„სააკაშვილმა სამეგრელოში სეპარატიზმის აგორება შეიძლება სცადოს“

„სააკაშვილმა სამეგრელოში სეპარატიზმის აგორება შეიძლება სცადოს“

ახალი წლის დღეს საპატრიარქოში გამართულ საზეიმო ვახშამზე საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთ სავარძელში ისხდნენ და როგორც ითქვა, საკმაოდ დიდხანს ისაუბრეს. ეს ფაქტი დადებითად შეფასდა როგორც უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის, ასევე მსოფლიო პატრიარქის მიერ. იქნება თუ არა ეს შეხვედრა ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის ახალი ურთიერთობის დასაწყისი, შედგება თუ არა რეალური თანაცხოვრება, რა საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება თანამშრომლობა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის? იქნება თუ არა, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და პრეზიდენტმაც აღნიშნა, სიყვარულისა და მშვიდობის წელიწადი? რამდენად იქნება მოსალოდნელი ძველი ხელისუფლებისგან პროვოკაციები, ამ თემებზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ქალბატონო ხათუნა, თქვენი შეფასებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს შეხვედრა იქნება ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის თანამშრომლობის დასაწყისი?

- ვფიქრობ, ამას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგან ერთი დღით ადრე სააკაშვილს ისეთი გამოსვლა და ისეთი მკვეთრი განცხადებები ჰქონდა, რომ გამორიცხულია ასეთ სიმბოლურ შეხვედრას რამე შეეცვალა მის მოტივაციაში. 

აქედან გამომდინარე, ეს სრულიად ფორმალური დატვირთვის მატარებელი შეხვედრა იყო. თანაც, ისინი ხომ ერთმანეთთან შესახვედრად არ მისულან, ეს იყო ისეთი მასშტაბის მოვლენა, რასაც ვერც ერთი დააკლდებოდა და ვერც მეორე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო განცხადებები განცხადებებისთვის. თანაც იმ ფონზე, როდესაც საკაშვილი აპირებს ზუგდიდში გადასვლას.

გინდა არ გინდა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება იფიქრო, რომ მორიგი პროვოკაციული ნაბიჯისთვის ემზადება, ვგულისხმობ სამეგრელოში სიტუაციის არევას, დაძაბვას, იქვე კი აფხაზეთია. ასეთ ფონზე წარმოუდგენელია, რომ სააკაშვილმა რაიმე ნაბიჯი გადადგას რეალური თანამშრომლობისკენ და ვფიქრობ, არც არავის არ სჭირდება მისი თანამშრომლობა, მთავარია, დესტაბილიზაციისკენ არ გადადგას ნაბიჯი.

რეალურად, ის ბერკეტები, რომელიც უნდა დაეთმო სააკაშვილს და მათ შორის, ისიც, რომელსაც რეალურად კონსტიტუცია არ ავალდებულებდა, უკვე დათმო.

ბოლო ნაბიჯებს თუ  გადავხედავთ, მოგეხსენებათ, დაცვის სამსახური, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარებოდა, მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის, სააკაშვილს კი ახალ სამსახურს უქმნიან, რომელიც მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისთანავე გაუქმდება, ეს ნიშნავს თუ არა რაიმე ტიპის დათმობას, ან ხედავთ თუ არა ამაში თანამშრომლობის ელემენტებს?

- თანამშრომლობა მესმის იმ სფეროებში, რომელიც ქვეყნისთვის არის სასარგებლო და რაღაცას მოიტანს ეკონომიკური თუ პოლიტიკური წინსვლის თვალსაზრისით, თორემ სააკაშვილს პირადი დაცვა მოემსახურება თუ არა, ეს ქვეყნისთვის ნულოვანი შედეგის მომტანია. ამ თვალსაზრისით, სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ, ეს არც კოაბიტაციის რეჟიმში ეწერება და არც თანამშრომლობის.

როდესაც საუბარია იმაზე, რომ თანამშრომლობა შედგეს, აქ საუბარია ქვეყნის განვითარებაზე და არა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის პირად კომფორტზე.

ამ ეტაპზე, სააკშვილი დაკავებულია საკმაოდ საინტერესო საქმიანიობით - ის ცვლის გუბერნატორებს. როგორი შეფასება შეიძლება მიეცეს ამ ფაქტს?

- სააკაშვილი ამით ერთობა, რადგან ის ფიგურები, ვინც მან დანიშნა გუბერნატორის პოსტზე, იმდენად არაფრისმთქმელები არიან, რომ უფრო სერიოზული ახსნა მისი ამ ნაბიჯისა, შეუძლებელია. ამას არ შეიძლება სერიოზული ანალიზი გაუკეთო - უფუნქციოდ დარჩა ადამიანი და ერთობა.

რაც შეეხება კოჰაბიტაციას, თუ აქამდე დასავლეთი საკმაოდ აქტიურად მოგვიწოდებდა, დღეს ისინი, თითქოს, პროცესების დაკვირვების რეჟიმში გვადევნებენ თვალს. სააკაშვილის ვეტოდადებულ ამნისტიაზეც აშშ- ელჩმა თქვა, რომ ეს სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა, კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს და ისინი ამ პროცესში ვერ ჩაერევიან. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დასავლეთის დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება?

- თუ შევხედავთ ხელისუფლების გადაბარების პროცესს, ეს არის თანამშრომლობის პირველი ელემენტი და ის შედგა ოქტომბერში. ოქტომბერ-ნოემბერში რეალურად, ეს პროცესი დამთავრდა. სააკაშვილმა ყველა აღმასრულებელი ბერკეტი გადასცა „ქართულ ოცნებას“, რითაც, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა შედგა, თანაც საკმაოდ ეფექტური.

რეალურად, უფლებები, რომლის გარეშეც მთავრობა ვერ იფუნქციონირებდა, აღარ შერჩა პრეზიდენტს. ამიტომაც არ დგას დღეს ასე მწვავედ ეს საკითხი. ყველა სათანამშრომლო თემა, რომელსაც შეეძლო პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია, უკვე გადაჭრილი იყო ნოემბრის დასაწყისშივე, სააკაშვილის მიერ ხელისუფლების გადაცემით, დანარჩენი უკვე დეტალებია.

დღეს თანამშრომლობა „ნაციონალებისთვის“ ნიშნავს, რომ რაც შეიძლება ბევრმა „ნაციონალმა“ აარადიოს თავი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. განსაკუთრებით მაღალი რანგის ლიდერებზეა საუბარი, თორემ დაბალი რანგის მოხელეების ბედი ნაკლებად აღელვებთ. მთელი არსი ნაციონალების მხრიდან ამ თანამშრომლობისა თუ კოაბიტაციისა, არის მხოლოდ და მხოლოდ ეს და მეტი არაფერი.

თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეიძლებოდა მოქცეულიყო თანამშრომლობის ფორმატში, რადგან ერთი დონის არჩევნებით არ შეიძლება დააკომპლექტო სხვადასხვა არჩევითი ორგანო. ანუ, პარლამენტში გამარჯვებულ ძალას არანაირი უფლება არ აქვს, არჩევნების გარეშე შეცვალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პარტიული შემადგენლობა, რისი მოწმენიც დღეს ვართ.

რა ფორმით, რა მანიპულაციებით ხდება, ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის პარტიული შემადგენლობა, თითქმის, ყველა რეგიონში იცვლება. ნაციონალებს ანაცვლებენ ძირითადად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ეს თემა მე ვიტყოდი, ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ყველაზე საჩოთირო თემაა. ამ თვალსაზრისით, მართლაც კარგი იქნებოდა, შემდგარიყო თანამშრომლობა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილიყო ძველი სტრუქტურული შემადგენლობა მათსა და ახლადარჩეულ პარლამენტს, ცენტრალურ ხელისუფლებას შორის შემდგარიყო ეს ურთიერთობა.

როდესაც თანამშრომლობაზეა საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ეს მიმაჩნია აქტუალურად, თორემ სხვა თვალსაზრისით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის სათანამშრომლოც აღარაფერი დარჩა.

ფაქტობრივად, სააკაშვილი უფუნქციო პრეზიდენტია და ერთადერთი, ამ თამაშებით კავდება, რომ ოჩიაურს გადააადგილებს იქით, გადმოაადგილებს აქეთ. ამ წუთას ეს არის მთელი მისი ფუნქცია, პასუხისმგებლობა და პრეროგატივა. 

ის, თუ რა შინაარსს დებენ ნაციონალები ამ, კოაბიტაციაში, ამაზეც ვისაუბრეთ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ხელშეუხებლობის, პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების თემა. მათი მხრიდან ეს არის კოაბიტაცია და მეტი არაფერი.

ახალ მთავრობას კი ამ ფორმით თანამშრომლობა არ ესმის და არ უნდა, რადგან რეალურად, უნდა დადგეს დღის წესრიგში იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს რეჟიმი შექმნა და ასაზრდოვა ამ 9 წლის განმავლობაში.

ელემენტარულად, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც სხვისი ქონება დაისაკუთრეს და ამით სხვა თუ არაფერი, კონსტიტუცია დაარღვიეს, კერძო საკუთრების უფლება ხელყვეს, აღარაფერს ვამბობ სიცოცხლის უფლებაზე. ასე რომ, ამ სფეროში თანამშრომლობა ვერ შედგება.

ახლაც ნაციონალებს, ისე, როგორც წლების მანძილზე, სახელმწიფო ინტერესი ესმით როგორც საკუთარი, პირადი, პოლიტიკური და ბიზნესინტერესი. ახლაც, მხოლოდ, პირად ინტერესს დებენ ამ თანამშრომლობის შინაარსში. ამიტომაც არ ეთანხმება „ქართული ოცნება“ და პრემიერ-მინისტრი. ბიძინა ივანიშვილს სურვილიც რომ ჰქონდეს, არ აქვს უფლება, იგნორირება გაუკეთოს იმ ხალხის უფლებებს, რომელთა უფლებებიც ირღვეოდა მთელი ამ 9 წლის მანძილზე. დღეს ისინი ამ უფლებების აღდგენას ითხოვენ. ზოგი მორალურ შეურაცხყოფას, ზოგი ქონების წართმევას დაექვემდებარა, ზოგი ტერორის ქვეშ იყო და თითქმის, მოსახლეობის 80% სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის ქვეშ იყო, რომელთაგან უმეტესობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრისთვის არავის არ მიუცია უფლება, რომ საკუთარ თავზე აიღოს და ამდენი უფლებადარღვეული ადამიანის სახელით აპატიოს ნაციონალებს ის, რასაც სჩადიოდნენ. სრულიად მესმის, როდესაც ივანიშვილი ამ ტიპის თანამშრომლობაზე არ მიდის.

თუმცა, როგორც პრემიერმა განაცხადა, ის რეალურად განიხილავს პოლიტიკური ამნისტიის საკითხს, რადგან ბუნებრივია, ყველას ვერ დაიჭერ. საზოგადოების პირველი რეაქციის მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ ამ იდეით ყველა მოხიბლულია...

- ამ ტიპის ამნისტია, საჯარო მოხელეთა პოლიტიკური ამნისტია იქნება ამ ხელისუფლების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან ეს იქნება საზოგადოების გამთლიანებისა და შემწყნარებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი.

აქ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ერთი დაშვება, ამნისტიას უნდა დაექვემდებარონ ის მოხელეები, რომლებიც აღიარებენ საკუთარ დანაშაულს. ამის სასიცოცხლო აუცილებლობა არსებობს, რადგან ხვალ და ზეგ არ მოხდეს იგივე.

არ ვგულისხმობ მათ, ვისაც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ, დამნაშავე იყო ძალიან ბევრი საჯარო მოხელე ნებით, თუ უნებლიედ. მათი დიდი ნაწილი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ერთვებოდა ამ ქმედებებში, დაწყებული იქიდან, რომ სკოლის მასწავლებელს ათავისუფლებდნენ პოლიტიკური ნიშნით. იყო თუ არა ეს დანაშაული? - რა თქმა უნდა, იყო. ის, რომ გამგეობის რიგითი თანამშრომლები, ეკონომიკური სამსახურის თუ ინფრასტრუქტურის, ან მიწათმოწყობის, რომ დადიოდნენ წინასაარჩევნოდ და ფაქტობრივად, აშანტაჟებდნენ ადამიანებს, აიძულებდნენ, რომ ხმა მიეცათ მმართველი პარტიისთვის, იყო თუ არა ეს დანაშაული? - რა თქმა უნდა იყო და დღემდე დანაშაულად რჩება.

გასულ კვირას ამ თემაზე ჩემი ბლოგის ელექტრონულ ვერსიას მკითხველთა მხრიდან განხილვა მოჰყვა. როგორც ჩანს, ჩინოვნიკებიც ჩაერთვნენ პოლემიკაში (რა თქმა უნდა, არა საკუთარი სახელით), მაგრამ ძალიან შეურაცხყოფილები იყვნენ და წერდნენ - რა გვჭირს ჩვენ, საჯარო მოხელეებს საპატიებელიო - ვერ აცნობიერებენ, რომ ის, რაც მათ აკეთეს, დანაშაული იყო. ეს არის ადმინისტრაციული წესით, ძირითადად კი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებები.

დანაშაულის აღიარება სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ ეს ადამიანები მიხვდნენ, დანაშაულს რომ სჩადიოდნენ. მათი დიდი ნაწილი დღესაც არ თვლის თავს დამნაშავედ, თავის თანასოფლელს რომ აშანტაჟებდა, გინდა თუ არა, ნაციონალურ მოძრაობას მიეცი ხმა, თუ არა და სამსახურიდან გაგიშვებ ან შენს შვილს პრობლემები შეექმნება და ა.შ. აუცილებელია, ისინი მიხვდნენ, რომ ეს დანაშაული იყო. სხვა შემთხვევაში, სხვა ხელისუფლებამ რომ დაავალოს, ისევ იგივეს გააკეთებენ. როდესაც ამნისტიაზე ვლაპარაკობთ, ცნობიერების პრობლემა აუცილებლად გასათვალისწინებელია.

ვფიქრობ, როდესაც ამ ამნისტიაზე დაიწყება მუშაობა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს კლასიფიკაცია, რა ტიპის დანაშაულები იყო ტიპიური ნაციონალური ხელისუფლების დროს. დავუშვათ, სკოლის დირექტორების მხრიდან მასწავლებლების პოლიტიკური დევნა, საჯარო რეესტრის თანამშრომლების მიერ ჩადენილი ქმედებები და ა.შ. ასეთი რამ ნამდვილად ხდებოდა, ნამდვილად აიძულებდნებნ მოხელეებს, რომ ასეთი ტიპის დანაშაულები ჩაედინათ. ამ კლასიფიკაციის მიხედვით, ზოგის უპირობო ამნისტირება უნდა მოხდეს, ზოგს აღიარების შემდეგ უნდა შეეხოს ამნისტია - დანაშაულის სიმძიმის მიხედვით.

როდესაც ქონებრივ დავებზეა საუბარი, ზოგს აღიარებაც კი არ უშველის. ამ შემთხვევაში, წართმეული ბიზნესების და წართმეული ქონების კომპენსაცია უნდა მოხდეს.

არსებობს კიდევ მორალური კომპენსაციის პრობლემა, ადამიანებს უზარმაზარი სტრესის პირობებში უწევდათ ცხოვრება. ბევრი ადამიანისთვის ეს ზეწოლა პირდაპირ ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთი იყო, ხოლო ასეთ სტრესებს ათიათასობით ოჯახი დაექვემდებარა საქართველოში.

ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი პრობლემა, თუმცა ძალიან კარგი ინიციატივაა, რაც დღევანდელი ხელისუფლების ადამიანურ სახეს უსვამს ხაზს და იმედი მაქვს, ამ სახეს არ დაკარგავენ დროთა განმავლობაში.

ასავალ-დასავალშიდაიბეჭდა ედუარდ შევარდნაძის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ სააკაშვილი სწორედ ახლაა საშიში, რადგან ის მოქმედებს არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ბიძინა ივანიშვილის ჯინაზე. და, რომ ის ჯერ კიდევ 2003 წელს ამბობდა ინტერვიუებში, რომ ეს ადამიანი იყო საშიში. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დღეს საშიში სააკშვილი ქვეყნისთვის იმ უფლებებით, რაც გააჩნია საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე?

- სააკაშვილი საშიში რომ იყო, შევარდნაძემ პირველად 2003 წელს კი არ გაიგო, 1999 წლიდან, როდესაც გააქტიურდა „მოქალაქეთა კავშირის“ ჟვანია-სააკაშვილის ფრთა. მაშინდელი უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტიდან ბატონ შევარდნაძეს მთელი პაკეტები მისდიოდა დოკუმენტებისა იმის შესახებ, თუ რამდენად სახიფათო შეიძლებოდა ყოფილიყო სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა. ეს დოკუმენტები ახლაც შენახული მაქვს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბატონ შევარდნაძეს წლების მანძილზე არ ჰქონია რეაქცია იმ ინფორმაციაზე, რაც მასთან მიდიოდა სათანადო სამსახურებიდან. მე არ ვიცი, სხვა სამსახურები რა ინფორმაციას აწვდიდნენ, მაგრამ უშიშროების საბჭოს აპარატში მსგავსი ანალიზი და დასკვნა ძალიან ბევრი იყო.

ძალიან შემცდარა თუ ეს მხოლოდ 2003 წელს აღმოაჩინა, რადგან შევარდნაძეს ბევრად ადრე ჰქონდა სათანადოდ დასაბუთებული ინფორმაცია, რამდენად საშიში შეიძლებოდა ყოფილიყო ეს პერსონა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მე ვთვლი, რომ სააკშვილი არის სრულიად განეიტრალებული.

ერთადერთი, რაც მან შეიძლება გააკეთოს და რაც მას დაამთავრებს კიდეც, ეს არის სამეგრელოში სეპარატიზმის აგორებისა და აფხაზეთთან კონფლიქტის ინსპირირების მცდელობა. რაც შეიძლება, ერთ-ერთ მიზნად შედის კიდეც მის სამეგრელოში გადაბარგებაში.

თუ სააკაშვილმა გაბედა სამეგრელოს თემით ინსპირირება და პატარა პროვოკაციის მოწყობაც კი, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ის ძალიან ცუდად დაამთავრებს.

რა ზომები შეიძლება მიიღოს ახალმა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ სააკაშვილმა ზუგდიდში პროვოკაციის მოწყობა ვერ შეძლოს?

- ვნახოთ, რას მოიმოქმედებს, პირველივე ნაბიჯები გამოაჩენს მის რეალურ მოტივაციას. მთელი არჩევნების პერიოდი კარგად გვახსოვს, რა ამბები იყო სამეგრელოში. უკანონო შეიარაღებული ფორმირებები იქმნებოდა, მათ შორის ყოფილი პარტიზანების მონაწილეობით, ყოფილი კრიმინალების მონაწილეობით და ა.შ. ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც კი გავრცელდა ტელევიზიით. ეს ხალხი არსად არ გამქრალა.

შეიძლება, რომ სააკაშვილმა ეს სიტუაცია შანტაჟისთვის გამოიყენოს და სანაცვლოდ რაღაც მიიღოს ივანიშვილისგან?

- გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ის ივანიშვილისგან ვერაფერს ვერ მიიღებს, თუ ძალიან ცუდ რაღაცას არ გამოკრა ხელი საკუთარი თავისთვის, თუ ასეთ თემებს შეეთამაშა. თუმცა, ესეც იმხელა რისკთან არის დაკავშირებული, პერსონალურად მისთვის, რომ არ მგონია, ამაზე წავიდეს.

თუმცა, უსაფრთხოების იმ სამსახურებმა, რომელსაც ქვეყანაში რისკების გამორიცხვა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალება, ეს როგორც რისკი, აუცილებლად უნდა გამორიცხოს.