„თავდასხმები და სომხური წარმოშობის ქალბატონების მკვლელობანი სტამბულში - ეს არის თურქეთის სირცხვილის გაგრძელება და ორგანულად ეწერება იმ ქვეყნის გენოციდალურ საფუძვლებში, რომელიც გენოციდს ახორციელებს სომეხთა მიმართ. სიტუაცია, რომლითაც თურქეთის ხელისუფლება ახდენს სომხებზე ძალადობის გენერირებას და წახალისებას, ერთი მხრივ, და ამკვიდრებს შიშის ატმოსფეროს, მეორე მხრივ, ორგანულად ეწერება მისი გენოციდალური აზროვნების ჩარჩოებში“ - არ იფიქროთ, რომ ეს ციტატა 1915 წელს გამომავალი სომხური გაზეთში გამოქვეყნდა. იგი ამოღებულია ერევანში გამომავალ გაზეთ „სომხეთის ხმა“-ში დაბეჭდილი სტატიიდან „შიშისა და ზიზღის ატმოსფეროში“. თავად პუბლიკაციამ კი დღის სინათლე სულ რაღაც ორიოდე თვის წინ იხილა.
საქმე ისაა, რომ 2012 წლის ნოემბრიდან სომხურ მედიაში საკმაოდ მასშტაბური ანტითურქული კამპანია გაჩაღდა და მასში ერთნაირი მონდომებით ჩაერთვნენ როგორც ჟურნალისტები, ასევე - პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებიც. კრიტიკის მთავარი სამიზნე იყო მეზობელი თურქეთის სახელმწიფო, რომელსაც, ავტორთა აზრით, დღემდე ვერ მოუნელებია სომხების ბოღმა და პერიოდულად კვლავ იხსენებს „ძველ ხელობას“ - სომხური წარმოშობის მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტას.
ყოველივე ეს ორგანულად დაუკავშირდა თითქმის ასი წლის წინანდელ ისტორიას (მხედველობაში გვაქვს ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომხური მოსახლეობის მასობრივი განადგურება 1915 წელს), რომელიც ამის გარეშეც წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობათა ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხს.
საქმეში ჩახედულ მკითხველს, ალბათ, ახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ თურქეთსა და საფრანგეთს შორის ლამის დიპლომატიური სკანდალი გაღვივდა (ანკარა პარიზიდან ელჩის გამოწვევაზეც კი წავიდა), რადგან ფრანგებმა ანგარიში გაუწიეს სომხურ ლობს და მხარი დაუჭირეს მოთხოვნას ოსმალეთში სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით.
სომხურ მედიაში გაჩაღებულ კამპანიას საფუძვლად დაედო რამდენიმე გახმაურებული ფაქტი, რომლებიც 2012-2013 წლების მიჯნაზე მოხდა თურქეთში. მხედველობაში გვაქვს ეთნიკურად სომხური წარმოშობის მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ძალადობა, რომელთაგანაც ერთი ტრაგიკული შედეგით დამთავრდა. მედიის ინფორმაციით, დროის მცირე მონაკვეთში (2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით) სულ ხუთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა და უცნაური ისაა, რომ მსხვერპლის როლში ყოველთვის ღრმად მოხუცი ქალბატონები მოგვევლინენ. მაგალითად, 87 წლის ტურფანდა აშიქმა თვალი დაკარგა. ასევე, თვალზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა 84 წლის სულთან აიქარს. რაც შეეხება მოკლულ მარიცა ქიუჩუქს, მას სხეულზე დანით ჯვარი ჰქონდა ამოკვეთილი.
როგორც სომხეთის, ასევე თურქეთის სომხურმა მედიამ მომხდარს ეთნიკურ-პოლიტიკური შეფერილობა მისცა და მთელი პასუხისმგებლობა ანკარას დააკისრა. მაგალითად, სტამბოლში გამომავალმა სომხურმა გაზეთმა „აქოს“-მა გამოაქვეყნა სტატია- „თურქეთი დუმს, თავდასხმები გრძელდება“. შინაარსის გარეშე, მხოლოდ სათაურიდანაც კი ჩანს, რომ წერილის ავტორი პრობლემას არა ყოფით-კრიმინალურ, არამედ სახელმწიფოებრივ ჭრილში განიხილავს.
თავის მხრივ, თურქეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა შეშფოთება გამოხატეს სომხური წარმოშობის მოქალაქეებზე გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით. მათ ყურადღება გაამახვილეს ორ გარემოებაზე: 1) ყველა შემთხვევაში დაზარელებულები იყვნენ უმწეო მოხუცი ქალბატონები და 2) აშკარად იგრძნობოდა ორგანიზებული, პროვოკაციაზე გამიზნული და, რაც მთავარია, მსგავსი ხელწერა.
სომეხმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა საკითხი მთელი სიმწვავით დასვეს საერთაშორისო ორგანიზაციებში. მაგალითად, არტაშეს ჰეგამიანმა, სომხეთის წარმომადგენელმა ეუთოს საპარლამენტო დელეგაციაში ოფიციალურად მოითხოვა პრობლემის, როგორც თურქეთში ნაციონალისტური აღვირახსნილობისა და სომეხთა ეთნიკური დევნის მაგალითის განხილვა ასამბლეაზე... თუმცა, როგორც ჩანს, ეს აღარ მოხდება. მიზეზი კი ისაა, რომ მიმდინარე წლის 3 მარტს თურქულმა მედიამ გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია სომეხი მოხუცების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ეჭვმიტანილის დაკავების თაობაზე. იგი აღმოჩნდა არა შუასაუკუნეობრივი დოლბანდით თავდაბურული და იატაგანით შეიარაღებული სისხლმოწყურებული თურქი ნაციონალისტი, არამედ ვინმე მურად ნაზარიანი, 40 წლის ასაკის მქონე, ასევე სომხური წარმოშობის თურქეთის მოქალაქე.
3 მარტის შემდეგ სომხურ მედიაში სამარისებური სიჩუმე სუფევს. ახალი გენოციდის თემა ერთბაშად გაქრა წამყვანი გაზეთებისა და ტელეარხების გამხსნელ ინფორმაციებში. თუმცა, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ბოდიშის მოხდის სურვილიც არავის გაჩენია. არ გაჩენია იმის მიუხედავად, რომ მთელი 4 თვის განმავლობაში ტყუილად ასხამდნენ ლაფს თურქეთის სახელმწიფოსა და თურქ სამართალდამცველებს. ასეთ სიტუაციაში კი უხერხული მდგომარეობიდან გამოსვლის ოპტიმალური საშუალება სწორედაც გულწრფელი მობოდიშება იქნებოდა.
მომხდართან დაკავშირებით მეხსიერებაში ძალაუნებურად წამოგვიტივდება არც თუ შორეული წარსულის სისხლიანი ეპიზოდი, რომელიც 1988 წლის 26-28 თებერვალს სუმგაითში მომხდარ ხოცვა-ჟლეტასთანაა დაკავშირებული. მაშინ, მწვავე ეთნიკური დაპირისპირების დროს, 26 სომეხი და 6 აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ფაქტი იმდენად რეზონანსული იყო, რომ მისი გამოძიება საბჭოთა კავშირის გენპროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს დაეკისრა.
ძიების შედეგად დადგინდა, რომ სისხლისღვრის მთავარი ინსპირატორ-ორგანიზატორი აღმოჩნდა ვინმე ედუარდ გრიგორიანი და ამ პიროვნების მხილება სწორედ სუმგაითში მცხოვრები დაზარალებული სომხების ჩვენებათა საფუძველზე გახდა შესაძლებელი. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ იგი საბჭოთა სპეცსამსახურების მითითებით მოქმედებდა, რომლებიც ნამდვილად იყვნენ დაინტერესებული სომეხ-აზერბაიჯანელთა ეთნიკური დაპირისპირების პროვოცირებით. ამაზე თუნდაც ის გარემოებაც მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ მისჯილი 12 წლიდან გრიგორიანმა მხოლოდ მცირე ნაწილი მოიხადა და მალევე გაათავისუფლეს.
პოლიტიკურად არასტაბილური საქართველოსათვის, რომლის წინაშე დღესაც მწვავედ დგას ე.წ. „ჯავახკის“ პრობლემა, თურქული გამოცდილება არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს. ემანდ, ეშმაკს არ სძინავს, მიტ უმეტეს, ცარიზმისდროინდელი საქართველოსთვის (მაგალითად, 1905 წლის შემოდგომაზე) უცხო ხილი არ იყო დაინტერესებული ძალების მიერ პროვოცირებული ეთნიკური დაპირისპირებანი...