სულ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტზე საუბრობდნენ. ამის მიზეზი ორი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის საკითხი გახდა, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, უმაღლესი იურიდიული განათლება და შესაბამისად, მოსამართლეებისათვის კანონით დადგენილი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებდნენ, რომ ვინაიდან კოტე კუბლაშვილი ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია და ეს ორგანო ახდენს მოსამართლეების გამწესებას, ამიტომ მოსამართლედ პიროვნების კანონის დარღვევით დანიშვნის გამო სწორედ კუბლაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას.
დღეს კი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი შეხვდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს და ამ შეხვედრიდან გამოსული, ასე ვთქვათ, თავზე ხელი გადაუსვა მას. ბიძინა ივანიშვილი კოტე კუბლაშვილთან შეხვედრას საინტერესოს უწოდებს და ამბობს, რომ საუბარი სასამართლოს რეფორმის აუცილებლობასაც შეეხო.
„საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს, რომ სასამართლო არის სამართლიანი. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ რეფორმა აუცილებელია, ამისთვის ბატონ კოტეს გააჩნია მზაობა. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროს და ახალი გუნდის მიერ, ამ რეფორმების 80%-ს ეთანხმება, მაგრამ აქვს კითხვებიც. უფრო კონკრეტულად სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ვერ ვიქნები პროფესიონალი. კარგად ვიცი ბატონი კოტეს ბიოგრაფია, წარსული და ვფიქრობ, მას აქვს საშუალება ღირსეულად დაასრულოს თავმჯდომარეობის ვადა და მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო დარჩეს საქართველოში. იმ პროცესებზე, რაშიც მას მონაწილეობა აქვს მიღებული, გასაგებია, რომ არსებობს კითხვები“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
მისი თქმით, კოტე კუბლაშვილთან ძირითად საკითხებზე თანხმდება, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ იმაზე - რამდენად ბევრი კითხვა არსებობს სასამართლოს მიმართ, რადგან ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე ამას კოტე კუბლაშვილი ვარაუდობს.
„ძირითად პრინციპებზე, - რომ სასამართლო უნდა გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, ვთანხმდებით. მე მას გარანტია მივეცი და შემიძლია გავიმეორო, რომ არ არსებობს ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის, ან კოალიციის ლიდერის, ან ჩემი გუნდის მხრიდან, ვინმემ გაბედოს და ჰქონდეს მცდელობა იმისა, რომ სასამართლოზე ზეგავლენა მოახდინოს ან სასამართლო პროცესებში ჩაერიოს. ამაში დავარწმუნე ბატონი კოტე“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
შეხვედრის შესახებ განცხადება კოტე კუბლაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შედგა, რასაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიესალმება.
„ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც აუცილებელია, - რომ სასამართლო სისტემა უფრო მეტად და ძლიერად წარმოდგენილი იყოს, როგორც დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი სისტემა. ეს შეხვედრა ამას ემსახურებოდა. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ხელისუფლებისგან არის გადმოდგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ სასამართლოს მიმართ ისინი იყვნენ სწორედ ისეთები, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლება – ობიექტური შემფასებლები გადაწყვეტილებებისა და ობიქტურად უნდა უყურებდნენ სასამართლოს საქმიანობას. ეს ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას. სასამართლო პირველ რიგში, თავისუფალია კორუფციისგან და ასევე უნდა იყოს პოლიტიკოსებისგანაც. მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ ეს ყველაფერი სასამართლოს დამოუკიდებლობას უხეშად და აშკარად არ უნდა შეეხოს“, - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
რას უნდა ნიშნავდეს პრემიერ-მინისტრის ასეთი შერბილებული პოზიცია კოტე კუბლაშვილთან მიმართებაში? როგორც ჩანს, ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი აღარც კი განიხილება, რადგან როდესაც შეხვედრის დასრულების შემდეგ იმპიჩმენტთან დაკავშირებით პრემიერ ივანიშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, მან თქვა, რომ იმპიჩმენტზე საუბარი არ ყოფილა და საერთოდ, ეს სიტყვა შეხვედრაზე არც კი უხსენებიათ. მაშინ, რა შეიძლება იყოს ის შეთავაზება, რაც პრემიერმა კოტე კუბლაშვილს გაუკეთა და დასავლეთის ზეწოლის გამო ხომ არ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ მმართველი გუნდის მოქმედების სტრატეგია, ამ კითხვებით ქართველ ექსპერტებს მივმართეთ.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ წარმოუდგენელია ბიძინა ივანიშვილმა სტრატეგია შეცვალოს, რადგან სამართლიანობის გამყარების აუცილებლობისა და გარდუვალობის შესახებ სტრატეგია საქართველოს მოსახლეობასთან არის შეთანხმებული. ამიტომ არც ერთი ფიზიკური პირი, თუნდაც უმაღლესი თანამდებობის მქონე, არ არის უფლებამოსილი გადაუხვიოს იმ გეზს, რომელზეც მას სამართლიანობა და ქართველი ხალხის ინტერესები ეგულება.
„ბევრისთვის სიახლეა, როგორც ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს ტონი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა პერსპექტივის მიმართ, ასევე ის სიმშვიდე და ოპტიმიზმი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს შენობაში საუბრობდა. თუმცა ეს სრულიად მკაფიო გზავნილია მათთვის, ვისზეც და ვისთანაც ის საუბრობს და ამ გზავნილის შინაარსი ორმაგ გაგებას არ ექვემდებარება. ეს გახლავთ შეთავაზება, ეს გახლავთ გაფრთხილება და პრემიერ-მინისტრის მზაობა, რომ გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, მის განცხადებებში ნაგულისხმებ პირებს აქვთ საშუალება, რიგითი მოქალაქისთვის კუთვნილი პირობებით საქართველოში მშვიდობიანი არსებობა გააგრძელონ“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ ივიწყებს ადამიანების უამრავ რაოდენობას, რომლებსაც სრულიად საფუძვლიანი მიზეზი გააჩნიათ, არ იზიარებდნენ ასეთ პოზიციას და მაინც ის საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას (როგორც უკვე გამობრძმედილი პოლიტიკოსი), რომ კონკურენტებთან, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან, დემაგოგებთან, საბოტაჟის მომწყობებთან, ცილისმწამებლებთან, მხოლოდ დაპირისპირების კუთხით არ შეიძლება იქნას წარმატება მიღწეული.
„ჩვენ მოწმენი ვართ იმ ახალი ტექნოლოგიისა, რომელსაც ბატონი პრემიერ-მინისტრი იყენებს და ალბათ, საზოგადოებაში იმის მოლოდინი არის, რომ „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“, - აცხადებს ექსპერტი.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ კუბლაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და ზოგადად, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საკმაოდ რბილი შეფასებები გააკეთა. ლორთქიფანიძის თქმით, ის განცხადება, რომ ბატონ კუბლაშვილს შეუძლია, თავისი მისია, უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარის რანგში ღირსეულად დაასრულოს, გარკვეულ გაუგებრობებს იწვევს, თუმცა გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ უწევს გარკვეული პოლიტიკური ლავირება, რათა შეასრულოს მნიშვნელოვანი საშინაო დავალება, რომელიც დასავლეთიდან აქვს მიღებული. უფლებადამცველის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის ასეთი დიპლომატია ოპოზიციის მიერ სასამართლოზე ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებული, საგარეო მოხმარებისთვის გამიზნული განცხადებების საპასუხო ნაბიჯია, რაც ქართულ საზოგადოებაში სამართლიან გულისწყრომას გამოიწვევდა, მაგრამ დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლის, რომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ესეც არის პოზიცია გარე მოხმარებისთვის.
„აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გადაცემა „აქცენტებში“ სასამართლო სისტემაზე საუბრისას, ქალბატონი თეა წულუკიანის ტონიც საკმაოდ ლოიალური იყო და საუბარი იყო იმაზე, რომ მოსამართლეები უნდა განთავისუფლდნენ იმ სტიგმისგან, რომ შესაძლოა, დევნის სუბიექტები გახდნენ და ერთგვარი ახალი ეპოქის დაწყების ფაქტის წინაშეც უნდა დადგნენ. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ სასამართლო არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო. სასამართლო საქართველოს სახელით იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის, - საბოლოო სასამართლო აქტებს, რომელთა ძალითაც ქვეყანაში ცხრა წლის განმავლობაში ათასობით ადამიანია დაზარალებული“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებით საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი მილიარდებში გამოისახება. ამიტომ როგორი სისტემაც არ უნდა შეიქმნას, წარმოუდგენელია, რომ ყველა ადამიანის მიმართ წარმოებული სამართლის აღდგენა, სამართლიანად იქნას მიჩნეული. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მოსამართლე არის არა მსხვერპლი იმ პოლიტიკური რეჟიმის, რომელსაც სააკაშვილი-ადეიშვილი-მერაბიშვილი მართავდნენ, არამედ თავად არის ამ რეჟიმის შემოქმედი. კერძოდ, მოსამართლეები ამ რეჟიმის დაკვეთებს აღასრულებდნენ კონკრეტული ბონუსების საფასურად, რაც გამოხატებოდა ძალიან მაღალ ხელფასებსა და პრემიებში, ასევე ძალიან შეღავათიანი კრედიტებით სარგებლობის პრეფერენციებში, ხშირ შემთხვევაში, ასევე სიმბოლურ ფასად ნაჩუქარ ბინებში და ა.შ. ამიტომ დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ თუკი ეს განცხადებები გარემოხმარებაზეა გათვლილი, საზოგადოება ამას გაგებით მოეკიდება, მაგრამ ამას გარკვეული ლოგიკური და სამართლიანი გაგრძელება უნდა ჰქონდეს, რაც ყოველ მიზეზ გარეშე, საზოგადოების ინტერესზე გაივლის.
„ჩვენ ვთანხმდებით, რომ „ქართული ოცნება“ სამართებლის პირზე დადის, მარცხნივ არის დასავლეთის მოთხოვნები, ხოლო მარჯვნივ - საზოგადოების მოთხოვნები. მინდა მჯეროდეს და ღრმად მწამდეს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ყველა ვარიანტში ქართველი ხალხის ინტერესებზე გაივლის და აღდგება ის დანაპირები, რომელმაც ეს კოალიცია ხელისუფლებაში მოიყვანა. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა, რომელსაც არავინ უნდა მიანიჭოს ნიშნისმოგებით საუბრის დატვირთვა. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ამაში 14 აპრილს დაანონსებული ერთიანი ეროვნული ყრილობა, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართება და რომელსაც ჩვენი პოლიტპატიმრები უდგანან სათავეში, მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს მმართველი გუნდის ქმედებებს ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ“, - ამბობს უფლებადამცველი.