აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებისა და დევნილთა პრობლემების შესახებ "ევროპის სახლში" შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება "თავისუფალი დემოკრატების" აფხაზეთის ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაესწრნენ. „ევროპის სახლში“ გამართულ ღონისძიებაზე ასევე, იმყოფებოდნენ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი, „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი გიორგი ჩიქოვანი, დევნილთა საზოგადოების წარმომადგენლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ამ ტიპის შეხვედრა პირველად ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებმა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების გზებზე ისაუბრეს. განხილვის მთავარი თემა იყო ასევე, დევნილთა პრობლემების მოგვარება.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეხვედრის მიზანია მთავრობის წარმომადეგნლებმა კონფლიქტის დარეგულირების შესახებ აფხაზეთიდან დევნილთა აზრი მოისმინონ. "წლების მანძილზე აფხაზების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა. მათთან დიალოგი აუცილებელი და გარდაუვალია კონფლიქტის დარეგულირების სფეროში. აფხაზების ბედზე საუბარი მათი აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. შესაბამისად, მსგავსი შეხვედრა მნიშვნელოვანია" - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
“ევროპის სახლში“ მიწვეულმა სტუმრებმა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა დაათვალიერეს.