სააკაშვილისთვის წამზომის ჩართვას უცნაური გაგრძელება მოჰყვა. სააკაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე არც თანხმობა უთქვამს, არც - უარი. მან თავისი პირობები წამოაყენა და მაქსიმუმის მიღებას ცდილობს. უკვე გაცხადებულია, რომ „ქართული ოცნება“ ცვლილებას კენჭისყრაზე დააყენებს. როგორც დაანონსებულია, საკონსტიტუციო უმრავლესობაც არსებობს და პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეზრუდვას წინ არაფერი დაუდგება. თუმცა, პარალელურად, პრემიერი სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის სახის გადარჩენაზეც ისე ზრუნავს, როგორც მოძღვარი საკუთარი მრევლის სულზე. პრემიერი ნაცმოძრაობის მიერ წამოყენებულ იმ ზოგიერთ პირობასაც თანხმდება, რაზეც აქამდე, სავარაუდოდ, თავს იკავებდა. რა პოლიტიკური ქვედინებები დაიწყო ქვეყანაში და როგორია დასავლეთის როლი ამ ყველაფერში, ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
რამდენიმე დღის წინ საკმაოდ მკვეთრი იყო პრემიერ-მინისტრი, როდესაც სააკაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი მოსთხოვა, თუმცა, თავის ბოლო ინტერვიუში, შემდეგ კუბლაშვილთან შეხვედრის შემდეგ მისი ტონი საოცრად შერბილებული იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ სახის გადარჩენაზე საუბრობდა, თქვენი შეფასებით რა მოხდა?
- ბოლო დღეების ვითარება უაღრესად საინტერესოა და გარკვეულ ტენდენციებს უდავოდ გამოკვეთს. დავიწყოთ იმ რამდენიმე უმთავრესი მესიჯით, რომელიც პრემიერის ინტერვიუში გამოიკვეთა. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური მესიჯი. პირველი, რომ მოთმინება უნდა ვიქონიოთ და საქართველოს მესამე პრეზიდენტიც ისე, როგორც საქართველოს პირველი ორი, კი არ უნდა გავაგდოთ, არამედ უნდა გავუშვათ, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურის ერი ვართ და სახე შევინარჩუნოთ ამერიკასა და ევროპასთან.
ზოგადად, სახის შენარჩუნების თემა იყო მთელი ინტერვიუს მთავარი თეზა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური მესიჯი იყო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული, როდესაც თქვა, რომ გარდაქმნები მოხდება სასამართლო სისტემაში მაგრამ არა ისეთი ტემპით, როგორც პოლიციასა და პროკურატურაში, რადგან სასამართლო სხვა სტრუქტურაა, დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. კითხვები კი არსებობს ამ სისტემის მიმართ, მაგრამ ცვლილებები ასე სწრაფად არ მოხდება, როგორც ეს საზოგადოებას სურს.
სასამართლოს თემა რომ ამოვწუროთ, კუბლაშვილთან შეხვედრის შემდეგ ივანიშვილის განცხადებებიც ზუსტად ამ კონტექსტში ჯდებოდა, როგორ შეუნარჩუნონ ქვეყანასა და საკუთარ ხელისუფლებას სახე დასავლეთის თვალში. ეს იყო დასავლეთთან ურთიერთობის ის მოდელი, რომელიც მან წარმოაჩინა და რა თქმა უნდა, ჯდებოდა კლასიკური ევროპული დემოკრატიის ჩარჩოებსა და ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოების პოზიცია სრულიად სხვა და ძალიან აგრესიულია, პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაში იყო უაღესად კონსტრუქციული, რაც ასევე დასავლეთის თვალში „ჩათვლას“ ემსახურებოდა.
ყურადღება მისაქცევია, რომ კუბლაშვილითან შეხვედრის შემდეგ საუბარი იყო იმაზე, რომ კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი არ დგას და არც დამდგარა, მითუმეტეს, ამ შეხვედრის დროს. ძალიან ნიშანდობლივი იყო, სააკაშვილთან შეხვედრისგან განსხვავებით (როდესაც სააკაშვილი იყო სრულიად განადგურებული, როდესაც შეხვედრის შემდეგ ინტერვიუს იძლეოდა) ვნახეთ სრულიად აღფრთოვანებული, ლაღი კუბლაშვილი. რაც მთავარია, განაცხადა მზაობა თანამშრომლობაზე - იმ რეფორმების 80%-ს ემხრობა კუბლაშვილი, რასაც იუსტიციის სამინისტრო ამზადებს.
ამ ორი შეხვედრის შემდეგ სააკაშვილისა და კუბლაშვილის გამომეტყველებები, მათი არავერბალური მხარე, გაცილებით მეტს მოწმობდა შეხვედრის შინაარსზე, ვიდრე განცხადებები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ამ შეხვედრებს გასდევდა, იყო ის, რომ გარკვეული პოზიტივი სააკაშვილის ხელისუფლებასაც ჰქონდა, რომ მართალია ძალიან ბევრი კითხვები არსებობს სასამართლოს მიმართ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ წლების განმავლობაში და კუბლაშვილს შეტანილი აქვს მასში თავისი პოზიტიური წვლილი. რაც მთავარია, ძირითად პრინციპებში ვთანხმდებითო, თუმცა პრემიერი იმასაც ამბობს, რომ გარკვეული კითხვები მაინც არსებობს.
მესამე თემა შიდა პოლიტიკის, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, შეეხება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას, ანუ იმ ფორმით არჩევას, რომელიც ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში და თუ აქამდე პოზიციის დაფიქსირებისგან პრემიერი თავს იკავებდა, ამაზეც განაცხადა, რომ მოსწონს ეს წესი და არ ღირს ამ პოსტის დაკნინება და რომ საზოგადოება უნდა ირჩევდეს ამ ადამიანსო.
ალბათ, გახსოვთ, ამაზეც როგორი მძაფრი რეაქცია ჰქონდა დასავლეთს, როდესაც „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა წევრმა გააჟღერა პოზიცია, რომ სასურველი იყო, პარლამენტს აერჩია პრეზიდენტი. ამ თემაზე თავად საზოგადოებასაც „ქართული ოცნების“ მომხრე საზოგადოებას ვგულისხმობ, ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია, მათ შორის მეც, რადგან ქვეყნისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ერქმევა მაქსიმალური ძალაუფლებით აღჭურვილ პირს, პრეზიდენტი თუ პრემიერი, რადგან როგორც ერთი, ასე მეორე თავის თავში შეიცავს საფრთხეს, როდესაც არ არსებობს დამაბალანსებელი ძალა იმავე კონსტიტუციაში. რა თქმა უნდა, ქართული რეალობის გათვალისწინებით, აჩენს იმ საცდურს, რომ შესაძლოა, ისევ იგივე წრეზე წავიდეთ. ამიტომ არჩევითი პრეზიდენტი, თუნდაც უფლებებშეზღუდული, არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და გარკვეული გარანტორი ამ ბალანსისათვის. ეს ძირითადი მნიშვნელოვანესი მესიჯები იყო, რომელიც მოვისმინეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში.
როგორც შიდა, ასევე საგარეო კუთხით ბოლო დღეებში გაჟღერებული მესიჯები, რა თქმა უნდა, გამოძახილია „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის პოლიტიკური ხედვისა, მაგრამ უდავოდ ახალ შტრიხებს შეიცავს.
რაც შეეხება საგარეო ფაქტორს, ალბათ, მნიშვნელოვანია ის ერთობლივი განცხადება, რომლითაც პრეზიდენტმა და პრემიერმა უნდა მიმართონ ევროატლანტიკურ ალიანსს...
- პრემიერი ტრადიციულად აფიქისირებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი ტრადიციულად დაკავებულები არიან ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციით საგარეო პოლიტიკურ არენაზე და ეს არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ქვეყნის ინტერესებსაც ვნებს. იმასაც კი ამბობს, სააკაშვილი მზად არის, საკუთარი გუნდი გაწიროს, ოღონდ დაანახოს დასავლეთს, რომ ახალი მთავრობა არის ბოროტება, რომელიც მასობრივ დევნას ცდილობსო.
გარდა ამისა, თქვა საინტერესო რამ, რომ სააკაშვილი ფაქტობრივად დაიმუქრა, ნოემბერში ევროკავშირის სამიტზე ვერ დაფიქსირდება საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ სავალ გზაზე, რასაც ამ სამიტისგან ველოდით და, რომ სააკაშვილი დაბლოკავს ამას „ევროპის სახალხო პარტიის“ მეშვეობით.
როგორც ამ თემის გაგრძელებას, ის ინტერვიუშიც შეეხო ამ საკითხს, უფრო ვრცლად კი ეს თემა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.
როგორც ჩანს, პრემიერი საკმაოდ შეწუხებული იყო ამ ამბით, როდესაც აღნიშნა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, გარეთ სრულიად სხვა ხმები გამოდისო. ამ შეხვედრის შემდეგ ივანიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა, პრემიერმა და პრეზიდენტმა საქართველოს საგარეო კურსის თაობაზე ერთობლივი განცხადება გააკეთონ.
როგორც აქამდე ჩანდა, პრემიერი ერთობლივი აქტივობებისგან თავს იკავებდა, დღეს ამაზე თანახმაა. პრეზიდენტიც ამაზე თანხმობას აცხადებს. ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ, როგორც ჩანს, პრემიერი სერიოზულ საფრთხეს ხედავს საერთაშორისო არენაზე.
ამავე თემის გაგრძელებაა, ვიტყოდი, ყველაზე ხმამაღალი განცხადება, რომელიც ეხება აშშ-ში მისი ვიზიტის გადადებას და ამბობს, რომ ჩემი სურვილი იყო პირველად ამერიკაში წავსულიყავიო, მაგრამ რაც ვერ გავიაზრე და რაც ბოლომდე დღესაც არ აქვს გააზრებული ჩვენს გუნდს, ეს არის, ის თუ რა მასშტაბის ინფორმაცია გადის უცხოეთშიო.
ივანიშვილი ამბობს იმასაც, რომ ახლა ელჩი ჩამოვიდა ამერიკიდან, რომელმაც მითხრა, რომ იქ მიდის დიდი ომი და ასეთ სიტუაციაში არ ვაკადრებ არც საქართველოს და არც აშშ-ს რომ ახლა ჩავიდე ამ გაუგებრობაშიო. ყველაზე ცოტა, გაუგებრობა რომ დავარქვათ იმას, რაც ხდებაო.
ეს ტექსტი თავად მეტყველებს, იმ პრობლემებზე, რაც არის საქართველოს ხელისუფლებას და და აშშ-ს ხელისუფლების გარკვეული ნაწილის ურთიერთობებში. იმიტომ, რომ ძალიან უარყოფითი ინფორმაციით არის გაჯერებული ამერიკის პოლიტიკური ელიტა.
თავად პრემიერის ღირსეულ საქციელზე მეტყველებს, როდესაც ამ ვითარებაში ამერიკაში ჩასვლა არ უნდა იქამდე, ვიდრე პოლიტიკურ სიტუაციას არ დაალაგებს და ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა - „მინდა დავალაგო შიდა პოლიტიკური ურთიერთობები, რომ იქ ჩვენს ხელწერასთან დაკავშირებით ეჭვები აღარ იყოს, რის გავრცელებასაც ყოფილი ხელისუფლება ოსტატურად უწყობს ხელს“. მე მგონია, რომ ეს ფრაზა, ბევრ რამეს, ხსნის, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოვისმინეთ.
აქვე მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი შიდა პოლიტიკური მესიჯი, რომელიც ამ ყველაფერს კრავს და აჯამებს - ინტერვიუს ბოლოს ივანიშვილი საინტერესო რამეს ამბობს, „ჩვენ სწორ ქმედებებს ვგეგმავთ, საზოგადოებას კიდევ უფრო შემოვიკრებთ და „ნაციონალური მოძრაობა“ დადგება ქვეყნის, სამშობლოს სამსახურში და არა სააკაშვილის სამსახურში. კიდევ ვიმეორებ რომ იქ არიან ჯანსაღი წევრები და არც ჯანსაღი კრიტიკის გვეშინია. ჩვენი მიზანია, ერთ მუშტად შევიკრათ და ყველამ ერთად მოვახერხოთ ჩვენი სამშობლოს წინსვლა“ - ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ, ახსნაა იმ მესიჯებისა, რაც ბოლო დღეებში მოვისმინეთ, რომელსაც კრავს ფრაზა, „მინდა დავალაგო შიდა პოლიტიკური ურთიერთობები“.
ანუ, ლაპარაკია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სააკაშვილის გარეშე?
- მაგაზეც გიპასუხებთ. ამის პარალელურად, ვრცელდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართვერლოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უაღრესად დადებითად აფასებს იმ პოზიტიურ სიგნალებსა და ტენდენციებს, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ იკვეთება და მოხარული ვართ, რომ პრემიერის მხრიდან პოზიტიური განცხადებები მოვისმინეთო.
თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ დღეს „ეკონომიქსში“ გამოქვეყნდა საკმაოდ მძიმე სტატია, საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომლის მსგავსიც არ გამოქვეყნებულა კარგა ხანია, ოქტომბრის შტურმის შემდეგ, როდესაც ფაქტობრივად, ხორციელდებოდა დასავლეთში შეტევა საქართველოს ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ.
მოკლე ამონარიდი ამ სტატიიდან: „გაურკვეველია, არსებობს თუ არა, თუკი საერთოდ არსებობს და ახალ ხელისუფლებას აქვს თუ არა ცვლილებების მამოძრავებელი საბაზისო ხედვა“. შემდეგ პირდაპირ წერს, „მმართველი კოალიციის ტლანქი ბუნება, რომელიც მოიცავს წვდომას ძალაუფლებასა და რესურსებზე და ზიზღს სააკაშვილისადმი, კიდევ უფრო ზრდის გაურკვევლობის განცდას. დამაჯერებელი ხედვა იმისა, თუ როგორ გეგმავს ბატონი ივანიშვილი არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კანონდარღვევების გამოსწორებას, არამედ შენებას იმ საძირკველზე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობის საუკეთესო ნაწილისგან შედგება, ძალიან მისასალმებელი იქნებოდა, როგორც შინ, ასევე უცხოეთში“.
ამის გარდა, ძალზე საინტერესო მომენტია 22 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიაში, რომელსაც ლიდის სახით წამძღვარებული აქვს ასეთი რამ: „ვაშინგტონის პრობლემური ბავშვი კავკასიაში: აშშ-ის კერძო სადაზვერვო სამსახური თბილისში გავლენის დაკარგვაზე წერს“. შემდეგ გრძელდება, „აშშ-ს კავკასიაში პარტნიორის დაკარგვა ემუქრება...“ ვაშინგტონისთვის ამ გამაფრთხილებელი სიტყვებით იწყება 18 თებერვლით დათარიღებული აშშ-ის კერძო სადაზვერვო სამსახურის, ლიგნეტის მოხსენება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ვითარების შესახებ. კერძო კონცერნებისათვის მომუშავე ამ სადაზვერვო სამსახურის საკონსულტაციო საბჭოში გენერალი მაიკლ ჰაიდენიც ზის, რომელიც 2006-დან 2009 წლამდე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი და იქამდე, 1999-დან 2005 წლამდე ეროვნული უშიშროების სააგენტოს დირექტორი იყო. ლიგნეტის ანალიზი აშშ-ის 16 სადაზვერვო სამსახურში მრავალი ყოფილი და, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ აქტიური თანამშრომლის მიერ არის მომზადებული“.
გარდა ამისა, წერენ, რომ ივანიშვილი საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც პოპულარულია, „რაც მას განსაკუთრებით საშიშს ხდის ლიგნეტის ანალიტიკოსებისათვის, რომლებიც საქართველოს აშშ-ის ორბიტაზე დამაგრების გზებზე ფიქრობენ“. შემდეგ საუბარია იმ განწყობაზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არსებობს საზოგადოებაში.
„ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილ გაღიზიანებულ განწყობასთან დაკავშირებით, როგორც ეს მოხსენებაში არის ნათქვამი, მხოლოდ იმის იმედიღა დარჩა, რომ დაძაბულობა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე შესუსტდება. წარსულში საკმაოდ ხშირად, თავად აშშ-ის საიდუმლო სამსახურები ზრუნავდნენ ასეთი დაძაბულობების წარმოქმნაზე, როცა საქმე მსოფლიოში მათი ერთ-ერთი „ნაძირალას“ ხელისუფლებაში დამაგრებას ეხებოდა. და ეს კიდევ უფრო აქტუალურია, როდესაც ნატოსა და ევროკავშირის პოტენციური წევრი საქართველო, როგორც მოწამლული ეკალი, ისე განიხილება „რუსული დათვის რბილ ქვედატანში“. სააკაშვილის ძალაუფლების დაკარგვა მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის გეგმებს ჩაშლიდა. ამიტომ, მათ სურთ გადაარჩინონ ის, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება“.
ვფიქრობ, ეს არის კიდეც გარკვეული პასუხი თქვენს კითხვაზე. შემდეგ საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილმა ხალხის მხარდაჭერა დაკარგა.
„ლიგნეტი აღიარებს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი თავხედური ანტირუსული ქმედებით, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში 2008 წელს სამარცხვინო რუსულ–ქართული კონფლიქტის დროს, ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა დაკარგა. ისევე, როგორც უკრაინა, მისი ჩაშლილი „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ, საქართველო კვლავ მოსკოვთან დაახლოების გზას ადგას. და თუ სააკაშვილი ისევე გააგრძელებს მოქმედებას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, მაშინ ის აუცილებლად წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს ოქტომბერში. ამიტომ ის უფრო მორიდებულად უნდა მოიქცეს და უსწრაფესად გამოაცხადოს ივანიშვილის კოალიციასთან კომპრომისის მზაობა“. ხომ არ გენიშნებათ ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება?
შემდეგ გრძელდება, რომ „მხოლოდ ასე ექნება მას (სააკაშვილს) შანსი დარჩეს ხელისუფლებაში“, ასკვნის ლიგნეტი. ყველაფერი დანარჩენი დასავლეთისათვის მხოლოდ ხელიდან გაშვებული ხელსაყრელი შესაძლებლობა იქნება. როგორც ჩანს, ამიტომ, სწორედ ვაშინგტონის მითითებით დათანხმდა სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც მისი როგორც პრეზიდენტის უფლებები შეიზღუდება“.
ვფიქრობ, რომ ეს არის საეტაპო სტატია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრ რამეს ათვალსაჩინოებს, საქართველოსთან დაკავშირებით, როგორც საგარეო აქტივობების კუთხით, ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების ირგვლივ.
ის, რაც ახლა მოვიყვანე მაგალითად იმდენად ნათლად ხსნის იმ მესიჯებს, რასაც ბოლო რამდენიმე დღეა ვისმენთ, ვფიქრობ კომენტარები ზედმეტია, უბრალოდ, შევეცადე ეს ყველაფერი ლოგიკურად დამელაგებინა.
კიდევ ერთი არგუმენტია ის, რომ უმრავლესობა დიდი ხანია ცდილობს დაითანხმოს უმცირესობა საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიმართულებების შესახებ ერთობლივ რეზოლუციაზე, სადაც საუბარია საქართველოს საგარეო კურსის ურყევობასა და ევროატლანტიკური მიმართულებით სვლაზე. თუმცა პირველად ვერსიაში, რაზედაც მწვავე რეაქცია ჰქონდათ ნაციონალებს და რასთან დაკავშირებითაც ის აბსურდული განცხადება გააკეთა სააკაშვილმა, რომ საქართველო წარმოუდგენია, როგორც დაპირისპირების ობიექტი დიდ საერთაშორისო მოთამაშეებს შორის და ჩვენს სამეზობლოში. ამ რეზოლუციის პირველ ვარიანტში, რომელიც უმრავლესობას ჰქონდა მომზადებული, ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ საქართველო არ უნდა იქცეს დაპირისპირების ობიექტად საერთაშორისო ურთიერთობებში.
ახალ ვარიანტში მსგავსი რამ უკვე აღარ წერია. ნაციონალები სხვა ყველაფერს ეთანხმებოდნენ, მაგრამ ეს იყო მათი პრინციპული მოთხოვნა, რომ ეს ფრაზა ამოღებულიყო ამ რეზოლუციის პროექტიდან. ეს ფორმულირება შეცვლილია უფრო რბილი ფორმულირებით, საქართველოს საგარეო ევროატლანტიკური კურსი უპირველესად ქვეყნის მდგრად დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება და არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ. მეორე ფორმულირებაა, რომ საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს, ევროკავშირის და რუსეთის ფედერაციის ინტერესების დაახლოებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად.
რა თქმა უნდა, შინაარსობრივად გამოხატავს იმასვე, რასაც პირველი ფორმულირება, მაგრამ პირველი ვარიანტი იყო უფრო მკვეთრად ჩამოყალიბებუილი პოზიცია, რომელიც უფრო ნათლად გამოხატავდა ახალი ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებს. თუმცა, ორივე ვარიანტი შინაარსობრივად ერთ პოზიციას გამოხატავს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ახალი ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დათმობაზე წავიდა. თუმცა, ვიტყოდი, რომ არა ნაციონალებთან, არამედ დასავლეთთან.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ახალ ხელისუფლებას დამოუკიდებლად მოქმედების არეალი შეზღუდული აქვს?
- რა ხდება რეალურად, გარდა იმისა, რაც ლიგნეტმა ასე ხისტად და შეულამაზებლად გადმოგვილაგა? რეალურად, პირველ ოქტომბერს საქართველოში დასავლეთის თვალთახედვით ერთი პროექტი, „დემოკრატიის შუქურა“, ჩაანაცვლა მეორე პროექტმა, „კოაბიტაციამ“. გნებავთ, როგორც ერთს, ასე მეორეს დავარქვათ ექსპერიმენტი. დასავლეთის ქართველი ხალხის არჩევანისადმი ასეთი უპირობო მხარდაჭერის მიზეზიც იყო სწორედ ეს. ანუ, ძალიან ოპერატიულად გათვალეს, რითი შეიძლებოდა ყოფილიყო სარგებლიანი საქართველოში ხელისუფლების ცვლილება - სწორედ ამითი, რომ არა მხოლოდ ხელისუფლების ჩანაცვლების მომენტი, არამედ ამ ხელისუფლების არსებობა, როგორც კოჰაბიტაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტის. ანუ მათთვის მნიშვნელოვანი იყო არა, მხოლოდ არჩევნების მომენტი, არამედ შემდგომი პროცესიც, როგორც დასავლეთის ძალისხმევის დაგვირგვინება.
„დემოკრატიის შუქურა“ ხომ შექმნეს, ახლა საკუთარი ძალისხმევის დაგვირგვინებად სურთ წარმოაჩინონ ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს. სურდათ, რომ ორ, თანაბარი ძალის პოლიტიკურ სუბიექტს ერთობლივად ეთანამშრომლა და ემართა ქვეყანა. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის არ არის ცუდი გამოსავალი და ზოგადად საქართველოს პოლიტიკური კულტურის ფორმირებისთვისაც კარგია.
ეს მოდელი იქნებოდა ძალიან კარგი თუ ის ყველაფერი, რასაც სააკაშვილი საერთაშორისო არენაზე წლების მანძილზე აცხადებდა, იქნებოდა სიმართლე. იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად სხვა რეალობაა, სავარაუდოდ ეს პროცესი ურთულესი იქნება...
- რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც საუბარია პროექტზე და მით უმეტეს, ექსპერიმენტზე, ამ შემთხვევაში რეალური და ვირტუალური ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. არ მავიწყდება 2 თუ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია, ფაქტობრივად, ამერიკელთა ერთი ნაწილის საოცარი აღსარება, რომლებიც ამბობდნენ, ქართველებს ვირტუალურ საინფორმაციო ველში ვაცხოვრებდით რეალობას ნაცვლად, გვეგონა, რომ ამან შედეგი გამოიღო და უეცრად აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ასე არ ყოფილაო.
აქ რა თქმა უნდა, საუბარია ადამიანების ძალიან ვიწრო ჯგუფზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ვიწრო ჯგუფი სერიოზულ გავლენებს ახდენს. ჩვენ დღეს ვიღებთ იმ რეალობას, როდესაც დასავლეთის სასიცოცხლო ინტერესია, რომ საქართველოში პროცესები წარიმართოს სწორედ ამ ორი, თანაბარძალოვანი პოლიტიკური სუბიექტის თანამშრომლობის ფორმატში.
რაც მაგალითად მოვიყვანე, ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი სტატია და მას სრულ ჭეშმარიტებად ვერ ვაღიარებთ, მაგრამ ამ სტატიაში დაფიქსირებული განწყობები საკმაოდ რეალურია (ყოველ შემთხვევაში, დასავლეთის გარკვეულ წრეებში), და ემთხვევა იმას, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს ირგვლივ ხდება.
აქ თანაბარ სიძლიერეში რა იგულისხმება? „ნაციონალურ მოძრაობას“ და კოალიციას რადიკალურად განსხვავებული რეიტინგები აქვს...
- გადავხედოთ, როგორია დღევანდელი სტატუს-ქვო - „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობს პრეზიდენტის პოსტს, სასამართლო ხელისუფლებას და ადგილობრივი თვითმმართველობის დიდ ნაწილს. ეს არ არის ცოტა. „ქართული ოცნება“ ფლობს საკანონმდებლო და ცენტრალურ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ნაწილობრივ ადგილობრივ თვითმმართველობას. ასე რომ, თუ შევხედავთ ფორმალურად, საკმაოდ თანაბარი პროცენტია ხელისუფლების ფლობის.
მეორეა ის, რომ რეალურად, დღეს ივანიშვილის ძალაუფლებას ქმნის ხალხის უპირობო მხარდაჭერა. ეს არის მისი პესონალური, მართლაც უკიდეგანო ძლიერება და მეორე მხრივ მისი პერსონალური ნება, რამაც მოიგო ფაქტობრივად, არჩევნები და მიიმაგრა ხალხის ძლიერება. დღესაც ეს არის მთავარი მდგენელი ივანიშვილის ხელისუფლებისა და ამ მდგენელის წყალობითაა განპირობებული, როდესაც სააკაშვილი ამბობს, რომ მან ძალიან კარგად იცის პოლიტიკური კონიუქტურა იმისათვის, რომ დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტი.
ანუ, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ივანიშვილი, ალბათ, არა საკუთარი სურვილით, აპირებს თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ ეს პარტია არ დარჩება მხოლოდ ისტორიას, მაგრამ სააკაშვილიანად თუ სააკაშვილის გარეშე, ეს ისევ გაურკვეველი რჩება.
- ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩანს, დასავლეთი არა თხოვს, არამედ ძალიან მკვეთრად უყენებს თავის მოთხოვნებს ახალ ხელისუფლებას. ამ მოთხოვნების მდგენელი არის უპირველესად თანამშრომლობა ამ ორ ძალას შორის, რომელიც იმ მესიჯებად გაიშალა, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.
გარდა ამისა, როგორც ჩანს, დასავლეთს ერთი სურვილიც ამოძრავებს, რაც შეიძლება, მაქსიმალურად დააზღვიოს ახალი ხელისუფლებაცა და საკუთარი თავიც, რომ ახალ ხელისუფლებას არ გაუჩნდეს ცდუნება და არ იაროს ძველის გზით.
საზოგადოებაში არის დაუოკებელი მოთხოვნა ყველას დასჯის და რა თქმა უნდა, უამრავი დასასჯელია. შეუძლებელია, ის რასაც ნაციონალები აკეთებდნენ, დარჩეს დაუსჯელი. ვერც ერთი ევროპული სახელმწიფო, გნებავთ ამერიკა, ვერ მისცემდა თავს იმის უფლებას, რომ წინა ხელისუფლებას ამდენი დანაშაულები ჩაედინა ადამიანობის წინააღმდეგ და მას ეს დაუსჯელი დაეტოვებინა - ახალ ხელისუფლებასაც მიაყოლებდნენ ყოფილს და ჩვენ რატომ გვთხოვენ ამას გასაკვირია. როგორც ჩანს, არ აღგვიქვამენ საერთაშორისო ურთიერთობების სრულფასოვან სუბიექტად, მაგრამ ორმაგი პრინციპებით მოქმედება არ არის გამართლებული. საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში, იგივე დასავლეთს არ უბრუნდება-ხოლმე უკან.
ცნობილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი ლობისტური კომპანია იქირავა. ეს რამდენად გააადვილებს ქვეყნიდან რეალური და არა გამოგონილი ინფორმაციის გასვლას?
- ნაციონალები საშინელ ინტერპრეტაციას აძლევდნენ იმ ფაქტებს, რაც ხდებოდა ქვეყანაში, მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ არ ცდილობდა ზოგადად ინფორმაცია მიეწოდებინა - არ ვაჭარბებ, ნამდვილად ასე იყო - ხშირად დასავლეთი ინფორმაციულ ვაკუუმში იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან.
ელჩები მუშაობდნენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ავრცელებდნენ სრულიად დესტრუქციულ ინფორმაციას მიზანმიმართულად, მეორე მხრივ, ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბების პირობებში არავის არ ჰქონდა საამისო დრო და ეს ობიექტური მოცემულობა იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა ეზრუნათ. თავის დროზე, ლობისტური კომპანიები არ დაიქირავეს იმიტომ, რომ ამისთვის არც დრო იყო და არც ადამიანური რესურსი, თორემ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.
ვშიშობ, რომ ამ ლობისტური კომპანიების დაქირავება არ იყოს დაგვიანებული, რადგან რაც ხდება, ეს ძალზე მძიმე ტონია და შევარდნაძის ხელისუფლების ბოლო წლებშიც კი არ მინახავს ასე თავზეხელაღებული ტონი დასავლურ პრესაში.
ეს სტატიები შესაძლოა, იმ ლობისტური კომპანიების გავლენით იყოს დაწერილი, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მუშაობენ, გამორიცხავთ, სიტუაცია ცოტა სხვაგვარად იყოს?
- ფაქტია, რომ შედეგს მიაღწია, ამას ხომ მე არ ვლაპარაკობ, ამ ყველაფერს ამბობს პრემიერი. ამერიკისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, თუნდაც მიშას გარეშე, წამგებიანია. აღარაფერს ვამბობ, იმაზე, რომ მიშას მხარდაჭერა იქნება დამღუპველი აშშ-ს რეიტინგისთვის საქართველოში. ფაქტია, რომ მათაც რაღაცეები ვერ გათვალეს რაკი ის დაიჯერეს, რომ ვირტუალურ რეალობაში აცხოვრებდნენ ხალხს.
მართლა მიმაჩნია, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობის ერთადერთი პირობა არის ევროატლანტიკური კურსი, სწორედ ამიტომ გულწრფელად მინდა, ამერიკა იყოს უფრო რეალისტური საქართველოსთან მიმართებაში. ამ რეალისტურობის ერთ-ერთი პირობაა, რომ დაინახონ (სააკაშვილზე აღარ მაქვს საუბარი), „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა და მისი წარმოჩენა ამერიკული ინტერესის ერთადერთ თუ არა უმთავრეს ფორ-პოსტად, მხოლოდ ავნებს ამერიკის ინტერესებს საქართველოში.
მესმის, რომ დროში გაწელილი პროცესი იქნება და დიდ ფინანსურ დანახარჯებსაც მოითხოვს, ალბათ, მაგრამ ჯობია, რომ აშშ-მ აქ სსხვა დასაყრდენი მონახოს, ახალი სახეები. მესმის ეს რამენად რთულია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენი ასეულობით მილიონია ჩადებული, ამისი დათვლა და დაანგარიშება შეუძლებელია, მაგრამ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მხოლოდ და მხოლოდ ქართულ საზოგადოებასთან კონფრონტაციას ნიშნავს, ხომ შეიძლება შეელიო იმ ასეულობით მილიონს და აღიარო, რომ გარკვეულ პერიოდში შესაძლოა, წარმატებული იყო პროექტი „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ დღეს დასრულდა. თუ არ სურს ამერიკას, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, არ შეერყეს იმიჯი საქართველოში, ამისათვის საჭიროა ახალ პოლიტიკურ სუბიექტზე დადოს ფსონი, გააძლიეროს და მის რეალურ პროდასავლურ ძალად ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.