოახერხებს და მას სასამართლომდე ვერ მიიყვანს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და განმარტა, რომ საგამოძიებო ორგანოებში დაგროვილი განცხადებების სიმრავლის გამო გარკვეული სახის ამნისტია იგეგმება. თუმცა რა ფორმის იქნება ეს ამნისტია, ძალიან კარგად უნდა დასაბუთდეს. ამ მიზნით ახალი ხელისუფლება შეხვედრებს მართავს მაღალი დონის ექსპერტებთან, რათა კონკრეტულ მოდელებთან დაკავშირებით მათი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

იმ ფაქტმა, რომ 15 და 20 ათასი განცხადების შესწავლას ახალი ხელისუფლება ვერ მოახერხებს, საზოგადოების ნაწილის შეშფოთება გამოიწვია, რადგან სწორედ 15 და 20 ათასი განცხადების უკან არაერთი ადამიანის ტრაგედიაა. საინტერესოა, თუკი სისტემა მათ განხილვას ვერ შეძლებს, ამით ხომ არ წახალისდებიან დამნაშავე მოხელეები, თუნდაც დაბალი რანგის ჩინოვნიკები და ამნისტიის იმედად არც აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს?! ამასთან, ისიც ეჭვს იწვევს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიაში სულ რაღაც 15 წევრია. ამდენად, კითხვა კითხვად რჩება, როგორ მოახერხებენ ეს ადამიანები უამრავი საქმის შესწავლას?!

სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ევროკავშირის მრჩეველი თომას ჰამარბერგი საქართველოს მთავრობას მოქალაქეთა საჩივრებზე რეაგირებისკენ გზების გამონახვას და ამ მიზნით ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას ურჩევს, რადგან არჩევნების შემდეგ აქტუალური გახდა ის საჩივრები, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს ცუდად ექცეოდნენ.

მისი თქმით, ხალხს უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლება, თუმცა იმ ადამიანებსაც, ვის წინააღმდეგაც ისინი ჩივიან, უნდა ჰქონდეთ თავის დაცვის შესაძლებლობა. თავის მხრივ, დავით უსუფაშვილი იმასაც განმარტავს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამნისტიის პარალელურად დაზარალებული პირების უფლებები სრულად იყოს დაცული.

For.ge დაინტერესდა, რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ თურმე 15 და 20 ათასი განცხადების შესწავლას სისტემა ვერ მოახერხებს?! ხომ არ დააბრკოლებს ეს „ქართული ოცნების“ მიერ დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესს?

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ იმის უტრირება, თითქოს, ახალმა ხელისუფლებამ 15 ათასი საჩივრის განხილვაზე უარი თქვა, არასწორია. მეტიც, რა უფლება აქვს უწყებას, საჩივარზე პასუხი არ გასცეს ადამიანს?! თუმცა გამორიცხული არაა, ეს განცხადებები მას შემდეგ გადამისამართდეს, რაც ყველა განცხადება შესწავლილ იქნება.

„განცხადებები, რომლებიც შეტანილია ცალკეული პირების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მათ მიმართ ხარვეზიანი მართლმსაჯულების გამო უსამართლო სამართალწარმოება განხორციელდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება. მართლმსაჯულების ხარვეზის დასადგენად მათთვის სპეციალურად შეიქმნება დამოუკიდებელი სახელმწიფო კომისია. ეს კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს მიერაა ინიცირებული და ამჟამად ამის განხილვა მიმდინარეობს“, - აცხადებს ნინო გვენეტაძე და ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ დაპირება შესრულდება და ყველა უკანონო, უსამართლო თუ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გადაისინჯება. ეს მექანიზმი პროექტის სახით უკვე არსებობს და კანონის სახეს როცა მიიღებს, დაიწყება ხარვეზების გადასინჯვა.

მისი თქმით, ჩასატარებელია სერიოზული სამუშაო, რათა როგორმე მოხერხდეს, რომ არც საზოგადოებას გაუცრუვდეს იმედი და არც ყველა კატეგორიის დამნაშავე ციხეში არ აღმოჩნდეს.

ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ შეძლებს უამრავი საქმის შესწავლას მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის სულ რაღაც 15 წევრი. ამის შესახენ ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ ამ ადამიანებს საჩივრების მისაღებად ორთვიანი ვადა უნდა მიეცეთ და ამის შემდეგ უნდა შეისწავლონ ეს საჩივრები. თუმცა ეს კომისია საბოლოო არ არის და მათ მიერ მომზადებული დასკვნები შემდგომ სასამართლოში უნდა გაიგზავნოს. თავის მხრივ, სასამართლომ უნდა გადასინჯოს ყველა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი.

რა მოხდება მაშინ, თუკი სასამართლო და მისი ძველი მოსამართლეები ჩვეულ რიტმაში გააგრძელებენ მუშაობას და არ გადასინჯავენ უსამართლოდ გამოტანილ განაჩენებს? ამის შესახებ ნინო გვენეტაძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტში საუბარია, რომ უზენაესი სასამართლოს დონეზე შეიქმნება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი საკასაციო პალატა, სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების წარმოების სახით და იგი დაკომპლექტდება ახალი მოსამართლეებისაგან. ისინი სპეციალურად დაინიშნებიან პარლამენტის მიერ და სწორედ ეს მოსამართლეები გადასინჯავენ ამ საქმეებს. 15 ახალ მოსამართლეს შორის კი სისხლის სამართალში 6 ადამიანი იმუშავებს, სამ-სამი მოსამართლე კი დანარჩენ საქმეებს განიხილავს. ანუ ერთი კოლეგია ეყოლება ადმინისტრაციულს და სამოქალაქოს, სისხლის სამართლის საქმეებს კი ეყოლება ორი, ან სამი კოლეგია. არც ისაა გამოსარიცხი, რომ ამ 15 კაცის რიცხვი გაიზარდოს. ისიც ცნობილია, რომ აღნიშნული კომისია დამოუკიდებელი იქნება და მას სახელმწიფო დააფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტში ცვლილებები შევა.

საინტერესოა, ექნება თუ არა რაიმე ძალისმიერი ბერკეტი მართლმაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიას, თუკი დამნაშავე მოსამართლეებმა, რომლებმაც, ვთქვათ, სხვისი ქონება სულ სხვა პირს გადაულოცეს, არ გამოასწორეს დანაშაული?! რამ უნდა დაავალდებულოს ისინი, გამოასწორონ ჩადენილი ქმედება?!

ამის შესახებ ნინო გვენეტაძემ განგვიმარტა, რომ მართლმსაჯულების კომისიას აქვს ის ბერკეტი, რომ იგი დასკვნას უგზავნის სასამართლოს და სასამართლო ვალდებული იქნება, განიხილოს სადაო საკითხი. ზუსტად იმიტომ, რომ მათ მიერვე გაფუჭებული საქმეები არ განიხილონ მოსამართლეებმა, უზენაეს სასამართლოში (სადაც აღნიშნული დასკვნები განიხილება) სპეციალური პალატა შეიქმნება, რაც მოსამართლეებით დაკომპლექტდება. საუბარია არა მარტო სასამართლოს ძალით წართმეულ ქონებაზე, არამედ ნოტარიუსების, ჩუქების და სხვა ქმედებებით შელახულ ადამიანის უფლებებზე. ამდენად, სერიოზულად მსჯელობენ იმ საკითხზე, რომ გაფართოვდეს წრე და აღნიშნული საქმეებიც მოიცვას ამ კომისიამ.

„თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ ის არგუმენტი, თითქოს საქმეთა სიმრავლის გამო სისტემა ვერ შეისწავლის 15 და 20 ათას საქმეს, აბსოლუტურად ბლეფია, რადგან არანაირი პრობლემა არ არის ამ განცხადებების შესწავლა. მით უფრო, რომ სულ ახლახანს ვისმენდით ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებიდან, რომ საუბარი იყო სულ რაღაც 7 ათას განცხადებაზე. ამ დროს კი უცებ ეს განცხადებები თურმე 20 ათასი გახდა. კახა კუკავა იმასაც ეჭვობს, რომ ამ განცხადებების რიცხვი რეალურად 7 ათასიც არ უნდა იყოს.

მისი თქმით, შესაძლებელია კადრების გაზრდა და უამრავი სხვა ღონისძიების განხორციელება, რაც ასეთი ტიპის დანაშაულების შესწავლას გაამარტივებს. მით უფრო, რომ დიდწილად, ეს დანაშაულები ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. ამდენად, ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც 15 და 20 ათასი გამომძიებელი დასჭირდება ამ საქმეების გამოძიებას. უბრალოდ, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება.

„ეს არის „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი უსინდისობა, რასაც ისინი ე.წ. ამნისტიის სახით ამზადებენ, რადგან რეალურად, ეს არის თანამშრომლობა "ნაციონალურ მოძრაობასთან". თავის დროზე, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" „გამოქკავშირდა“, ისევე მიმდინარეობს ახლა „ქართული ოცნების“ "ნაციონალურ მოძრაობად" გადაქცევის პროცესი. თუ მოქალაქეთა მიერ შეტანილ განცხადებებს არ შეისწავლიან, ეს იმის წახალისება იქნება, რომ დამნაშავე მოხელეები არც დაუბრუნებენ წართმეულ ქონებას ადამიანებს და არც აღიარებენ დანაშაულს, რადგან მათ მაინც ამნისტია უნდა შეეხოთ. ამას ვამბობდი 1-ელ ოქტომბრამდე და იმ დროს ქართული საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ უპირობოდ ენდო. უპირობო ნდობა და უპირობო ძალაუფლება კი რყვნის ნებისმიერ პოლიტიკურ სტრუქტურას“, - აცხადებს კახა კუკავა.

მისი თქმით, არავის ქონება არ დაუბრუნდება და ეს საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს. უფრო მეტიც, ყველა ის ჩინოვნიკი და ოლიგარქი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში დააგროვა ქონება, კვლავინდებურად ინარჩუნებს ბერკეტებს, რადგან საქართველოში რეალურად ხელისუფლება არ შეცვლილა. უბრალოდ, ერთი და იგივე პოლიტიკური კასტის ერთი კლანი ჩაანაცვლა მეორემ. არანაირი იდეოლოგიური, მეთოდური, ტაქტიკური სხვაობა მათ შორის არ არსებობს. აქ იგივე ხალხია, ვინც 1992 წლიდან მართავს ქვეყანას. ისინი სახელებს იცვლიან, ხან "მოქალაქეთა კავშირი" ჰქვიათ, ხანაც - "ნაციონალური მოძრაობა", "ქართული ოცნება" ან "აღორძინება".

„არა მგონია, აშშ-ის მთავრობის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენდეს, რომ ფოთის პორტი კეზერაშვილის, იაკობაშვილის და კიდევ კარგად რომ ვიცით, ახალ ხელისუფლებაში მყოფი ერთ-ერთი პირის, მფარველობის ხელში დარჩეს. არა მგონია, ეს ევროპას სურდეს. ევროპა აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას იმაზე, რომ იარაღი და ნარკოტიკი არ უნდა ჩაუდოს უდანაშაულო ადამიანს და არა იმაზე, თუ ვის ხელში იქნება ფოთის პორტი და ბათუმის პორტი. მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს, ფოთის პორტის მიმართ ინტერესი აქვს არა ბარაკ ობამას, არამედ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, ეს არის სიმართლე“, - გვითხრა კახა კუკავამ.

უფლებადამცველი ნინა ხატისკაცი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ზოგადი განცხადება გაკეთდა და არ განხილულა, თუ რა ტიპის ამნისტიაზეა საუბარი. თუმცა 15-20 ათასი განცხადება აუცილებლად უნდა შეისწავლონ. აუცილებელია იმის დადგენა, ამ ადამიანებმა ჩაიდინეს თუ არა კონკრეტული დანაშაული. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება ისეთივე შეკრული წრე და მომავალში ადამიანებს კვლავაც ექნებათ შეგრძნება, რომ მსგავსი დანაშაულის ჩადენისას მიუტევებენ.

მისი თქმით, როდესაც სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, თუნდაც რაიონებში მცხოვრები ხალხის მოლოდინია, რომ მათ ირგვლივ მყოფი თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებიც ხალხს აშინებდნენ და დანაშაულს ჩადიოდნენ, ადეკვატური ზომები გატარდება.

„ეს იყო რეჟიმი, სადაც ადამიანები ჩადიოდნენ კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებას, რაც სხვადასხვაგვარ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ეს ადამიანები ხშირად თავად იყვნენ სისტემის მსხვერპლნი და თანამდებობას ამით ინარჩუნებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პრობლემა შეექმნებოდათ. ამიტომ სხვადასხვა ტიპის პასუხისმგებლობა მოდის ადამიანებზე -  ზოგიერთები არიან დამკვეთნი, ზოგიერთნი შემსრულებელნი. გააჩნია დანაშაულს. აქ საუბარია მოხელეთა დაბალ რგოლზე, ადმინისტრაციულ დარღვევებსა და გადაცთომებზე და არა სისხლის სამართლებრივ დანაშაულზე“, - აცხადებს ნინა ხატისკაცი.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ამნისტიაზე საუბარი ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს და ამაში მარტო პოლიტიკოსებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. აქ საზოგადოების აზრიც უნდა გაითვალისწინონ. თანაც, ამნისტია არ უნდა ნიშნავდეს ხელაღებით უბრალოდ პატიებას და რაიმეს დავიწყებას, არამედ ამ ადამიანებს გარკვეული შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ. მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საუბარიც არ არის, რომ წართმეული ქონება დამნაშავეს უნდა შერჩეს და ამაზე პასუხი არ მოეთხოვოს. თუმცა პრობლემაა ის, რომ რეგიონებში დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირები, რომლებიც აშინებდნენ და ატერორებდნენ მოსახლეობას, პარტიულ საქმიანობას უკანონოდ ეწეოდნენ, დღესაც თანამდებობებზე იმყოფებიან და ბევრი მათგანი დაწინაურებულია კიდეც. სწორედ აქ არის საჭირო სამართლის აღდგენა და თუ ამ მოხელეების მიმართ შესაბამის უწყებებში მიმართვა არსებობს, ამ ადამიანებს დანაშაული არ უნდა შერჩეთ.