„ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შეფასებისას ეჭვი გამოთქვა, რომ სააკაშვილი უკანონო უფლებას გამოიყენებს და ამ თვის ბოლოს პარლამენტს დაითხოვს. ჯონდი ბაღათურია ფიქრობს, რომ სააკაშვილი არც ერთ შემთხვევაში „საკანონმდებლო ნაჯახს“ ხელიდან არ გაუშვებს და ხალხის მიერ არჩეულ მთავრობასა და პარლამენტს დაითხოვს, მისივე შეფასებით, 19 აპრილს დანიშნული აქციის თარიღიც ზუსტად იმ დღეს ემთხვევა, როდესაც პრეზიდენტს კონსტიტუციით უჩნდება უფლება პარლამენტი დაითხოვოს.
გამართლდება თუ არა ჯონდი ბაღათურიას პროგნოზი, იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნება“ ღიად აცხადებს, არ დაუშვებს არავითარ არეულობასა თუ პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში, მიუხედავად ყოფილი მმართველი პარტიის მცდელობისა და აუცილებლად შეასრულებენ იმ პირობას, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. რამ მისცა ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველი, ამ თემაზე ჯონდი ბაღათურია გვესაუბრება.
ბატონო ჯონდი, რა გიჩენთ იმ ეჭვს, რომ თვის ბოლოს სააკაშვილი მთავრობას დაითხოვს?
- ცოტათი მაინც უნდა იცნობდე სააკაშვილს, რომ დაასკვნა, მას ფარ-ხმალი არ აქვს დაყრილი და ერთ გაბრძოლებას კიდევ შეეცდება. სხვა გაბრძოლებისთვის მას დრო და მომენტი არ ექნება. ერთადერთი მისი გაბრძოლება ახლა ის არის, რომ მთავრობა დაითხოვოს.
მინდა გითხრათ, რომ ამით ის დაარტყამს ამ მთავრობასაც, შეეცდება, რომ მისი დათხოვნით ხალხში შექმნას ამ მთავრობისადმი უკმაყოფილება, იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა საკაშვილის განეირტალება.
შემდგომში, 19 აპრილიდან, როდესაც მას დანიშნული აქვს თავისი აქცია, ძალაში შედის ის კონსტიტუცირი უფლება, რომლის მიხედვითაც მას უკვე უფლება ეძლევა, დაითხოვოს პარლამენტიც.
გაგრძელება მაინტერესებს ამ სცენარის, თუ დაითხოვს მთავრობას ახალ მთავრობას კი პარლამენტი არ დაუმტკიცებს, მესამე ჩავარდნის შემდეგ ითხოვს პარლამენტსაც და რიგგარეშე არჩევნებს აცხადებს. რისი იმედი აქვს სააკაშვილს, რომ არჩევნებს მოიგებს?
- სააკაშვილს თუ გაბრძოლება უნდა და ჩანს, რომ მას გაბრძოლება უნდა, მისი შანსი არის პარლამენტის აპრილში დათხოვნა. მართალია, უკანონო საკონსტიტუციო ჩანაწერით, მაგრამ მას შეუძლია პარლამენტის დათხოვნას წინ წაუმძღვაროს მთავრობის დათხოვნა. მთავრობის დათხოვნის შემთხვევაში ის მართლაც ორჯერ წარადგენს პარლამენტში მთავრობას და მესამედაც რომ წარადგენს და არ დაუმტკიცებენ, შეუძლია უკვე დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები. ამავე დროს, შეუძლია, პარლამენტსა და ხალხთან შეუთანხმებლად დანიშნოს მთავრობა. ამასობაში მოვა ის 10-დღიანი პერიოდიც, როცა მას შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი.
ეს გასაგებია, მაგრამ რას მიიღებს, ყველა სოციოლოგიური მონაცემებით შესაძლოა, საარჩევნო ბარიერიც ვერ გადალახოს...
- ეს არის მის ხელში დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი, რითაც აქამდე ის ცდილობდა ევაჭრა პრემიერ-მინისტრთან და ახალ მთავრობასთან. ის ცდილობდა მიეღო გარანტიები არა მარტო საკუთარი და გარემოცვის ტყავის გადარჩენის, არამედ თავხედურად ცდილობდა დაეკანონებინა ის უკანონოდ მითვისებული, ნაძარცვი და ნაქურდალი ქონებაც.
ამაზე, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ახლა ამ ბერკეტს გამოიყენებს. არჩევნებში შედეგებს რომ ვერ აჩვენებს, ეს კარგად იცის, მაგრამ იმ ხალხისგანაც კი, რომელიც სააკაშვილმა პარლამენტში გაიყვანა, ბევრი უკვე დაკარგა და კიდევ ბევრს დაკარგავს.
ახლა დროებით "ნაცმოძრაობაში" რღვევა შეჩერებულია რადგან ბიძგი არ მისცენ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას. მან ძალიან კარგად იცის, რომ ნაციონალებიდან აპრილის შემდეგ სულ 7-8, განსაკუთრებით, მარგინალიზებული და ოდიოზური თანამებრძოლი შემორჩება, რომელთა აზრიც არავის არ აინტერესებს. სააკაშვილმა ეს ისედაც კარგად იცის. იმის გამო, რომ პოზიტიური რესურსი შემორჩენილი აღარ აქვს, ამიტომ შეეცდება საქმე გააფუჭოს.
კიდევ ერთი ვერსია შეიძლება იყოს, თუ სააკაშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, ის ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება. ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გამოვიდეს ქუჩაში, იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე გამოსულა გარეთ საქართველოში, ამ შემთხვევაში რას მიიღებს სააკაშვილი, არჩევნების გაყალბებას დაელოდება?
- სააკაშვილს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, რის ჩამორთმევასაც ცდილობდა მისთვის მთავრობა და პარლამენტი. ეს უფლება მას ჯერ კიდევ აქვს და იმ შემთხვევაში, თუ ამ უფლებას გამოიყენებს, ამას მართლაც ხალხის პროტესტი მოჰყვება. ამიტომ, მას თავისუფლად შეუძლია გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და ამით შეეცადოს ცეცხლის ჩაქრობას.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ნაბიჯებს, ყველამ ვნახეთ და მათ შორის, სააკაშვილმაც, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის რესურსს საკმაოდ ეფექტურად იყენებს, მაგრამ ის არ მიდის დესტაბილიზაციაზე, რადგან ეს არის პასუხისმგებლიანი ძალა, რომელსაც პასუხისმგებლიანი ლიდერი ჰყავს.
სწორედ ამით სპეკულირებს სააკაშვილი და ბოლომდე შეეცდება, მის ხელთ არსებული „საკანონმდებლო ნაჯახით“ მოივაჭროს ის, რაც მას უნდა. თუ ხელისუფლება ამ დათმობაზე არ წავა, ვიცნობ რა სააკაშვილს, ვფიქრობ, რომ შეეცდება კიდევ ერთხელ გაიბრძოლოს.
ის აზრი, რომ რაკი სააკაშვილის რეიტინგი კიდევ უფრო დაბალია და ბევრ ხალხს ვერ გაიყვანს პარლამენტში, არ იქნება მისთვის შემაკავებელი, რადგან მან თავისი ხალხი უკვე დაკარგა და კიდევ უფრო მეტ ხალხს დაკარგავს ამ 10-დღიანი პერიოდის დასრულების შემდეგ.
ამის შემდეგ სააკაშვილი უკვე წარსული ხდება, მცდელობაც კი ვერ ექნება პოლიტიკაში დარჩენის. ამით ის შეეცდება ისეთი მონოლითური გუნდი გაიყვანოს, რომელიც ფრაქციას აღარ დაუშლის.
ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა: მან უთხრა სააკაშვილს, რომ "ვერაფერსაც ვერ გაბედავს". როგორ ფიქრობთ, მათ შორის ამ თემაზე ლაპარაკი შედგებოდა და სააკაშვილი მთავრობის დათხოვნით დაიმუქრებოდა? შეიძლებოდა ასეთი დიალოგი შემდგარიყო?
- რაკი ივანიშვილმა ასეთი ფრაზა თქვა, არ არის გამორიცხული, რომ ეს თემა განიხილეს. კი, ვერ უნდა გაბედოს, თუ სააკაშვილი არის საღ აზრზე, მაგრამ სააკაშვილი დღის განმავლობაში რამდენი საათია საღ აზრზე და რამდენი საათი - ასტრალში, ეს არავინ არ იცის. მას შეუძლია, მიიღოს სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელიც მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ დაამძიმებს მის მდგომარეობას და ქვეყნის წინსვლასაც შეაფერხებს.
რა თქმა უნდა, შეიქმნება დესტრუქციული სიტუაცია, წარმოიდგინეთ ივანიშვილის მდგომარეობა, როდესაც მას აღარ ჰყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, წესრიგს არავინ აკონტროლებს და ამ დროს, ხალხი ქუჩაშია გამოსული. ერთადერთი, მისი პიროვნული ავტორიტეტი თუ შეაჩერებს ამ ხალხს და ეს საკმაოდ რთული იქნება, რადგან ხალხი გამწარებულია.
ბოლო დროს აშშ-ს ელჩი საკმაოდ ხშირად მონაწილეობს ყველა პროცესში, ერთია, რა არის მოსალოდნელი სააკაშვილისგან, მაგრამ რამდენად გაბედავს არა მხოლოდ საკუთარი ხალხის, არამედ დასავლეთის საწინააღმდეგოდაც გადადგას ნაბიჯი?
- სააკაშვილს არაერთხელ გადაუდგამს ნაბიჯი და დასავლეთი ფაქტის წინაშე დაუყენებია, მარტო აგვისტოს ომის შემთხვევაში არა, სხვა დროსაც, როდესაც ისე დააყენა საქმე, რომ როგორც სიტუაციის ერთადერთი წარმმართველი, ასე ელაპარაკებოდა დასავლეთს.
ამის გარდა, დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-ში, ძალიან დიდია ბიუროკრატიული აპარატი და ძალიან ძნელად იცვლიან შეხედულებებს. უჭირთ გადაწყობა ახალ რეალობაზე.
მართალია, აშშ-ს ელჩს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ბევრჯერ მოუხდენია დადებითი გავლენა პროცესებზე, მაგრამ დღეს სააკაშვილს მაინც აქვს მხარდაჭერა დასავლეთისგან. ერთი რომ დასავლეთი სრულად არ არის ინფორმირებული მისი ნამოღვაწარის შესახებ, ვგულისხმობ, დოკუმენტურად და მტკიცებულებებით. მეორე მხრივ, იმ დეპუტატების შრომაც ვისაც დასავლეთთან მუშაობა ევალება, ჯერჯერობით არ არის ისეთი ეფექტური, რომ მათი (დასავლეთის) გადაწყობა მთლიანად მომხდარიყო ახალ ხელისუფლებაზე. ამდენად, აშშ-ს ელჩის აქტივობა მხოლოდ სიტუაციის დარეგულირების მცდელობაა, რომ არ მოხდეს ტოტალური შეტაკება ამ ორ ხელისუფლებას შორის.
თუმცა არ მგონია, რომ ზეწოლა მიდიოდეს ახლა სააკაშვილზე, რომ მან ეს უფლება არ გამოიყენოს. დასავლეთის მხრიდან ივანიშვილის და მისი მთავრობის შეკავების მცდელობას უფრო ვხედავ სააკაშვილზე ზეწოლისაგან, ვიდრე იმას, რომ სააკაშვილმა ეს „ნაჯახი“ ხელიდან გააგდოს და ქვეყანაში არ სცადოს დესტაბილიზაციის გამოწვევა.
თანაც, არ მგონია, რომ სააკაშვილი რაიმე ზეწოლას დაექვემდებაროს, რადგან ის კარგავს ყველაფერს და ციხეში მიდის. თუ იმ ბერკეტს გამოიყენებს, რაც უკანონოდ, მაგრამ მაინც აქვს, ეს საკუთარი ტყავის გადარჩენის მცდელობა იქნება. თარიღებიც ერთმანეთს ემთხვევა - 19 აპრილს დანიშნული აქცია ემთხვევა იმ 10-დღიანი პერიოდის დაწყებას, როდესაც პარლამენტის დათხოვნის უფლება ეძლევა.
ანუ, თქვენ ვარაუდობთ, რომ 19 აპრილს გადახედავს ხალხის რაოდენობას და საბოლოოდ, ამის მიხედვით გადაწყვეტს, უღირს ვა-ბანკზე წასვლა თუ არა?
- გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს თუ არა, ამაზე რომ არ ვიმარჩიელოთ, შეგვიძლია, ვთქვათ, ის ამწიფებს სიტუაციას იმისათვის, რომ ნიადაგი მზად ჰქონდეს ამ გადაწყვეტილების მისაღებად.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებაში ლაპარაკი იყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებაზეც, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გამოიხატა პოზიცია, რომ არ აპირებენ ამ პროცედურის გამოყენებას. თქვენი შეფასებით, რა შეიძლება აღმოჩნდეს სააკაშვილისთვის შემაკავებელი?
- იმპიჩმენტი ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რაც სააკაშვილს არ მისცემს უფლებას, თავისი „ნაჯახი“ გამოიყენოს. მეორეა, ძლიერი პოლიტიკური ზეწოლა, რასაც ეს მთავრობა არ იყენებს. ვფიქრობ, რომ ის მხარდაჭერა რაც ივანიშვილს აქვს, მთლიანად უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება და ქვეყნის წინსვლა. ამისათვის საჭიროა ამ დესტრუქციული ფაქტორის განეიტრალება, თან მითუმეტეს, რომ ამ დესტრუქციის სათავე ქვეყნის პრეზიდენტია თავისი ინსტრუმენტებით.
გარდა ადმინისტრაციული და კონსტიტუციური ბერკეტებისა, მას აქვს ძალიან ბევრი ფული და დიდი ბერკეტები მედიაზე. სხვადასხვა არხებზე თოქ-შოუების გმირებად გადაიქცნენ თეა თუთბერიძე, თუ დანარჩენი ნაციონალები და მთელი დღის განმავლობაში მიდის სიცრუის მასობრივი ტირაჟირება.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბრძენი საზოგადოება გვყავს და იციან, რომ სააკაშვილის გუნდი დამნაშავეთა ბანდაა, მუდმივი პროპაგანდა გარკვეულ შედეგებს მაინც იძლევა.
ანუ, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ სააკაშვილის გასანეიტრალებლად?
- მე მომხრე ვარ უფრო ეფექტური ზეწოლის და რომ არ იყენებს ამ ბერკეტებს ივანიშვილი, ჩემში მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს, თუმცა ეს მიჩენს არამშვიდ და არაკომფორტულ განწყობასაც, ვიცი რა სააკაშვილის ბუნება და სრულიად არაადეკვატური აზროვნება.
ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზეწოლა, მათ შორის ზეწოლა, მაგრამ კანონიერი ზეწოლა სასამართლოზე. ასე, ვენეციის კომისიასთან წერილების გზავნით კუბლაშვილის სასამართლოს შევინარჩუნებთ წლების განმავლობაში.
მალე გავაკეთებ თემის პრეზენტაციას, „მართლმსაჯულება ციფრებში“, სადაც წარმოვადგენ 2005 წლიდან მოყოლებული მართლმსაჯულების სტატისტიკას. კუბლაშვილის ანგარიშებში წამოდგენილი ციფრებიც მეტყველებს, როგორი მართლმსაჯულება გვაქვს.
კუბლაშვილი არც უარყოფს ამ სტატისტიკას, ჯერ ნულოვანი ტოლერანტობა გვქონდაო, მერე ცოტა შევარბილეთო...
- მე მაქვს მაგალითები, როდესაც კონსერვის ქილის მოპარვისთვის, ერთი 20-ლარიანი, ჟანგიანი რადიატორის მოპარვის გამო, წლობით ციხეში სვამდნენ ხალხს. სამმა ბავშვმა 38 ლარი მოიპარა, ხუთი ეპიზოდი იყო, ერთ მოპარვაზე 2 ლარი ჰქონდათ მოპარული და 12-15 წლის ბავშვებს 6 წელი პატიმრობა მიუსაჯეს. სოციალურად დაუცველები არიან, სახლზე სახურავიც არ აქვთ და სთხოვდნენ, რომ 15 ათასი ლარი მიეტანათ. ამათმა სასამართლომ 15 წლის ბავშვს აღმკვეთ ღონისძიებადაც კი პატიმრობა შეუფარდა.
ხალხმა მილიონები რომ მოიპარა, გაქურდა ქვეყანა, მკვლელობები აქვთ ჩადენილი და ამ ხალხს გარეთ უშვებენ, აღმკვეთ ღონისძიებასაც კი არ უფარდებენ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, არსებით განხილვაში როგორც კი შევა პროკურატურა, იქაც საქმეებს წააგებინებენ, ამას როდემდე ვუყუროთ? მართალი და მკვდარი არ გინახავთ? ხომ შეიძლება კაცი მწვანეზე გადავიდეს, მანქანა დაეჯახოს და მოკლას, იძახე მერე მართალიაო.
ამიტომ, მომხრე ვარ, რომ სასამართლო რეფორმა უფრო ეფექტურად განხორციელდეს, რომ სააკაშვილის რეჟიმზე მიბმული მოსამართლეები ამ სისტემას ჩამოვაცილოთ. არავის არ მოვუწოდებ კანონის დარღვევისკენ, მაგრამ უფრო სწრაფი რეფორმა გვჭირდება და ვერაფერი ვერ წავა წინ, ვიდრე ამ დესტრუქციულ ბანდას, რომელსაც სხვადასხვა ინსტიტუტების კონტროლის მექნიზმები გააჩნია, არ გავანეიტრალებთ. ამათ რომ უყურო, ვერადროს ვერავის ვერ დაიჭერენ. ზოგადად, დაჭერების მომხრე არ ვარ, მაგრამ სამართლიანობა ხომ უნდა აღსრულდეს?! ეს რეფორმა სასწრაფოდ გვჭირდება, ვენეციის კომისია დღეს ვერ გაიგებს რაღაცეებს, მაგრამ ხვალ გაიგებს და საერთოდ, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ! ჩვენ უნდა ვიყოთ გამარჯვებულები.