სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში ეკონომიკური მაჩვენებლები მარტივი ხერხით გაზომა. კერძოდ, მან დაასკვნა, რომ მაღაზიებში გაიზარდა ნისია და ხალხს აღარ აქვს ფული, რომ რაღაც იყიდოს. უფრო მეტიც, გაქრა სამუშაო ადგილები. ამას მიზეზი კი ისაა, რომ ახალ ხელისუფლებას არ გააჩნია ერთიანი ხედვა, ხოლო ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები არასტაბილურობის განცდას აჩენს. ზურაბ ჯაფარიძის აღნიშნული განცხადება საინტერესოა იმის ფონზე, როცა ნისიებს არც ნაციონალების ზენიტში ყოფნისას უჩიოდნენ მაღაზიები და სამუშაო ადგილები კი ერთი-მეორის მიყოლებით ქრებოდა.
ზურაბ ჯაფარიძის ხაზს აგრძელებს ქართული ეკონომიკის სადარაჯოზე მდგომი ვანო მერაბიშვილი და სერიოზულ საფრთხეებზე საუბრობს. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად მიიღოს გადამჭრელი ზომები და შეაჩეროს ეკონომიკური დაღმასვლა.
ვანო მერაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის „მორგან სტენლის“ შეფასებას აქვეყნებს, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მარტით თარიღდება.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2012 წლის მეოთხე კვარტალში მკვეთრად შემცირდა და დეკემბერში ნეგატიური - 0.8% შეადგინა. მთლიანად, 2012 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ნაცვლად დაგეგმილი 6,7%-ისა, სულ 6,1% იყო. მართალია, იანვარში ვითარება რამდენადმე გაუმჯობესდა, მაგრამ ზრდის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ მაინც დგას. ამდენად, 2013 წლის ზრდის პროგნოზი 5,6%-დან 5%-მდე მცირდება.
„ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, რომ დაგეგმილი შემოსავლები ვერ შეგროვდება და ქვეყნის ფისკალური დეფიციტი დაგეგმილი 2,8% ნაცვლად, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 3,5% მიაღწევს. მზარდი ფისკალური დეფიციტი და საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოვლენების განვითარების პოპულისტურ სცენარზე მიგვანიშნებს. პოლიტიკური არასტაბილურობა შეამცირებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს“, - ნათქვამია „მორგან სტენლის“ შეფასებაში.
გამოქვეყნებულ მონაცემებს ვანო მერაბიშვილმა საკუთარი განცხადებაც დაურთო და დაასკვნა, თუ ახლანდელი ნეგატიური ტენდენციები კიდევ რამდენიმე თვე შენარჩუნდა, საქართველოს ეკონომიკა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა, სწორედ მათ მიიყვანეს ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობამდე. მეტიც, საინვესტიციო ბანკი „მორგან სტენლი“ აქ არაფერ შუაშია და ეს საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებია. გასაგებია, რომ დღევანდელი ოპოზიციის ლიდერები ამას პოლიტიკურ დატვირთვას აძლევენ, თუმცა ეს შეფასებები ქართველმა ექსპერტებმა ორი თვით ადრე გააკეთეს და „მორგან სტენლიმ“ ეს დაგვიანებით აღმოაჩინა. ასე რომ, საქართველოში რატომღაც „მორგან სტენლისა“ და დასავლეთისკენ იყურებიან და ამ დროს საკუთარი სპეციალისტების აზრი არ აინტერესებთ, ამიტომაც დემურ გიორელიძე მიიჩნევს, რომ უზარმაზარ ჭაობში ვართ ჩაფლულნი.
რაც შეეხება იმას, რომ 2012 წლის დეკემბერში -2,8 %-ით დაიკლო მთლიანმა შიდა პროდუქტმა და მაჩვენებელი მინუსებში გადავიდა, დემურ გიორხელიძისთვის ეს არჩევნებითა და პოლიტიკური დაძაბულობით აიხსნება. იანვარ-თებერვლის გაურკვევლობა კი იმით აიხსნება, რომ ეკონომიკა დღემდე მთლიანად მონოპოლიზირებულია და მონოპოლიზირებული ჯგუფები შეშინებულნი არიან. მათ არ იციან, დაიჭერენ თუ არა, ამიტომ იმ 7 მილიარდიდან, რაც ქართულ კომპანიებს მოგების სახით დარჩათ, არცერთი ლარი არ შებრუნებულა უკან, ინვესტიციებში და ქართულ ეკონომიკაში.
ექსპერტის თქმით, ბუნებრივია, ჩვენში ეკონომიკური აქტივობა ძალიან დაბალია, რადგან ჯერჯერობით ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო პროგრამები, საბანკო სექტორის მდგომარეობა გაურკვეველია, გამოუკვეთელია აქცენტები ეკონომიკაში, მცირე და საშუალო ბიზნესის სრული მიტოვება აისახა კიდეც ეკონომიკაზე. ცხადია, ეკონომიკა არანაირ ნებას, არანაირ პიროვნებებს არ ემორჩილება და მას თავისი კანონზომიერება აქვს.
„ეკონიმიკის ძალიან დაბალი მაჩვენებლების მიუხედავად, ჯერჯერობით საგანგაშო არაფერია, თუმცა ცხადია, ორი კვარტლის ჯამში ასეთი მდგომარეობა არ უნდა გვქონდეს. თუ ასე გაგრძელდება, სერიოზული პრობლემები გაჩნდება. ამიტომ მიკვირს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სწორედ მათ მიგვიყვანეს კატასტროფულ მდგომარეობამდე და ეს ინერცია გრძელდება. ახლა გარდამავალი პერიოდია, მთავრობა გამოკვეთილი არ არის თავის მოქმედებებში. უფრო პოლიტიკური ასპექტია ძლიერი. თუმცა ამის უყურადღებოდ დატოვება დიდი შეცდომა იქნება. არაერთხელ განვაცხადე, რომ 2013 წლის პირველი ორი კვარტალი თუ ასეთი იქნა, მაშინ ისედაც მწირ და კატასტროფის პირას მისულ ქართულ ეკონომიკაში ძალიან სერიოზული პრობლემები გაჩნდება“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის მიერ დასახელებულ ე.წ. ნისიებს, ექსპერტი აცხადებს, რომ, ცხადია, შემოსავლები საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ აქვს, სამუშაო ადგილები ჯერ არ შექმნილა, შემოსავლები არ არის, ინდივიდუალური მეწარმეების რიცხვი იკლებს, ადამიანები ჩერდებიან, რადგან გარემო არ არის გაჯანსაღებული აქტიური ეკონომიკური საქმიანობისთვის. ამდენად, ბუნებრივია, იქნება ნისიები. მაღაზიებს დიდი სიები აქვთ და ყველა ყველას იცნობს. თუმცა ნისიები ნაციონალების დროსაც იყო და ესეც საგანგაშო არ არის. ყველაფერს მოევლება, რადგან ეს არის ყოფილ ხელისუფალთა უმსგავსო ეკონომიკური და საშინაო პოლიტიკის შედეგი და არა - ახალი ხელისუფლების დანაშაული, რომელმაც ამ მხრივ ენერგიული ნაბიჯები უნდა გადადგას.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძისთვის ვანო მერაბიშვილის ან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა რომელიმე წევრის განცხადება არავითარ ავტორიტეტს არ წარმოადგენს. მას მიაჩნია, რომ მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას უნდა ვუმადლოდეთ წინა ხელისუფლებას, რადგან ზუსტად მათი ქმედებებით, მათი ობსტრუქციის გამო ხელისუფლების გადაცემის მტკივნეული პროცესი განხორციელდა. მეორე მხრივ, ბიზნესმა არ იცოდა, როგორი იქნებოდა ახალი ხელისუფლების მიდგომა მათ მიმართ, მით უფრო, რომ მხოლოდ ნოემბრის შუა რიცხვებში შეუდგა ახალი მთავრობა მუშაობას.
სანდრო თვალჭრელიძე აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება ამ თვენახევარში უკუსვლას ვერ შეაჩერებდა. სამაგიეროდ, 1-ლი იანვრიდან მკვეთრად იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, დიდია ეკონომიკური მიღწევა და როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, დღეს 800 მილიონ ლარზე მეტი აბსოლუტურად სუფთა ფული დევს. რაც შეეხება იმ ორ მილიარდს, რომელზეც თავის დროზე ვანო მერაბიშვილი და ალექსანდრე ხეთაგური საუბრობდნენ, ის არც არსებობდა. ამიტომ მათი განცხადებები ნონსენსია.
გარდა ამისა, ექსპერტი აცხადებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ფასდება წლის მონაცემებით. ამდენად, უნდა დაველოდოთ ერთ წელიწადს და ვნახოთ, როგორი იქნება 2013 წლის მონაცემები. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მისი 2012 წლის მონაცემებთან შედარება.
„მართალია, ბიზნესმენებს ინერციით გადმოჰყვათ შიშის ფაქტორი, მაგრამ მეჩვენება, რომ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება. ნუ გვავიწყდება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ლომის წილს შეადგენდა მთავრობისგან ლობირებული კომპანიები, რომელთა დიდ ნაწილზეც გამოცხადებულია სასამართლო დავები, შეტანილია პროკურატურაში საჩივრები. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდება და წლის მეორე ნახევარში ძალიან მკვეთრ ეკონომიკურ ზრდას უნდა ველოდოთ“, - აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე.
რაც შეეხება ნისიების ზრდას, ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს იმის მაჩვენებელია, რომ მაღაზიის გამყიდველებს აქვთ იმედი, რომ ნისიებს დაფარავს მოსახლეობა. თუმცა, ზოგადად, ეს არის უკანონობა, მაღაზიაში უნდა იდგეს საკასო აპარატი და ნებისმიერი ნაწარმის ყიდვა-გაყიდვა უნდა ფორმდებოდეს ჩეკით. ამიტომ, ნისიების არსებობა საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.