7 მარტის მთავრობის სხდომა მეტად უჩვეულო გარემოში ჩატარდა. მთავრობის კანცელარიაში ოთხი მინისტრი ფიზიკური დაზიანებებით გამოცხადდა და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მათი დაზიანებები ერთსა და იმავე დროს დაემთხვა.
კერძოდ, კანცელარიაში კოჭლობით მივიდა ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. როგორც გახმიანდა, თურმე სნოუბორდით სრიალის დროს დაზიანებულა.
ასევე, ყავარჯნით გამოცხადდა სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და კოჭლობის მიზეზად კუნთის დაჭიმულობა დაასახელა.
სხდომას თაბაშირში ჩასმული ხელით ესწრებოდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე კი კამერებისთვის დალურჯებული თვალის არიდებას ცდილობდა.
ასეთი დამთხვევები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას კიდევ გასაგები იქნებოდა, რადგან არავინ იცოდა, მეორე დღეს ვის მოხვდებოდა თავში უზუსტესად დამიზნებული საფერფლე ან მობილური.
თავის დროზე, სწორედ ასე გახმაურდა პრემიერ-მინისტრ გეგა მგალობლიშვილის მოულოდნელი ავადმყოფობის შესახებ შეთხზული ლეგენდა. იმ დროს ერთნი ამბობდნენ, მიშამ გეგა მგალობლიშვილს საფერფლე ესროლაო, მეორენი ირწმუნებოდნენ, საფერფლე კი არა, მობილური ტელეფონიო. თავად სააკაშვილმაც გააკეთა კომენტარი, რომ მგალობლიშვილისთვის თავში საფერფლე არ უსვრია და ამის დასტურად ყოფილი პრემიერ-მინისტრის სატელეფონო მესიჯებიც წაიკითხა. თუმცა, მგალობლიშვილმა თანამდებობაზე დაბრუნება არ ისურვა და საეჭვო ხმებს კიდევ მეტი დამაჯერებლობა მიეცა.
მგალობლიშვილის ცემის ფაქტი დავიწყებული არ ყოფილა, როცა მოულოდნელად დავით ბაქრაძეც „არამიანცში” თირკმლის მწვავე შეტევით მიიყვანეს, ოთხი საათის შემდეგ კი უცაბედად გულის შეტევა დაემართა და ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. დასკვნაც გამოაცხვეს, „არამიანცში” თირკმელში კენჭის დაშლის პროცედურისას ერთ-ერთმა პრეპარატმა ავნო და ამან გამოიწვია გულის შეტევაო. თუმცა ბევრმა ეს არ დაიჯერა და ბაქრაძის შემთხვევაც პრეზიდენტის აგრესიის მორიგ გამოვლინებად მიიჩნია.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიადაც მსგავსი სცენარი განიხილება. კერძოდ, ტრაგედიის მორიგ მიზეზად სააკაშვილის მხრიდან მისთვის საფერფლის სროლა და შემთხვევით შემოკვდომა დასახელდა, სხვა მრავალ ვერსიასთან ერთად, როგორიცაა, პრემიერის შავნაბადაზე მოკვლისა და დახრჩობის ვერსიები.
სხვათაშორის, 2006 წელსაც, როცა სანდრო გირგვლიანის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა და საზოგადოება მკვლელობაში მონაწილე შს მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვდა, უმართავი პროცესების ასაცილებლად, როგორც იმ ხანად ამბობდნენ, უშიშროების საბჭოს მდივანს, კოტე კემულარიას პრეზიდენტისთვის ურჩევია, ერთდერთი, რაც საპროტესტო აქციებს შეაჩერებს, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის გადადგომააო. ამაზე პრეზიდენტი განრისხებულა და საფერფლეს დასწვდომია. მართალია, კემულარიას ასცდა საფერფლე, მაგრამ შეურაცხყოფის გამო ცუდად შეიქნა და პრეზიდენტის დაცვამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა. კემულარია ინფარქტის დიაგნოზით კლინიკა „გულში“ რამდენიმე დღის განმავლობაში იწვა და მოგვიანებით თანამდებობიდან გადადგა.
ამბობდნენ, ბოკერიაც გამხდარა პირველი პირის სამიზნე, მაგრამ მერაბიშვილს აუკრავს ხელი ნასროლი საფერფლისთვის და გადარჩენილა, წარბი კი გასკდომია.
ფაქტია, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაკომპლექტებულ ხელისუფლებაში ოთხი მინისტრის ერთდროულად დაზიანება მართლაც გასაოცარი იყო.
For.ge შეეცადა, გაერკვია, თუ რა გადახდათ ჩვენს მინისტრებს და მათ პრეს-სამსახურებს დაუკავშირდა.
კახი კალაძის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ეკა ჟვანია აცხადებს, რომ ტრამვები ყოფილი ფეხბურთელისთვის გასაკვირი არ არის. ამჯერად კი კახი კალაძე გამოსამშვიდობებელი მატჩისთვის ემზადება და ვარჯიშის დროს დაეჭიმა კუნთი. მით უფრო, რომ ბოლოს ხანს ყოველდღიურად ვარჯიშობს.
„ხანდახან, მის ვარჯიშს უამრავი ადამიანი ვესწრებით. კახი კალაძე გიორგი დემეტრაძესთან ერთად ვარჯიშობს ხოლმე და ამჯერადაც დაეჭიმა კუნთი. უბრალოდ, ეს ფაქტი კურიოზიულად დაემთხვა სხვა მინისტრების მდგომარეობას, მაგრამ მათი დაზიანების მიზეზები არ ვიცი. მეც შემთხვევით შევიტყვე პრესიდან და გამიკვირდა, როგორ დაემთხვა ეს ყველაფერი“, - გვითხრა ეკა ჟვანიამ და დასძინა, რომ არანაირი საშიშროება არ არის, რადგან „პრემიერ-მინისტრი საფერფლეებს არ ისვრის“.
სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის პრეს-სამსახურში დაგვიდასტურეს, რომ მინისტრი კანცელარიაში მართლაც ყავარჯნით მივიდა. ამის მიზეზი კი ტრავმა ყოფილა და მას ფეხზე მყესი აქვს გაწყვეტილი.
უფრო ზუსტად კი, სოფლის მეურნეობის მინისტრს ფეხბურთის თამაში ყვარებია და თავისუფალ ერთ საათს ჯანსაღი ცხოვრების წესს უთმობს. არც გასული კვირის შაბათი დღე ყოფილა გამონაკლისი, როცა ის მეგობრებთან ერთად თამაშობდა, ფეხი გადაუბრუნდა და ტრავმა მიიღო. სწორედ ამ დროს გაუწყდა მყესი.
ჩვენ დავინტერესდით, თავისუფალ დროს კახი კალაძესთან ერთად ხომ არ თამაშობდა ფეხბურთის მოყვარული დავით კირვალიძე, რადგან მასაც მსგავსი ჩივილები ჰქონდა, მაგრამ პრეს-სამსახურში ეს ვერც დაგვიდასტურეს და ვერც უარყვეს.
„როგორც ვიცი, თავის მეგობრებთან თამაშობდა ფეხბურთს. სერიოზული არაფერია. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და არანაირი დამატებითი სამედიცინო ჩარევა არ არის საჭირო. დიდი მადლობა, რომ ასე ყურადღებით ხართ და გაინტერესებთ ჩვენი მინისტრების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხ მინისტრზეა საუბარი, არ ვთვლი, რომ რაიმე განსაკუთრებული მოხდა. ხომ შეიძლება, ფაქტები დაემთხვეს ერთმანეთს?!“
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ხათუნა ჩარკვიანი აცხადებს, რომ მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა ბაკურიანში, ყინულზე მოუცურდა ფეხი და ჰქონდა მხრის ამოვარდნა. ამჟამად ყველაფერი მოწესრიგდა, ჩაუსვეს მხარი, რაც რეზინის კორსეტით აქვს დაფიქსირებული და ასეთი მდგომარეობა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
„ბატონ კოტეს საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ეს გამოჩნდა კიდეც პატარა სიუჟეტში, როცა გაღიმებული სახე ჰქონდა და ამ ტკივილს არ გამოხატავდა, მიუხედავად იმისა, რომ ყინულზე დაცემა სერიოზულ ტრავმად ითვლება. თუ როგორი რეაქცია ჰქონდა მსგავს მდგომარეობაში მყოფი სხვა მინისტრების დანახვისას, ვერ გეტყვით, თუმცა გაკვირვების მომენტი იყო, რომ ფაქტები ასე დაემთხვა“, - გვითხრეს სამინისტროს პრეს-სამსახურში.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ეკა გულუა კი აცხადებს, რომ დავით დარახველიძეს თვალზე ტრომბი აქვს და მკურნალობს. კერძოდ, ნემსს იკეთებს და შესაბამისად, თვალზე სილურჯე შეიმჩნევა.