საქართველოს პარლამენტმა პატიმრების ამნისტია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა პატიმრების ამნისტია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა დაახლოებით 3000 პატიმრის გათავისუფლებას და ათასობით პატიმრისთვის საპატიმრო ვადის შემცირებას.

საქართველოს წინა ხელისუფლებას, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, პატიმრების წამებასთან დაკავშირებულმა სკანდალმა დარტყმა მიაყენა.

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავრობა, რომელიც პრეზიდენტის ოპონენტია, აცხადებს, რომ ბევრი ადამიანი უსამართლოდ იყო დაპატიმრებული.

მაგრამ სააკაშვილმა ამნისტიას „კრიმინალების მასობრივი გათავისუფლება“ უწოდა და განაცხადა, რომ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

პატიმრების პირველი ნაწილის გათავისუფლებას კვირას საღამოს ელოდებიან.

თბილისში BBC-ის კორესპონდენტ დემიენ მაკგინესის თქმით, ზოგიერთ ქართველს ეშინია, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება 1990-იანი წლების კრიმინალურ წლებთან დაბრუნებას ნიშნავდეს.

ბევრი ქართველი შიშობს, რომ ძლევამოსილი კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ, როდესაც წინა მთავრობა ხელისუფლებაში იყო, დაბრუნდებიან, თუკი გადაწყვეტენ, რომ ახალი ადმინისტრაცია კრიმინალის მიმართ მკაცრი არ არის, ამბობს მაკგინესი.

საქართველოში პატიმრების რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში, მაგრამ არსებობს ბრალდებები, რომ ბოლო წლებში კრიმინალის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა სასტიკ ქმედებებში გადაიზარდა, დასძენს იგი.

დაძაბულობის ზრდა

ოქტომბრის არჩევნებამდე, ნაციონალური არხების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახული იყო ციხის მცველების მხრიდან პატიმრების ცემა და მათზე სექსუალური ძალადობა.

სკანდალს ქუჩის საპროტესტო აქციები მოჰყვა და იმ დროს ოპოზიციის ლიდერ ივანიშვილს იმის შესაძლებლობა მისცა, რომ მთავრობა სასტიკ ხელისუფლებად წარმოეჩინა.

ბოლო დროს, ივანიშვილის მთავრობასა და სააკაშვილს შორის დაძაბულობა შეიმჩნევა, მაშინ როდესაც სააკაშვილი თანამდებობაზე უნდა დარჩეს ამ წლის ბოლოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

გასულ თვეში სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტიის წევრებს დევნიან, როდესაც ყოფილი მთავრობის რამდენიმე მინისტრი სხვადასხვა ბრალდებებით დააპატიმრეს.

თუმცა ახალი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის უბრალოდ იძიებს ყოფილი მთავრობის დროს ჩადენილ დანაშაულებებს და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებს.

foreignpress.ge