"ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ სტრატეგიას არ ღალატობს და საქართველოს საგარეო უწყებაზე მორიგ შეტევას ახორციელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ყარაბაღის საკითხის აზერბაიჯანული მხარის სასარგებლოდ გადაჭრას დაუჭირა მხარი. საპარლამენტო უმცირესობამ მინისტრის გადადგომაც მოითხოვა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკანიანის განმარტებით კი მაია ფანჯიკიძის განცხადება, სხვადასხვა მედია- საშუალებების მიერ ინტერპრეტირებული იყო. მან ასევე არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ამის გამო მაია ფანჯიკიძემ მთავრობის მეთაურისგან შენიშვნა მიიღო და შესაძლოა, მან თანამდებობა დატოვოს.
ზალკანიანის განმარტებით, საპარლამენტო უმცირესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სცადა ეს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა. მისივე თქმით, ეს საკითხი განხილვის თემა მხოლოდ მედიაშია და არა ოფიციალური არხების მეშვეობით, მათ შორის ეს არ იქნება განხილვის თემა არც სომხეთში, სადაც უახლოეს მომავალში პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი იგეგმება და მაია ფანჯიკიძე დელეგაციის წევრია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ურჩევს, მისი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციაზე „გამოკიდების“ ნაცვლად, საქმეზე იფიქრონ. სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ფანჯიკიძე გაუგებრობას უწოდებს და განმარტავს, რომ მისი განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა: „რამდენადაც მე ვიცი, სომხეთის მედიამ გამოასწორა არასწორი ინტერპრეტაცია, რომელიც გავრცელდა და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო სიტყვა სიტყვით ჩემი განცხადების ჩანაწერი. აქედან გამომდინარე, არანაირი პრობლემა არ არსებობს“, - აცხადებს ფანჯიკიძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა ლიტვაში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც მაია ფანჯიკიძე აზერბაიჯანთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი სტუმრის კითხვას პასუხობს. რატომ აგორდა სკანდალი და რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს პრემიერ-მინისტრის სომხეთში დაგეგმილ ვიზიტს, რა შეიძლება მიიღოს სიტუაციის გამწვავებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რატომ არის დაინტერესებული საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომით, ამ თემებზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი მწვავე შეფასებები, მითუმეტეს, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ მსგავსი არაფერი თქმულა?
- იმ განცხადებაში რაც მე მოვისმინე, ქალბატონი ფანჯიკიძე ამბობდა, რომ ტერიტორიულ მთლიანობას ზოგადად მხარს ვუჭერთ, მაგრამ ყველა კონფლიქტი არის ზოგადად, სპეციფიკური, ამ კონფლიქტიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი და საქართველო არ არის ჩართული ამ პროცესში. რომ ითქვას, მაია ფანჯიკიძემ აზერბაიჯანის მხარე დაიჭირა, ამ ტექსტიდან გამომდინარე, ამისი მტკიცება საკმაოდ რთულია.
ეს, და არა მარტო ეს, არამედ ყველა განცხადება თუ ქმედება, რასაც ახალი ხელისუფლება გააკეთებს, გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სურათი წარმოაჩინოს ძალიან მუქ ფერებში.
ამას დავუმატოთ ის, რომ ივანიშვილის ამასწინანდელი ვიზიტი ბაქოში ნაციონალებისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა -ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული იყო. გამომდინარე თუნდაც იქიდან, რომ ოპონენტებმა ვერ მოძებნეს ისეთი კუთხე, რომ ეს ვიზიტი გაეკრიტიკებინათ ან რაიმე ინტერპრეტაცია მიეცათ.
როდესაც სომხეთს ეხება საქმე, აქ არის კიდევ ერთი საინტერესო და საყურადღებო მომენტი. სომხეთში მოდის საპრეზიდენტო არჩევნები. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ სომხეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტს არ ექნება ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა კომენტარები, სადაც პრეზიდენტობის ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა არასასურველად მიიჩნია ამ ეტაპზე ივანიშვილის სომხეთში ჩასვლა და ჩათვალა, რომ ეს არის სომხეთის შინაურ საქმეებში ჩარევა.
ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ სომხურ ოპოზიციაში ივანიშვილის ვიზიტი აღქმული იქნება, როგორც არსებული ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა და ამას ნეგატიური ფონი აუცლებლად მოჰყვება სომხური ოპოზიციის მხრიდან.
არაერთხელ მითქვამს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საკმაოდ დახვეწილი პიარ-ტექნოლოგიები. დღეს უკვე მიმდინარეობს ნიადაგის შემზადება და ვიცით, რომ ივანიშვილის ვიზიტს აუცილებლად მოჰყვება სომხური ოპოზიციის კრიტიკა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უკვე შემოტრიალდება საქართველოსკენ და ფანჯიკიძის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი შესაძლოა, მას მიაწერონ. ასეთი თამაშიც შეიძლება განვითარდეს.
რატომ აღიქვამს სომხური ოპოზიცია ამ ვიზიტს ასე მწვავედ?
- მოგეხსენებათ, არჩევნები თებერვალშია, ნებისმიერ მაღალი რანგის ვიზიტს სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება გამოიყენებს თავის სასარგებლოდ, პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. წინასაარჩევნოდ ჩვენთანაც ანალოგიური ხდებოდა, მაღალი რანგის ვიზიტები ჩვენი ოპოზიციის მხრიდანაც საარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხარდაჭერად აღიქმებოდა. ცხადია, სომხეთშიც იგივე ხდება.
ანუ, სომხური ოპოზიცია ამ ვიზიტს ცუდად რომ შეხვდება, ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასწარ იცის და ამიტომ წინასწარ ამზადებს ფონს იმისათვის, რომ შემდეგ კიდევ რაღაც შეტევა განახორციელოს საქართველოს ხელისუფლებაზე.
ეს ხომ არ არის პასუხი ელჩების გამოწვევაზე, ცოტა ხნის წინ მაია ფანჯიკიძემ პრეზიდენტს მიაწოდა სია ელჩებისა, რომელთა გამოწვევასაც ითხოვს...
- რა თქმა უნდა, ესეც არის, რადგან პრეზიდენტი და ძველი ხელისუფლება იძულებულია დათმობებზე წავიდეს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ელჩების საკითხი, რადგან ეს კოჰორტა ელჩებისა რომლის გამოწვევაც სურს ახალ ხელისუფლებას, არის ის საშუალება, რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახერხებს დასავლეთში ხელისუფლების დონეზე შექმნას „ქართული ოცნებისთვის“ და ამ შემთხვევში, მე ვიტყოდი, საქართველოსთვის არასასიამოვნო ფონი - რომ ის, რაც საქართველოში ხდება, ეს არის პოლირტიკური ოპონენტების დევნა, მედიასაშუალებების შევიწროება და ა.შ.
თუ შეტევა სწორად და მასირებულად მოხდება ფანჯიკიძეზე, რაც მოვისმინე აკაკი მინაშვილისაგან (საპარლამენტო უმცირესობა მის გადაყენებას ითხოვს), მაშინ შანსი იმისა, რომ ნაწილი ამ ელჩებისა, ისევ შეინარჩუნონ, როგორც ჩანს ექნებათ. როგორც ჩანს, მათ ეს გათვლაც აქვთ.
მაია ფანჯიკიძის ვიზიტებისადმი ერთგვარი ჩასაფრებული დამოკიდებულება საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან სიახლე არ არის. მას წარმატებული ვიზიტები აქვს უცხოეთში და ნაციონალებს ეს აღიზიანებთ თუ საგარეო საქმეთა მინისტრი რაღაცაში ხელს უშლით?
- ვიზიტების წარმატება-წარუმატებლობაზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან როგორც წესი, ასეთი ვიზიტები ხელშესახებ შედეგს მყისიერად არ იძლევა და ეს გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდება.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, მაია ფანჯიკიძის მოთხოვნით ელჩების გამოწვევის შესახებ, ის მექანიზმი ეცლებათ ხელიდან, რასაც ყოველდღიური, მასირებული შეტევისათვის იყენებდნენ დასავლეთში - შეექმნათ განწყობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. მათ საამისიოდ რაღაც საფუძველი უკვე შექმნეს და თვლიან, რომ ამას ყოველდღიური სტიმულირება სჭირდება.
თუ საგარეო საქმეთა მინისტრი შეიცვლება, ახალ მინისტრს კვლავ „ქართული ოცნება“ წარადგენს, რომელმაც ნაკლებად სავარაუდოა, ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით სხვა პოზიცია გამოხატოს. ასეთ შემთხვევაში ნაციონალებს მხოლოდ გარკვეული დროის მოგება შეუძლიათ, მეტი არაფერი და როგორ ფიქრობთ, ამაზეა საუბარი, რომ მათთვის სასურველ ელჩებს რაღაც პერიოდით გაუხანგრძლივონ თანამდებობაზე ყოფნა?
- ალბა, ამაზეც არის გათვლა, რადგან პოლიტიკისთვის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და დროით ბევრი რაღაცის მოგება შეიძლება.
რამდენიმე გეგმა შეიძლება იყოს ჩადებული უმცირესობის ამ განცხადებაში. თუ ისინი დაამტკიცებენ, რომ მაია ფანჯიკიძე არაკომპეტენტურია, მაშინ ლოგიკურად გამოდის, რომ ის არაკომპეტენტური იქნება ელჩების შეფასებაშიც. ამდენად მისი მოთხოვნაც, ელჩების შეცვლაზე გამოდის არაკომპეტენტური და ვფიქრობ, ეს ჩარჩო იკვეთება და თუ მინისტრი გადადგება, ალბათ, ეს საკითხიც დროში გაიწელება.
რაც შეეხება სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობას განსაკუთრებით მნიშვლელოვანია საქართველოსთვის რეგიონში დალაგებული ურთიერთობა. როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კუთხითაც შეეცდება პროვიცირებას?
- ამისი მცდელობა უკვე არის, მათ ალბათ, დიდი იმედი ჰქონდათ, რომ რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით სკანდალი აგორდებოდა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რა განცხადებაც ივანიშვილმა გააკეთა. ისინი თვლიდნენ, რომ ბაქოში ვიზიტი არ იქნებოდა წარმატებული. ალბათ, იმასაც ცდილობდნენ, რომ სააკშვილისა და ალიევის კარგი ურთიერთობა გამოეყენებინათ - ყოველ შემთხვევში, ჩვენ ასე გვეუბნებოდნენ, რომ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მაგრამ რაკი ეს მომენტი გამოითიშა, ახლა სომხეთის პროვოცირებას ცდილობენ იმ კუთხით, რომ აი, საქართველო ყარაბაღის საკითხის აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვეტას უჭერს მხარს და ქართული ხელისუფლება ანტისომხურია.
მინდა ვთქვა, რომ თუ საერთოდ საგარეო ურთიერთობებში რაიმე ნათელი წერტილი გვაქვს, ჯერ კიდევ 1988 წლიდან მოყოლებული, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო, ეს ჩვენი პოზიციაა. მაშინაც ძალიან დიდი ზეწოლა იყო ორივე მხრიდან ეროვნულ მოძრაობაზე, რომ როგორმე რომელიმე მხარე დაგვეჭირა. ჩვენ ვთქვით, რომ ამ კონფლიქტში ვერ ჩავერევით და არ ჩავერევით, რომ ეს თავად კონფლიქტის მონაწილეებმა უნდა გადაწყვიტონ. ეს იყო ყველაზე რეალური, ნეიტრალური პოზიცია და აი, ამის დარღვევას აბრალებენ მაია ფანჯიკიძეს, რამდენადაც ვხვდები.
ცოტა ხნის წინ ასეთი მოსაზრებებიც გამოითქვა, რომ თუ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა სომხეთი დაითანხმოს იმაზე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე დაითანხმოს, რამდენად რეალურია ასეთი ვერსიის განხილვა?
- შეიძლება ასეთი ვარაუდი, თუმცა ძალიან მეეჭვება. თუნდაც ყოფილიყო მსგავსი განცხადება, ასეთი ერთჯერადი განცხადების გამო სომხეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამ რაიმე რადიკალური ნაბიჯი გადადგას. არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, განცხადებებზე რეაგირებისთვის სომხეთს უფრო რეალური არგუმენტები დასჭირდება, რადგან ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდება თუ ქართულ-სომხური ურთიერთობები გამწვავდება. არ მგონია ეს სომხურ ან ქართულ ინტერესებში შედიოდეს.