რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მის მოწამვლაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა მასთან სატელეფონო საუბარში დანაშაული აღიარა.
ალექსეი ნავალნის თქმით, ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ოფიცერს, კონსტანტინე კუდრიავცევს დაუკავშირდა და თავი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის თანაშემწედ გაასაღა. სატელეფონო საუბრის დროს ალექსეი ნავალნიმ კონსტანტინე კუდრიავცევს ჰკითხა, რატომ განიცადა ალექსეი ნავალნის მოწამვლის ოპერაციამ კრახი.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ოფიცერმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის ოპერაცია კარგად დაგეგმილი იყო, ხოლო ოპერაციის კრახი გარემოებათა დამთხვევით აიხსნება. „ეფესბეს“ ოფიცერი დარწმუნებულია, რომ ალექსეი ნავალნი ვერ გადარჩებოდა, თვითმფრინავის პილოტი საგანგებოდ რომ არ დაშვებულიყო ქალაქ ომსკში.
კონსტანტინე კუდრიავცევმა სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა და მასში მონაწილე „ეფესბეს“ სხვა თანამშრომლებიც დაასახელა.
კონსტანტინე კუდრიავცევმა განაცხადა, რომ მომწამვლელი ნივთიერება ალექსეი ნავალნის საცვლებში იყო დამალული.
ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.