190 პოლიტპატიმრის გათავისუფლების შემდეგ შეიძლება საქართველოს ფულის გადახდა მოუხდეს

190 პოლიტპატიმრის გათავისუფლების შემდეგ შეიძლება საქართველოს ფულის გადახდა მოუხდეს

კანონმდებლები საქართველოში იმ ჭეშმარიტებას ეუფლებიან, რომელსაც ძველი ანდაზა გვასწავლის – „როდესაც რაიმეს ითხოვ, ფრთხილად იყავი“.

იმ ახალი კანონის თანახმად, რომელსაც საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, დავით უსუფაშვილმა მოაწერა ხელი, პოლიტპატიმრად აღიარებული 190 ადამიანი ციხიდან გაათავისუფლეს.

ყველაფერი 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ამ არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ), მისი მეტოქის, ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ, „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა. ივანიშვილი დღეს პრემიერმინისტრია, ხოლო ენმ საპარლამენტო უმცირესობაშია.

სააკაშვილმა ამნისტიას ვეტო დაადო, ხოლო პატიმრებს რუსეთის ჯაშუშები და კრიმინალები უწოდა. ვეტო პარლამენტმა გადალახა და ტუსაღები 13 იანვარს გაათავისუფლეს.

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ამ დღეს „ისტორიული“ უწოდა და განაცხადა, რომ „იმ ადამიანების სამართლებრივი დევნა, ვინც პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს, დასრულდა“.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პოლიტპატიმართა საქმეები უნდა განსაჯაროვდეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ისინი ფაქტობრივად სააკაშვილის მძევლები და პირადი პატიმრები იყვნენ“.

მაგრამ ნაბიჯი, რომელიც სააკაშვილის ხარჯზე შეცდომების გამოსწორებასა და პოლიტიკური ქულების დაგროვებას ისახავდა მიზნად, შეიძლება ბოლომდე არ იყო გააზრებული. საქმე ისაა, რომ პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებულ ადამიანებს ახლა, საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, შეუძლიათ სახელმწიფოს ფინანსური კომპენსაცია მოსთხოვონ.

რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე ამბობს, რომ შესაძლოა ეს ნაბიჯი რამდენადმე „გაუთვლელი“ იყო.

„მათ რომ თავიანთი ქმედების შედეგებზე ეფიქრათ“, ამბობს კაკაბაძე, „შესაძლოა, ამდენი ადამიანისთვის ერთდროულად პოლიტიკური პატიმრის სტატუსი არ მიენიჭებინათ“.

ცნობილი ქართველი იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ამ აზრს ეთანხმება და რადიო „თავისუფლებას“ ეუბნება, რომ „პარლამენტის გადაწყვეტილება რეალურად იმის მტკიცებულებაა, რომ ყველა ეს პირი არაკანონიერად და პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს“.

„ამიტომ“, აცხადებს ის, სამართლებრივი თვალსაზრისით, „მათ აღარ სჭირდებათ დამატებითი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებულნი. ეს კარგი საფუძველია იმისთვის, რომ მიმართონ სასამართლოს და მორალური და ფინანსური კომპენსაცია მოითხოვონ. ბევრი აპირებს კიდეც ამას“.

გიორგი დემეტრაძე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ამბობს, რომ ის ნამდვილად შეეცდება ფინანსური ზარალის ანაზღაურებას. მისი თქმით, ეს ზარალი მას მაშინ მიადგა, როდესაც ციხეში იჯდა.

დემეტრაძემ, რომელიც 2011 წლის მარტში, ე.წ. კანონიერ ქურდებთან, ანუ კრიმინალურ ელემენტებთან კავშირის ბრალდებით დააპატიმრეს, ადრევე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს. ის ამბობს, რომ იძულებული იყო უარი ეთქვა უკრაინისა და კვიპროსის საფეხბურთო კლუბების მომგებიან წინადადებებზე თავისი „უკანონო პატიმრობის“ გამო. მისი თქმით, სახელმწიფოს მისთვის კომპენსაციის გადახდა ევალება.

კიდევ ერთი პატიმარი, რომელიც ასევე ფიქრობს, ვახტანგ მაისაიაა, კარგად ცნობილი პოლიტოლოგი და ყოფილი დიპლომატი, რომელიც 2009 წელს რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

„ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, ამ საქმეს ბოლომდე მივყვები“, უთხრა მაისაიამ რადიო „თავისუფლების“ ქართულ სამსახურს გათავისუფლების შემდეგ. „ყველა ბრალდება ბოლომდე უნდა გამოიძიონ. და მე ყველა საშუალებას მივმართავ, რათა საქმე ბოლომდე მივიყვანო, ყველა დონეზე, პოლიტიკურ და სამართლებრივ დონეზე“.

მაისაია ამბობს, რომ ის აპირებს საჩივრით მიმართოს ჰააგის საერთაშორისო სამართლის სასამართლოს მისი იურისდიქციის ფარგლებში იმ ბრალდებების გამო, რომელთა საფუძველზეც გაასამართლეს – ჯაშუშობა ომის დროს.

მაისაია 2004-2008 წლებში ნატოში საქართველოს მისიაში კონსულტანტად მუშაობდა. მისი თქმით, მას პრობლემები იმიტომ შეექმნა, რომ დიდი ხანია ნეგატიურად იყო განწყობილი სააკაშვილის „რეჟიმისადმი“ და „საერთაშორისო კონტაქტებიც“ ჰქონდა. ის ამბობს, რომ სააკაშვილი მას „უცხოეთში საქართველოს იმიჯის შელახვაში“ სდებდა ბრალს.

მისი თქმით, სააკაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა მხოლოდ მისი საქმის გამო, არამედ „მთელი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებათა გამოც“.

„მე მისი პირადი პატიმარი ვიყავი. ამაში ეჭვი არ მეპარება“.

ახლა საკითხავი ის არის, რა დაუჯდება ეს სახელმწიფოს?

foreignpress.ge