იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი სრული შემადგენლობა შესაცვლელია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი სრული შემადგენლობა შესაცვლელია

ვენეციის კომისიის წევრი თომას მარკეტი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი სრული შემადგენლობა ვადის ამოწურვამდე არ უნდა შეიცვალოს. მისი განმარტებით, "საერთო სასამართლოების შესახებ კანონის" შესახებ მიღებული კანონპროექტი შეფასებულია პოზიტიურად, თუმცა მოქმედი საბჭოს შემადგენლობის დათხოვის საკითხი და მათი ახალი შემადგენლობით ჩანაცვლება საკამათოა.

ვენეციის კომისიის წევრის მოსაზრებით, არსებობს საფრთხე იმისა, რომ ყოველი ახალი არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიცვალოს, ვინაიდან ისინი შეიძლება, მიუღებელი გახდნენ ახალი ხელისუფლებისთვის. ამიტომ თომას მარკეტი მხარს უჭერს იმას, რომ მოქმედმა წევრებმა ვადის ამოწურვამდე ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ.

თავის მხრივ, უზენაესი სასამართლო ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იწონებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედება ავტომატურად არ უნდა იწვევდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას. კუბლაშვილის უწყების აზრით, ამ ცვლილების ამოქმედება ახალი მთავრობის ან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისთვის არასასურველი შემადგენლობის საკონონმდებლო ცვლილებების გზით შეცვლის გაუმართლებელ და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელმყოფ პრეცედენტს შექმნიდა.

ვენეციის კომისია განმარტავს, რომ სასამართლოების თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეებს, მოადგილეებს, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს და ყველა იმ პირს, რომელსაც აღნიშნული პოზიციები ეკავათ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არ უნდა შეეზღუდოთ უფლება საკუთარი კოლეგების მიერ არჩეულ იქნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად.

ამ სახით კი ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია ეწინააღმდეგება იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომლის შესაბამისად, ზემოთჩამოთვლილ მოსამართლეთა წრეს ეზღუდებოდა იუსტიციის საბჭოში არჩევის შესაძლებლობა.

საინტერესოა, რას ნიშნავს ვენეციის კომისიის წევრის თომას მარკეტის განცხადება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი სრული შემადგენლობა ვადის ამოწურვამდე არ უნდა შეიცვალოს?! მაშინ, როცა სწორედ ეს იუსტიციის საბჭო იყო თანაზიარი იმ ბოროტებისა, რასაც სამივე ინსტანციის მოსამართლეთა დიდი ნაწილი ჩადიოდა. მას შემდეგ, რაც მოსამართლისგან დაზარალებული პირი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიტანდა სარჩელს, ეს უწყება დამნაშავე მოსამართლეების დასჯას კი არ ახორციელებდა, არამედ, სავარაუდოდ, მათ კიდევ უფრო აწინაურებდნენ. ყველაზე ცინიკური კი ის იყო, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანონით არც ევალებოდა მომჩივანი ადამიანისთვის პასუხი გაეცა. ამდენად, ისინიც კარგად ირგებდნენ კანონს და თავს იმართლებდნენ, არ გამოვრიცხავთ, შესაძლოა, დისციპლინარული სასჯელი მივეცით მოსამართლეს, თუმცა ამის თქმის საჯაროდ უფლება არ გვაქვსო. ასეთი შეკრული წრე იყო როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ისე სამივე ინსტანციის სასამართლოებში. დღემდე უკანონობას ისიც ამძაფრებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილია, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - ვალერი ცერცვაძე, რომელიც, იმავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეცაა.  

თეა წულუკიანის უწყებაში აცხადენ, რომ მოსამართლეებმა ორიდან ერთი უნდა აირჩიონ, თუ ისინი მოსამართლეებად დარჩებიან, მაშინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აღარ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. რეალურად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრთა ვადა ოთხი წლით განისაზღვრება. ისინი სხვადასხვა დროს აირჩიეს ან დანიშნეს პოსტზე და შესაბამისად, განსხვავებულ პერიოდში უმთავრდებათ ამ პოსტზე ყოფნის ვადა. 

რას ნიშნავს ვენეციის კომისიის წევრის თომას მარკეტის შეფასება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი სრული შემადგენლობა ვადის ამოწურვამდე არ უნდა შეიცვალოს და დასაშვებია თუ არა ამ ადამიანების დაყოვნება ამ პოსტებზე ვადის ამოწურვამდე?!

For.ge ამის შესახებ იურისტებსა და პოლიტიკოსებს ესაუბრა.  

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას ყველანაირი საშუალება აქვს, თავისი პოზიცია დაასაბუთოს. უფრო მეტიც, თომას მარკეტი არ არის ის ინსტანცია, რომელსაც ხელისუფლებამ ყველანაირი ანგარიში გაუწიოს. ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა და კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ევროპულ რეკომენდაციებს, მაგრამ 100 %-ით ამას არც არავინ ითვალისწინებს და არც საქართველო არ არის ვალდებული, გაითვალისწინოს. მით უმეტეს, ეს არის რეკომენდაცია და არა - ვალდებულება.

თუმცა კახა კუკავა პრობლემას ხედავს იმაში, რომ დაახლოებით იგივე სისტემა იქმნება, ანუ თუ აქამდე სასამართლო ექვემდებარებოდა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ კონტროლს, ამიერიდან „ქართულ ოცნებას“ სურს, თავად გადმოიქვემდებაროს მართლმსაჯულები სისტემა. ამდენად, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის აზრით, სასამართლოში ის კი არ უნდა შეიცვალოს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კადრები „ოცნების“ კადრებმა შეცვალონ, არამედ სასამართლო უნდა იყოს რეალურად დამოუკიდებელი.

კერძოდ, კახა კუკავას თქმით, სასამართლო რეფორმის ჩატარების პროცესში არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გაუვლია კონსულტაციები „ქართულ ოცნებას“ და აღნიშნული საკითხები მოამზადა მხოლოდ „ქართული ოცნების“ რამდენიმე იურისტმა.

„ეს რა პროგრესი იქნება ქვეყნისთვის? ის, რომ ნაცმოძრაობის იუსტიციის საბჭო უნდა დაითხოვონ, ამაში ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ არაფერი შეიცვლება, თუკი დაითხოვენ "ნაციონალური მოძრაობის" იუსტიციის საბჭოს და დანიშნავენ „ქართული ოცნების“ იუსტიციის საბჭოს. ის, რომ თავის დროზე სააკაშვილმა მოხსნა შევარდნაძის მომხრე მოსამართლეები და საკუთარი დანიშნა, ამით სისტემა არ გაუმჯობესებულა. ახლაც თუ შეცვლიან ადეიშვილის მოსამართლეებს წულუკიანის კადრით, არც ამით გახდება ეს სისტემა უკეთესი. შევარდნაძის და სააკაშვილის მმართველობის დროს ვამბობდით, რომ სასამართლო არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, რომ ქვეყნის მთავრობა არ უნდა ერეოდეს მოსამართლეების დაკომპლექტებაში. რატომ არ აძლევენ უფლებადაცვით ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებს, იურისტებს იმის საშუალებას, რომ გადამწყვეტი სიტყვა შეასრულონ ამ პროცესში?!“ - აინტერესებს კახა კუკავას.

უფლებადაცველი ნინა ხატისკაცი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გვქონდეს ისეთი შეგრძნება, რომ ნაციონალების დროს სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი და მოსამართლეები მიკერძოებულები იყვნენ, ერთი ხელის მოსმით მათი შეცვლა და ახალი ადამიანების მოყვანა სისტემას მაინც არ გააუმჯობესებს.

უფლებადამველის თქმით, დამნაშავე მოსამართლეების ცნება სულ სხვა თემაა და თუ მათ მიმართ არსებობს კონკრეტული ბრალდებები და მტკიცებულებები, ეს გამოძიებულ უნდა იქნას.

„თუკი კანონში ცვლილებები განხორციელდება და იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი შეიცვლება, გაცილებით უფრო დემოკრატიულად უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს წევრთა არჩევა და არა ისე, რომ ადამიანები, რომლებსაც აირჩევენ, ლოიალურები იყვნენ ხელისუფლების მიმართ. ძალიან ძნელი იქნება ფარული კენჭისყრით მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენა. სკეპტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ სხვაზე დამოკიდებული მოსამართლეები როგორ აირჩევენ უკეთეს შემადგენლობას, მაგრამ არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ერთ დღეში შესაძლოა, შევცვალოთ სასამართლო სისტემა და მიკერძოებული და არადამოუკიდებელი სასამართლო ერთ დღეში დამოუკიდებელი გახდეს“, - აცხადებს ნინა ხატისკაცი.

მისი თქმით, ფარული და ყოვლისმომცველი არჩევნებით, სადაც ბევრი მოსამართლე მიიღებს მონაწილეობას, უფრო დიდია შანსი იმისა, რომ მოხვდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არავის მიმართ თავს ვალდებულად არ ჩათვლიან და თავისი არსით იქნებიან უფრო მეტად დამოუკიდებელნი.

ამასთან, ნინა ხატისკაცი აცხადებს, რომ ახალ იუსტიციის საბჭოს თუ პოლიტიკური ნება ექნება, დამოუკიდებლადაც განიხილავს მოსამართლეთა საქმეებს და ამით ამ შემადგენლობის და სასამართლო სისტემის რეალურად რეფორმირება მოხდება.