კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით, პარლამენტმა დროებით საგამოძოებო კომისია შექმნა. აღსანიშნავია, რომ კომისიის შექმნას „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაუჭირა მხარი. კომისია უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებით დაკომპლექტდება და ეროვნული მარეგულირებელი კომისიის საქმიანობას შეისწავლის.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების ინფორმაციით, საკითხის განხილვისას გამოიკვეთა სამართლებრივი დარღვევები მარეგულირებელი კომისიის მხრიდან. კერძოდ, ადგილი აქვს კომისიის წევრების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რითაც კომისია უნდა დაინტერესდეს. როგორ უნდა დაკომპლექტდეს კომისია ისე, რომ მისი მუშაობა ეფექტური იყოს იმ ფონზე, როდესაც დროებით საგამოძიებო კომისიაში საკმაოდ სოლიდური ოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილები საპარლამენტო უმცირესობის წევრები. მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მარეგულირებელი კომისიის და მისი ხელმძღვანელის საქმიანობას კბილებით იცავენ ხოლმე, რადგან კომისიის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია და ტელეკომპანია „რუსთავი2“-შიც წილს ფლობს. სწორედ ეს გარემოება ჩიქოვანთან არსებულ სხვა პრეტენზიებთან ერთად, სერიოზული სჯა-ბაასის თემა იყო ყოველთვის, რადგან როდესაც მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელი ფლობს წილს იმ სფეროში მოღვაწე კომპანიაში, რომელსაც მისი უწყება არეგულირებს, რა თქმა უნდა, აქ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე for.ge-სთან საუბარში განამრტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლები ნახევარზე მეტი არ უნდა იყვნენ. თუ კომისიის წევრთა რაოდენობა ლუწია, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა და უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატები შეიძლება თანაბრად იყვნენ წარმოდგენილები, ხოლო თუ კომისიის წევრთა რაოდენობა კენტია, მაშინ ოპოზიციის ოდენობა უნდა იყოს ერთით მეტი, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა კი 12-ით განისაზღვრა. შესაბამისად, ამ კომისიაში სავარაუდოდ საპარლამენტო უმრავლესობის 6 წარმომადგენელი იქნება, 6 კი ოპოზიციის წარმომადგენელი. კომისიის თავმჯდომარეს კი კომისიის წევრთაგან პარლამენტი ირჩევს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზეზს, ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ პარლამენტში მარეგულირებელ კომისიაზე რამდენიმე საჩივარი შევიდა და ამიტომ გადაწყდა კომისიის შექმნა.
„რამდენიმე საჩივარი იყო კავშირგაბმულობის კომპანიებიდან, ასევე მაუწყებლიდანაც, ანუ იყო საჩივარი რამდენიმე სუბიექტისგან, რომელთა საქმიანობასაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არეგულირებს. იქ იყო ლიცენზიების საკითხები, ნებართვების გაცემის საკითხები, მათ განცხადებებში აღნიშნული იყო, რომ კომისია კანონის დარღვევით მოქმედებდა და სათანადო რეაგირებას მოითხოვენ“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
მისი განმარტებით, მარეგულირებელი კომისიების შექმნაში პარლამენტიც მონაწილეობს და მას ამ კომისიების კონტროლის უფლებაც აქვს. ამ უფლების და იმ განცხადებების საფუძველზე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა იმსჯელა და პარლამენტის წინაშე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დასვა. აქვე დეპუტატი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კომისიის შექმნას ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი. ჩვენს კითხვაზე, ვინაიდან საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა და ოპოზიცია თანაბარი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი, ხომ არ გაუჭირდება კომისიას გადაწყვეტილების მიღება, ვახტანგ ხმალაძე პასუხობს, რომ როდესაც მყარია ის საფუძველი, რომლის გამოც გადაწყვეტილება უნდა მიიღო, ძალიან გაუჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება იმ ადამიანებს, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიუდგება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურის თვალსაზრისით.
„ასეთი საგამოძიებო კომისია სულ ერთი-ორჯერ იყო შექმნილი. ერთ-ერთი თუ არ ვცდები 2002 წელს იყო შექმნილი, არჩევნებთან დაკავშირებით. როდესაც ამ კომისიამ კონკრეტულ საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება, მას მხარი დაუჭირეს იმ პარტიის წარმომადგენლებმაც, რომელსაც ეს დასკვნა საკმაოდ არასასიამოვნოდ შეეხო, იმდენად მყარი იყო ამ გადაწყვეტილების საფუძვლები“, - აღნიშნავს დეპუტატი.
მომავალი გვიჩვენებს, როგორ წარიმართება დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა და რა დასკვნას დადებს იგი. მანამდე კი შეგახსენებთ იმ კონკრეტული პრეტენზიების შესახებ, რომლებიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიმართ ამ ეტაპზე არსებობს. ერთ-ერთი თემა, რომლის გამოც მარეგულირებელ კომისიას პოლიტიზირებულობაში ადანაშაულებდნენ, ტელეკომპანია „თრიალეთის“ საკითხი იყო. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „თრიალეთ“ 5000 ლარით დააჯარიმა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „თრიალეთმა“ ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა, შემოწმებულიყო ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ შესყიდული ტელეკომპანია „დიას“ მიერ უკანონოდ დამონტაჟებული აპარატურა. „თრიალეთის“ მფლობელის, ბადრი ნანიტაშვილის განცხადებით, აღნიშნულ უკანონო ფაქტზე რეაგირების მაგივრად, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „თრიალეთი“ დასაჯა.
ნანიტაშვილი აცხადებდა, რომ ეს გადაწყვეტილება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიამ ზეწოლის გამო მიიღო.
„ვფიქრობ, რადგან ჩვენ სახელისუფლებო ტელეკომპანია „დეას“ უკანონო მაუწყებლობაზე სიხშირეების შემოწმების შესახებ დავაყენეთ საკითხი, მარეგულირებელმა კომისიამ ჩვენი 5 ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ მიიღო დავალება. ღამის 9 საათზე დოკუმენტი შექმნეს, რომ თითქოს ჩვენ არაკუთვნილ სიხშირეზე ვმაუწყებლობთ“, - განაცხადა ნანეტაშვილმა.
ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა და ამიტომაც ტელეკომპანიის დამფუძნებელი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სასამართლოს მსჯელობის საგანიც გახდა, მარეგულირებელი კომისიის მიერ რადიო „ჰერეთისთვის“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიაზე უარის თქმას უკავშირდება. კერძოდ, 2011 წლის 30 სექტემბერს რადიო „ჰერეთს“ მარეგულირებელმა კომისიამ ამ ლიცენზიაზე უარი უთხრა და ლიცენზია „მედია ჰაუს დეკომს“, ანუ რადიო „ცხელ შოკოლადს“ მიანიჭა.
„ჰერეთის“ დამფუძნებელი, რამაზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ამით უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგან მის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე მეორე სუბიექტს „მედია ჰაუს დეკომს“ საკონკურსო დოკუმენტაცია სრულყოფილად არ ჰქონდა წარმოდგენილი, რაც სამხარაძის განცხადებით იმის საფუძველია, რომ „მედია ჰაუს დეკომისთვის“ მარეგულირებელს ლიცენზიის მინიჭებაზე უარი ეთქვა. რამაზ სამხარაძე ასევე აცხადებს, რომ თბილისში კიდევ ოთხი რადიოსიხშირე არსებობს, თუმცა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თქმით, „ცხელი შოკოლადისთვის“ სიხშირის მინიჭებით თბილისში უკანასკნელი რადიოლიცენზია გაიცა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ჰერეთის“ დამფუძნებელს „მედია ჰაუს დეკომის“ მესვეურების წინა ხელისუფლებასთან გარკვეულ ინტერესებთან დაკავშირებით აქვს ეჭვები.
კიდევ ერთი კომანია, რომელიც მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში საქმეს აწარმოებს, არის „გლობალ ტვ“. საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდში მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, რომლებიც „გლობალ ტვ“-ს მესვეურთა განცხადებით პოლიტიზებული იყო და კომპანიის მფლობელს, ბიძინა ივანიშვილის ძმას, ადიკო ივანიშვილს უკავშირდებოდა. კერძოდ, შეტევა „გლობალ ტვ“-ზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა და რაც გადაწყდა, რომ კომპანიას თავის ქსელში „მეცხრე არხი“ უნდა ჩაერთო. მარეგულირებელმა კომისიამ „გლობალ ტვ“-ს რამდენიმე მაღალრეიტინგული რუსული არხის გამორთვა მოსთხოვა, რითაც კომპანიის მესვეურების თქმით, მარეგულირებელს სურდა, კომპანიას აბონენტები მოკლებოდა.
კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და მის თავმჯდომარეს ეხება, ფარული ვიდეო-ჩანაწერია, რომელიც თავად მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი რატიშვილმა გაავრცელა. ჩანაწერში მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანის საკმაოდ სკანდალური განცხადებები ისმის. კერძოდ, აუდიო-ჩანაწერი გაკეთებულია გიორგი რატიშვილის მიერ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ირაკლი ჩიქოვანი, კომპანია „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები და თავად რატიშვილი ესწრებიან.
შეხვედრაზე საუბარია კომპანია „მაგთის“ მიერ მარეგულირებლ კომისიაში შეტანილ საჩივარზე, რომლითაც „მაგთი“ „კავკასუს ონლაინის“ მიერ რამდენიმე სატელევიზიო არხის ლიცენზიის გარეშე გადაცემას აპროტესტებს. საუბრისას ირაკლი ჩიქოვანი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ „მაგთის“ ამერიკელი პარტნიორები ჰყავს და ამიტომ მასთან საქმის „მოგვარება“ შეუძლებელია. იგი „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლებს ოფშორული კომპანიის დაფუძნებას და მასთან ხელშეკრულების გაფორმებასაც სთავაზობს, რომელსაც საქმეში უკანა რიცხვით ჩადებს, მაგრამ აქვე დასძენს, რომ ესეც დიდხანს ვერ დაიცავს „კავკასუსს“, რადგან ეს სქემაც მალე გაიშიფრება. ამასთანავე, ჩიქოვანი „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლებს იმასაც ეუბნება, საქმემ სასამართლოში რომ გადაინაცვლოს, პროცესს ამერიკის საელჩოდან ვინმე დაესწრებაო და ამიტომ ურჩევს, ეს პრობლემა რამენაირად მის გარეშე მოაგვარონ.
სავარაუდოდ, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საქმეებისა, რის გამოც შეიძლება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეედავონ. for.ge-სთვის უცნობია, კონკრეტულად რას ეხებოდა ის საჩივრები, რომლებითაც სხვადასხვა კომპანიებმა პარლამენტს მიმართეს, თუმცა როგორც დეპუტატები განმარტავენ, საქმე მარეგულირებლის უკანონო ქმედებებს ეხება. შესაბამისად, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია კარგად იმუშავებს და ობიექტურ გადაწყვეტილებასაც გამოიტანს, რათა კომუნიკაციების სფეროში არსებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს.