ევროპარლამენტის 23 წევრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს ღია წერილით „ნუ დაანგრევთ საქართველოს ევროპულ ოცნებას“. როგორც ევროდეპუტატების მიმართავაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრის მიერ პრეზიდენტისთვის ცოტა ხნის წინ მიწერილი წერილი მკაფიოდ აჩვენებს, რომ სიტუაცია საქართველოში საგანგაშო ხდება.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ღია წერილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი საქართველოში შექმნილ მაქსიმალურად რთულ ვითარებაზე მიუთითებს. თუ თქვენი ძალისხმევა გამოიწვევს აშკარა დემოკრატიისგან უკუსვლის გაღრმავებას, საქართველო უკან დაიხევს, როგორც დემოკრატიული ქვეყანა და მას წაერთმევა ევროპული პერსპექტივა. ასეთ შემთხვევაში თქვენ გახდებით ადამიანი, რომელიც საქართველოს ევროპის კარს დაუხურავს. თუ საქართველო ევროკავშირის პარტნიორი უნდა იყოს, ჩვენ უნდა გავიზიაროთ და შევასრულოთ საერთო ძირითადი პრინციპები. ქართული დემოკრატიის მარცხი მხოლოდ მათთვის იქნება მისასალმებელი, ვინც ევროპაში კანონის უზენაესობასა და თავისუფლებას ეწინააღმდეგება. ნათელია, რომ ზეწოლა პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე, გამოცხადებული და მუდმივი ზეწოლა სასამართლოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აგრეთვე აგრესიული რიტორიკა და ბრბოს გამოყენება პოლიტიკური ოპონენტებთან დასაპირისპირებლად, ასევე უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის ხშირი გამოყენება, საქართველოს ევროპულ ოცნებას აშორებს. რა ელოდება მათ, ვინც ევროპას ირჩევს? - ესეც ასევე თქვენი რიტორიკული შეკითხვაა და პასუხი - აღშფოთებული მასის შესაბამისი შეფასება“, - ნათქვამია წერილში.
ევროპარლამენტარების განცხადებით, მიუღებელია მაღალჩინოსნების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება და ძალადობისკენ მოწოდება. აგრესიული კამპანია - აიძულოს პარლამენტის ოპოზიციური წევრები, შეიცვალონ პოზიცია შანტაჟითა და მათი ოჯახის წევრების დაშინებით, არა მხოლოდ რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანის უფლებებსაც.
„მოგიწოდებთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, არ გადადგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით, რათა არ დაასამაროთ საქართველოს ევროპული მომავალი“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.
აღნიშნული წერილი "ევროპის სახალხო პარტიის" ერთ-ერთმა წევრმა, პოლონელმა ევროდეპუტატმა კჟიშტოფ ლისეკმა ტვიტერზე და თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. წერილს ხელს აწერენ "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები, გუნარ ჰიოკმარკი, კშიშტოფ ლისეკი, ვიტაუტას ლანდსბერგისი და სხვა დეპუტატები, მათ შორის, იერჟი ბუზეკი, ელმარ ბროკი, იოახიმ ზელერი და სხვა.
რამ გამოიწვია ევროპარლამენტარების ასეთი შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ ისინი ასეთ დასკვნებს, ამის მიხვედრა, ალბათ, ძნელი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ დეპუტატების ვინაობას, რომლებიც ამ მიმართვას ხელს აწერენ. კერძოდ, ეს ადამიანები ძირითადად, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები არიან და ასევე ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობირებით იყვნენ ცნობილნი. თუმცა მიუხედავად ამისა, ალბათ, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპარლამენტარების ამ მიმართვას სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს და გარკვეული რეაგირებაც უნდა მოახდინოს. ამ თემასთან დაკავშირებით ქართველ ექსპერტებს ვესაუბრეთ.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ევროპარლამენტში შვიდასზე მეტი დეპუტატია, ხოლო ეს მიმართვა დეპუტატთა მცირე ჯგუფის მიერ არის შედგენილი. აქვე ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტში დეპუტატების რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფია და მათ სხვადასხვა გემოვნება და პოლიტიკური მიზნები აქვთ. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ასეთი რეაქცია, რადგან ზოგი საქართველოს სიტუაციას ზედმეტად რადიკალურად აფასებს, ზოგი ზედმეტად პოზიტიურად და ა.შ. გოგოლაშვილი ამბობს, რომ ათასი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ შეიძლება ასეთი სახის განცხადებები გაკეთდეს - "ზოგი პრევენციის მიზნით აკეთებს ამას, არის ასევე ოპოზიციის მხრიდან გარკვეული პოლიტიკური გავლენა. ამიტომ რთულია იმის თქმა, ასეთი განცხადების გაკეთების დროს ეს კონკრეტული დეპუტატები რა მიზანს ისახავდნენ.
შეიძლება უბრალოდ პოლიტიკური მხარდაჭერაც იყოს, რადგან ოპოზიციას საგარეო პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება. მმართველი ძალის ნებისმიერი სახის კრიტიკა კი ოპოზიციის მდგომარეობას ამყარებს. ამიტომ პოლიტიკურ ბრძოლაში ასეთი სახის განცხადებები ჩვეულებრივი ამბავია“, - ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, საგანგაშო იქნებოდა, მსგავსი შინაარსის განცხადება ევროპარლამენტს რომ მიეღო, ან თუნდაც დიდ პოლიტიკურ ჯგუფს რომ გაეკეთებინა. მაგალითად კახა გოგოლაშვილს "ევროპის სახალხო პარტია" მოჰყავს და ამბობს, "ევროპის სახალხო პარტიის" სახელით რომ გაკეთებულიყო ასეთი მიმართვა, ეს საკმაოდ ნეგატიური მოვლენა იქნებოდა, რადგან ეს დიდი პოლიტიკური გავლენის მქონე ჯგუფია ევროპარლამენტში. 23 დეპუტატი კი ექსპერტის თქმით, ევროპარლამენტის წევრთა დაახლოებით 3.5%-ია. მიუხედავად ამისა, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ თუნდაც 23 დეპუტატის განცხადებას გავლენა თუ არა, ყოველ შემთხვევაში გარკვეული რეზონანსი აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ შენიშვნების მოსმენა და რეაგირება.
„რაც შეეხება რეაგირების ფორმებს, ეს ფორმები სხვადასხვანაირი არსებობს. შეიძლება შენი პოლიტიკა ადგილზე გახადო უფრო მკაფიო, უფრო მიზანსწრაფული, შეიძლება საინფორმაციო პოლიტიკა შეცვალო და ფოკუსირება გარკვეულ ჯგუფებზე მოახდინო და ა.შ. ერთი დეპუტატის განცხადებაც რომ იყოს, არ ღირს მისი უყურადღებოდ დატოვება. საჭიროა ეს მიმართვა მმართველმა ძალამ მხედველობაში მიიღოს“, - აცხადებს ექსპერტი.
ექსპერტი საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების ეს განცხადება ცოტა უფრო ადრეულ პერიოდს ეფუძნება, ვიდრე დღევანდელი რეალობაა, რადგან უკანასკნელ პერიოდში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული პოზიტიური ძვრები მოხდა.
„გარკვეული პოზიტიური ცვლილებებია იგივე პრემიერის დამოკიდებულებაში. ეს იყო პრეზიდენტთან შეხვედრა, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა, გარდა ამისა, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაფორმებული დეკლარაცია. ამიტომ, მე მგონია, რომ ეს ბოლო დინამიკა უკვე განსხვავებული ტენდენციაა იმ თვალსაზრისით, რასაც მანამდე ევროპარლამენტარები აკრიტიკებდნენ. ზოგადი კრიტიკა არის იგივე ხაზი, რაც აქამდე სულ გვესმოდა, რომ თუ საქართველო ვერ მოახერხებს კოჰაბიტაციის ნორმალური პროცესის დამკვიდრებას, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას დაასამარებს“, - აღნიშნავს ელენე ხოშტარია.
მისი თქმით, სწორედ ამას გულისხმობდა ევროპარლამენტარების ეს მიმართვა, მაგრამ თუ პროცესები ისე გაგრძელდება, როგორც უკანასკნელ დღეებში ვითარდებოდა, ეს კითხვები და შენიშვნები ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან მოიხსნება.
საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანის კლასიკურ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ „აღმოსავლეთთან ურთიერთობების გაღრმავების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა. კერძოდ, სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს არჩევნებში დიდი ფული დაიხარჯა და სწორედ ამ ფინანსურმა მანიპულაციებმა და დიდმა ფულმა ითამაშა გადამწყვეტი როლი.
„ის რაც მოხდა საქართველოში გასული წლის ოქტომბერში და ის, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ მოლდოვის პარლამენტში სრულიად ცვლის წონასწორობას. ეს ჩვენი ევროპული არჩევანისთვის რეგრესია. დიდი ფული დაიხარჯა საქართველოს არჩევნებში, სწორედ ამ ფინანსურმა მანიპულაციებმა და დიდმა ფულმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. რამდენიმე დღის წინ ზუსტად იგივე სცენარით შევიდა ფული მოლდოვის პოლიტიკაში. შედეგად პრემიერ-მინისტრი ფილატი ჩამოგდეს და მოლდოვის პერსპექტივა კვლავ გაურკვეველი გახდა. დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ საქართველოშიც, სახეზეა აშკარა მცდელობა საგარეო პოლიტიკის შერყევის, ასევე ისეთ ქვეყნებთან პარტნიორობის შერყევის, როგორიცაა აზერბაიჯანი“, - გაანცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
ექსპერტი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში იქნება, ოპოზიციის მხრიდან მთავრობის კრიტიკა ძალიან ბუნებრივი იქნება, მაგრამ პრეზიდენტობის პერიოდში სააკაშვილმა ასეთი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს.
„მიუხედავად იმისა, არის თუ არა მართლაც ჩვენთან მიმართებაში ნერვიულობის საფუძველი, პრეზიდენტმა ასეთი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს. ჩვენ ჯერ არ ვართ ისეთ პოლიტიკურ ვითარებაში, რომ ვიყოთ წყნარად, რომ ყველაფერი დალაგდა და მართლაც უკან გადადგმული ნაბიჯი არ იქნება. ეს ჯერ არ ვიცით, მაგრამ ბოლო დღეების ტენდენციები პოზიტიურია. ამასთანავე, პრეზიდენტის მიერ ადრეც გაკეთებულ განცხადებებს არ ვიზიარებ და მისი მხრიდან ასეთი კრიტიკული განცხადებების გაკეთება სწორად არ მიმაჩნია“, - ამბობს ელენე ხოშტარია.
დაახლოებით ასევე ფიქრობს კახა გოგოლაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტია და ის არ უნდა აკეთებდეს ოპოზიციურ განცხადებებს, ანუ განცხადებებს, რომლებსაც აშკარად პოლიტიკური მიზანი აქვს. ექსპერტის თქმით, ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილს შეუძლია ნებისმიერი სიმწვავის განცხადება გააკეთოს და შეფასებებში გადააჭარბოს კიდეც, რადგან ეს პოლიტიკური ბრძოლის ელემენტი იქნება, მაგრამ ახლა მისი მხრიდან ქვეყნის მმართველ ძალაზე ზედმეტად ნეგატიური განცხადება არ უნდა კეთდებოდეს, თუ ამის რეალური მიზეზი არ არსებობს.
„მისივე განცხადებებით, რომლებიც საქართველოში კეთდება, სიტუაცია მთლად ასე არ არის. საზღვარგარეთ კი იგი უფრო რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, ვიდრე ქვეყნის შიგნით. ჩემი აზრით, ეს შეცდომაა და არც მისი პოლიტიკური კარიერისთვის ეს მომგებიანი არ იქნება. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი ძალა არ არის იმდენად აქტიური, გნებავთ ევროპაში, გნებავთ ამერიკაში. არ არის ხშირი ვიზიტები. გასაგებია, რომ ელჩების შეცვლა მიმდინარეობს და ინფორმაციული ინსტრუმენტები მთლიანად არ არის ამუშავებული. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაც ინფორმაციული ომი გააჩაღო, მაგრამ ინფორმაციული ინსტრუმენტები უნდა აამუშაო აქტიურად, რათა დასავლეთმა ნახოს, რომ ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა მართლაც ურყევია“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
მისი თქმით, ევროპაში ძალიან ეშინიათ იანუკოვიჩის სცენარის, როდესაც უკრაინა პრაქტიკულად დაკარგეს. ახლა კი ევროპას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება უკრაინის მისკენ შემობრუნებისთვის. ეს კი, ექსპერტის განცხადებით, კარგი ნიადაგია ასეთი შიშებისთვის და ეს ნიადაგი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ძალიან ადვილად ღებულობს.