საიდუმლო გეგმა, რომლითაც “ნაციონალები” ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებენ

საიდუმლო გეგმა, რომლითაც “ნაციონალები” ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებენ

მაშ ასე, ოპოზიციაში “გადაბარგებული” “ნაციონალები” დიდ ფაცი-ფუცში არიან: აქეთ თბილისის არჩეული მერის, გიგი უგულავას წამებულად შერაცხვას ცდილობენ, იქით _ 19 აპრილისთვის დაანონსებული აქციისთვის “პატრიოტებს” ეძებენ. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი “ვადაგასულ პრეზიდენტად” მიიჩნევს, როგორც იტყვიან, ნიანგის ცრემლებს “აღვარღვარებს”, ჩემი ხელისუფლების მთავარი შეცდომა წვრილ მეწარმეებზე თავდასხმა იყო, ციხეებისთვისაც მეტი ყურადღება უნდა დამეთმოო... ყოფილი მმართველი გუნდი უარს, ცხადია, არც ავანტიურა-ინტრიგებზე ამბობს, რისი მკაფიო მაგალითიც ვანო მერაბიშვილის თბილისის მერის მოადგილედ, სევდია უგრეხელიძის კი, ვიცე მერად დანიშვნაა. აქვე, საგულისხმოა ერთი დეტალი: “ნაცმოძრაობას” ისეთი მგზნებარე “ნაციონალები” ტოვებენ, როგორიც, მაგალითად, ნიკოლოზ ხაჩირაშვილია... ქართული პოლიტიკის ღია და დაფარულ დინებებზე “ქართული სიტყვა” პოლიტიკურ მიმომხილველ კახი კახიშვილს ესაუბრა.

_ ბატონო კახი, კანონით, დედაქალაქის არჩეულ მერს აქვს თუ არა უფლება, რომ მოადგილე დანიშნოს და, საერთოდ, ივანე მერაბიშვილის მოადგილედ დანიშვნა რას ემსახურება?
_ თანამდებობაზე არჩევნების გზით მოსულ თბილისის მერს აქვს უფლება, რომ მოადგილე დანიშნოს. რაც შეეხება ამ თანამდებობაზე ივანე მერაბიშვილის დანიშვნას, მერია თბილისის თვითმმართველობის ორგანო კი არა, “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი პოლიტიკური ტრიბუნა იყო და არის. ამასთან, ,,ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები და აქტივისტები ამ უწყებაში საქმდებოდნენ. ამ ადამიანებს, მერის მოადგილედ მერაბიშვილის დანიშვნით, შეექმნებათ განცდა, რომ სიტუაციას ,,ნაცმოძრაობა” აკონტროლებს. პირველი ვიცე მერი, კანონით, საკრებულოს წევრი უნდა იყოს. ამ თანამდებობაზე გიგი უგულავამ სევდია უგრეხელიძე ამიტომაც წარადგინა, მაგრამ მერის პირველი და ჩვეულებრივი მოადგილეც, რეალურად, ვანო იქნება _ კარგი მენეჯერული გამოცდილება და პარტიაში ავტორიტეტი აქვს. ამასთან, მერიის სამსახურების „ნაციონალი” კადრების მიერ მოპოვებული ინფორმაცია სხვის ხელში არ უნდა მოხვდეს. ამიტომ, ვანო ამ ინფორმაციებს თვითონ გადაახარისხებს და მიზანმიმართულად გამოიყენებს.

_ ისე, თვალშისაცემია, რომ სხვადასხვა მაქინაციაში ბრალდებული მერი სოციალურად დაუცველ ოჯახებს სტუმრობს და თავი ისე უჭირავს, რომ ხალხის ჭირ-ვარამზე მეტი თითქოს არაფერი აინტერესებს...
_ ,,ნაცმოძრაობა” პიარზეა გადასული და მერწმუნეთ, ხალხში იმდენს ივლის, რამდენიც არასოდეს უვლია. ყოფილმა მმართველმა პარტიამ პიარის ტაქტიკა შეცვალა, რადგან იმის ძახილმა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, ახალ სახელმწიფოს აშენებდნენ და ბევრი პროექტი ჰქონდათ განსახორციელებელი, ხალხის აგრესია გამოიწვია. ამიტომ, მწუხარე ადამიანის ნიღაბაფარებული “ნაციონალები” დღეს წუწუნებენ, შეცდომები გვქონდა და არ გვინდა, ახალმა მთავრობამ იგივე შეცდომები დაუშვასო.

_ და პიარის ეს ახალი ტაქტიკა წარმატებული იქნება?
_ ცხრაწლიანი მმართველობის დროს ,,ნაციონალები” პიარის ტექნოლოგიებს კარგად დაეუფლნენ და ამიტომაც ახერეხებდნენ, დასავლეთი დაერწმუნებიათ, ,,დემოკრატიის შუქურები” ვართო. ამ საქმეში ,,ქართული ოცნება” მოიკოჭლებს _ ვერ ახერხებს, სათანადოდ დაამუშავოს და საზღვარგარეთ მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. უმრავლესობა ამბობს, დასავლეთის იგივე პიარით გამოკვებას ხომ არ გავაგრძელებ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდაო?! სააკაშვილივით, უსაქმო ტრაბახი და ტყუილი საჭირო არაა, მაგრამ იმის მიწოდება, რაც ქვეყანაში სასიკეთო ხდება, აუცილებელია.

ამასწინათ, პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, უამრავი პროექტი, მაგალითად, სიღნაღი, ბათუმი, სვანეთი გვქონდა განსახორციელებელი, მაგრამ ფული არ გვქონდა და ვისაც ჰქონდა, იმას ვართმევდითო. ეს განცხადება, ჩემი აზრით, დანაშაულის პირდაპირი აღიარებაა, რომელშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ახლაც არ ესმის სააკაშვილს, რომ თითოეული ამ პროექტის უკან გაძარცვული ოჯახი, წართმეული ქონება, დაპატიმრებული ხალხი და საპროცესო გარიგებით გაკოტრებული თუ უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები, ციხეში განადგურებული ჯანმრთელობა და შერყეული ფსიქიკა დგას და ყველაფერი ეს იმიტომ ხდებოდა, რომ სააკაშვილის ხუშტურები აესრულებინათ. სწორედ ამიტომ მიიღეს პირველი ოქტომბერი _ არჩევნები  სააკაშვილმა მთელ საქართველოში წააგო. არადა, “ნაციონალები” დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ხელისუფლებაში სამუდამოდ იქნებოდნენ... მათი დღევანდელი განცხადება, ფული შინ კი არ წაგვიღია, არამედ, საქმეს მოვახმარეთო, გამომწვევია...
2003 წელს ხალხმა სააკაშვილი პარლამენტში, რომელსაც პოლიციის სამი კორდონი ჰქონდა შემორტყმული, რიგითი დეპუტატის რანგით შეიყვანა და პრეზიდენტად გახადა. 2012 წელს კი, მიშამ, პრეზიდენტის რანგში, ვერც პარლამენტში შესვლა მოახერხა და ვერც _ ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მეტიც, ქუჩაშიც უჭირს გადაადგილება _ კვერცხებს ესვრიან. აი, ესაა ხალხის ძალა. სამწუხაროდ, ახალი მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთ წევრსაც ავიწყდება, ხელისუფლებაში ვისი ხელით მოვიდა _ ხალხთან დაშორება შეინიშნება და თუ ასე გაგრძელდა, მოუწევთ “ნაციონალების” ბედის გაზიარება. აკონსტიტუციო, სისხლის სამართლის თუ სხვა საკანონმდებლო ცვლილებები ორი-სამი კაცის მიერ იგეგმება, ხალხთან ლაპარაკს კი მაშინ იწყებენ, როცა რამე ისე არ გამოსდით, როგორც უნდათ. ამიტომ, უმრავლესობას ვურჩევ, ყველაფერი ხალხთან თავიდანვე შეათანხმოს.

_ “ნაციონალები” აცხადებენ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკითხვებზე დაბარებით დასავლეთი შეშფოთებულიაო, თუმცა უგულავასთან დაკავშირებით “დასავლური შეშფოთება” ჯერ არ მოგვისმენია...
_ ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა საქმის ვითარება არ იცის და განცხადებებს ასე აკეთებს. აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტისა და სხვა ოფიციალური უწყებებიდან კი, ამ საქმეზე უარყოფითი განცხადება არ გაკეთებულა. არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპაში ბევრი არაკომპეტენტური და კორუმპირებული პოლიტიკოსია. სხვათა შორის, 2004 წელს სააკაშვილმა ევროსაბჭოს მდივანს კორუმპირებული და ,,ფულის ტომარა” უწოდა.

_ ...ბატონო კახი, ვანო მერაბიშვილი “ქართველ პატრიოტებს” 19 აპრილს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ეს დაანონსებული დესტაბილიზაციაა?
_ ეს მოწოდება ტემპერატურის აწევას ემსახურება, ანუ ,,ნაცმოძრაობა”, ერთის მხრივ, საკუთარ მხარდამჭერებს ამხნევებს, ვიცი, რღვევის პროცესია დაწყებული, მაგრამ არ დაიშალოთო. მეორეს მხრივ კი, ხალხს ანიშნებს, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ბერკეტები მაქვსო. ამასთან, ასეთი განცხადებებით “ნაციონალებს” ,,ქართული ოცნება” მუდმივ შიშში ჰყავთ, აი, პრეზიდენტი ძალას მოიკრებს და მთავრობას დაითხოვსო. ყველაფერ ამის მიზანი  კი, ვაჭრობაა, რომ მოლაპარაკების პროცესში ხელისუფლებამ ბევრი დათმოს. მიშა სააკაშვილი ამ ბერკეტის ამოქმედებას, რასაც მთავრობის დათხოვა ჰქვია, ვერ გაბედავს, რადგან კარგად იცის, ამას რაც მოჰყვება _ ბიძინა ივანიშვილი ნიკა გილაური არაა, რომლის გადაყენებაც ხალხისთვის საინფორმაციო გამოშვების ნაწილი იქნება. ივანიშვილი ის პრემიერია, რომლის გამოც “ოცნება” მთავრობაშია, ,,ნაცმოძრაობა” კი, _ ხელისუფლებას ჩამოშორებული. ხალხმა ივანიშვილი, არაპირდაპირი წესით, პრაქტიკულად, პრეზიდენტივით აირჩია. მოკლედ, სააკაშვილმა იცის, რომ ამ ბერკეტის ამოქმედებით ისეთ საპროტესტო ტალღას მიიღებს, რომელთანაც დღევანდელი კოჰაბიტაცია ტკბილი მოგონება იქნება!

_ ვანო მერაბიშვილი, რომლის შს მინისტრობის დროს მთელ ქვეყანას უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ, აცხადებს, ივანიშვილი პროვინციული დიქტატურის კარიკატურააო...
_ ცხრა წლის განმავლობაში ხალხმა კარგად გაარკვია, ვინ არის დიქტატორი. “ნაციონალებმა” მთელი კანონმდებლობა იმაზე ააგეს, რომ ქვეყანაში პირველი პირი _ სააკაშვილი კომფორტულ გარემოში ყოფილიყო და მისი ნებისმიერი სურვილი შესრულებულიყო. დღეს ხალხს დაძინების აღარ ეშინია, რადგან იცის, რომ შუაღამისას არავინ შეუვარდება და, კამერების წინ, ნახევრად შიშველს არ დააპატიმრებს, მაგრამ ამით ახალი ხელისუფლება დიდხანს ვერ იტრაბახებს. იმ რეფორმების გატარებაა საჭირო, რომლის საფუძველზეც ადამიანები თავს საზოგადოების  სრულუფლებიან წევრებად იგრძნობენ...

_ იზიარებთ მოსაზრებას, რომ “ნაცმოძრაობა”, როგორც პარტია, უნდა აიკრძალოს?
_ ჯერ ერთი, ეს შეუძლებელია, მეორეც, ეფექტური გადაწყეტილება არ იქნება...

_ მართალია, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო, მაგრამ ახალი უმრავლესობის წევრებიც აღიარებენ, რომ მთავარი პროკურატურის სამართალი “ურმით დადის”...…
_ მთავარი პროკურატურის მუშაობით მეც გაკვირვებული ვარ... გულისტკივილით ვამბობ, რომ მთავარ პროკურატურაში კადრები ნათელ-მირონობით დაინიშნა და ისევ იმ ადამიანებს ვხედავთ, რომლებიც წარმატებულად მუშაობდნენ ადეიშვილის დროს და მის დავალებას _ კონკრეტული ოჯახიდან ფულის ამოღების შესახებ, დიდი სიამოვნებით ასრულებდნენ. ეს კადრები კბილაშვილს პრობლემებს შეუქმნიან.
საერთოდ, ბევრი საპასუხისმგებლო პირი და სახელმწიფო ჩინოვნიკი სათანადოდ მომზადებული არაა. სამოქალაქო სექტორში მათი მოღვაწეობა შეიძლება, ეფექტური იყო, მაგრამ კონკრეტულ უწყებაში ზედაპირული ცოდნა ისეთი ოპონენტის წინაშე, როგორიც ,,ნაცმოძრაობაა”, დამღუპველია. მინისტრები  პოლიტიკური ფიგურები არიან და უმეტესად მოადგილესა თუ დეპარტამენტის  თავმჯდომარეზეა დამოკიდებული, რომელსაც მინისტრთან ინფორმაცია ისე მიაქვს, როგორც აწყობს. სახელმწიფო უწყებებში ბევრი “ნაციონალია” დარჩენილი... როცა ამბობენ, გუნავას, კალანდაძისა თუ გვარამიას დაკავების ფორმები ეჭვს იწვევსო, შეიძლება, დავსვათ მარტივი შეკითხვა: კბილაშვილს ინფორმაცია ისე ხომ არ მიაწოდეს, რომ ამ დაკავების სამართლებრივი საკითხი სამსჯავრო გამხდარიყო? გუნავამ იარაღის საკითხზე თავი, შესაძლოა, სპეციალურად დააჭერინა, რაც შემდეგ, “ნაციონალებმა” კარგად გამოიყენეს.
საერთოდ, ,,ნაციონალები” ყველა შეცდომას თავიანთ სასარგებლოდ შესანიშნავად იყენებენ.

დარწმუნებული ვარ, კუბლაშვილის სასამართლო შეეცდება, რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს. მთელი სასამართლო ასეთ სტრატეგიაზეა გადასული: ყველანი გარეთ! ამასთან, “ნაციონალები” ცდილობენ, ერთის მხრივ, ქვეყანაში კრიმინალური ფონი გაზარდონ, მეორეს მხრივ კი, დაუსჯელობის სინდრომი შექმნან. ასე სახელმწიფო მმართველობა დასუსტდება და ,,ნაცმოძრაობას” ხელისუფლების უზურპაციის საშუალება მიეცემა. ამას “ნაციონალები” ძველი სახეებით ვერ მოახერხებენ, მაგრამ საიმისო ფული აქვთ, რომ ახალი პარტია შექმნან, სადაც ნაკლებად ცნობადი სახეები და მათი მხარდამჭერები შევლენ. მოკლედ, დღეს ,,ნაციონალების” ამოცანა სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და თანამდებობის პირების დისკრედიტაციაა. საამისოდ ბევრი, სერიოზულად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნეს, სადაც ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები და მათი მოადგილეები გაწევრიანდნენ...

_ “ნაციონალები” კატეგორიულად მოითხოვენ, პარლამენტმა კონსტიტუციაში ჩაწეროს, საქართველოს საგარეო კურსი პროდასავლურიაო...
_ ესეც ვაჭრობის საგანია და მეტი არაფერი. “ნაციონალები” გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ნატო-სკენ მიისწრაფიან, მაგრამ ცხრა წლის განმავლობაში “ნაცმოძრაობამ” ევროპასთან დასაახლოებლად რა გააკეთა? _ ის, რომ  სასამართლო პროკურატურის სურვილებზე იყო დამოკიდებული, თუ ის, რომ ევროპაში პატიმრებით პირველ ადგილზე ვიყავით? ევროპული კურსი მათ საგარეო რეკლამისთვის სჭირდებოდათ, თორემ წმინდა კომუნისტური კურსი ჰქონდათ _ მთელი ქვეყანა ერთი ადამიანის ხუშტურზე იყო აწყობილი. დღეს სტალინის ძეგლებს ებრძვიან. ძეგლი კი არა, ცოცხალი სტალინი _ რუსული ჯარი დაგვიყენეს თბილისიდან 40 კილომეტრში. სხვათა შორის, გამოძიება იმითაც უნდა დაინტერესდეს, თუ რატომ დაარქვეს კოდორს ზემო აფხაზეთი.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, რომელ ნორმალურ ქვეყანას არ სურს, რომ მეზობელთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს? ამ ურთიერთობის გარეშე, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება წარმოუდგენელია. ამდენი წელი სააკაშვილი უგულებელყოფის პოლიტიკას ატარებდა და ვერაფერი მივიღეთ. მთავარი ის კი არაა, თუ რა ჩაიწერება კონსტიტუციაში, არამედ, _ რეფორმებია, რომლებიც დემოკრატიულ ფასეულობებსა და მეზობლებთან ნორმალურ ურთიერთობებზე უნდა იყოს ორიენტირებული...  

_ რა ამის პასუხია, ბატონო კახი და, სააკაშვილმა განაცხადა, პირველი ოქტომბრის არჩევნებში “ნაცმოძრაობას” რომ გაემარჯვა, პოლიტიკიდან  წასვლას ვაპირებდიო...
_ ხელისუფლებაში 50 წლით იყო მოსული და მისი გეგმები მთელ 21-ე საუკუნეს სწვდებოდა. სააკაშვილს ხშირად იაპონიის მაგალითი მოჰყავდა, სადაც მმართველი პარტია აყვავებული ქვეყნის სათავეში 30 წელია. სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობისთვის ემზადებოდა და ათონელის ქუჩაზე სასახლესაც აშენებდა. ის ძალაუფლების მოყვარულია და დღესაც ყველაფერს აკეთებს, რომ ვაჭრობის შედეგად ისეთი გარანტიები მიიღოს, რომლებიც ძალაუფლებას შეუნარჩუნებს.
პარლამენტი რეალურად არც ქართველი ხალხის ნებას ასახავს და არც _ გემოვნებას. ის კონტრასტული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიღებული პარლამენტია. ამიტომ, ნორმალური ქვეყნის ასაშენებლად, საჭიროა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, რომელსაც ახალი პრეზიდენტი დანიშნავს. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც თამაშგარე მდგომარეობაშია, მიეცემა შანსი, თანაბარი საარჩევნო კამპანიის პირობებში, ამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა...