საქართველოს პარლამენტი დროებით, ბიუროს სხდომათა დარბაზის გარეშე დარჩა. თუ აქამდე საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა ფლიგელში წვიმა ჩამოდიოდა, ამჟამად, ბიუროსთვის განკუთვნილ დარბაზს ზიანი ჭერში დამონტაჟებულმა სახანძრო მილმა მიაყენა. კერძოდ, გასულ კვირას, სახანძრო მილი დაზიანდა, რომელმაც საქართველოს დროშის ფერებში გადაწყვეტილი ბიუროს დარბაზი დატბორა.
For.ge-მ ბიუროს დარბაზი დაათვალიერა და ზარალი სახეზეა. დაზიანებულია ხის ჭერი რამდენიმე მიკროფონი და მაგიდა, ხოლო თეთრი სკამები წყლისგან გაყვითლებულია. ზარალის შესახებ ინფორმაცია კი, ამ ეტაპზე, უცნობია.
როგორც For.ge-ს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ზურაბ მარაქველიძემ განუცხადა, სახანძრო გადაცემის მილიდან გაჟონილმა წყალმა ბიუროს ოთახი დააზიანა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში, ბიუროს დარბაზში სამუშაოები დაიწყება და მას შემდეგ, რაც მშენებლები დარბაზს იხილავენ, ზარალის დათვლა მოხდება.
„სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ ხარჯებს, ის ფირმა აანაზღაურებს, რომელმაც ეს გაყვანილობა დაამონტაჟა“, - აცხადებს მარაქველიძე.
ვინაიდან, ბიუროს დარბაზში სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა, კანონმდებლებს სხდომების ჩატარება საკომიტეტო მოსმენებისთვის განკუთვნილ მეოთხე დარბაზში მოუწევთ. ასე მოხდა გუშინაც. საახალწლო შვებულებიდან დაბრუნებულმა კანონმდებლებმა პირველი სამუშაო დღე უჩვეულოდ დაიწყეს. მეცხრე დარბაზის ნაცვლად, ბიუროს სხდომა 54 კაციან მეოთხე დარბაზში გაიმართა და კანონმდებლები საკუთარ ადგილებს თეთრ ფურცლებზე დაწერილი გვარებით ეძებდნენ. ამ მხრივ კი, განსაკუთრებით ის დეპუტატები გაწვალდნენ, რომლებიც ბიუროს ადგილმონაცვლე წევრად დაესწრნენ. ასეთი იყო მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც სხდომას უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძის ნაცვლად დაესწრო.
„სად ზის, ბაქრაძე?“, - ამ კითხვით ეძებდა მაჭავარიანი ექს-სპიკერის ადგილს და მას შემდეგ, რაც ადგილს მიაგნო, შვებით ამოისუნთქა.
უნდა ითქვას, რომ შექმნილი ვითარებით, კანონმდებლები უკმაყოფილონი ჩანდნენ, მაგრამ, ალბათ, მათ დისკომფორტი კიდევ რამდენჯერმე შეექმნებათ, რადგან ბიუროს დარბაზში არსებული ჭერის შუა ნაწილი მეტად დაზიანებული და გამოსაცვლელია. რაც შეეხება ინვენტარს, მარაქველიძეს არ დაუკონკრეტებია მაგიდისა და რამდენიმე სავარძლის გამოცვლა მოხდება თუ არა, მაგრამ, ალბათ, კომპანიას ამ ნივთების კომპესირებაც მოუწევს.
სახანძრო მილის დაზიანებასა და მსგავსი ინციდენტის წარმოქმნაში საოცარი არაფერია და შესაძლოა, მსგავსი რამ ნებისმიერ შენობასა თუ სახლში მოხდეს, მაგრამ საგანგაშო ის ფაქტია, რომ გამვჭირვალე შენობა, რომელიც სახელმწიფოს 360 მლნ ლარი დაუჯდა, უხარისხო აშენებულია. თუ ახლა, სახანძრო მილების შეკეთება და პრევენციის მიზნით, მათი შემოწმება გახდა საჭირო, ცოტა ხნის წინ, მთასვლელები შენობაში წვიმის ჩასვლას ებრძოდნენ. მზიან ამინდებში, მთელ დღეებს გამჭვირვალე შენობის სახურავზე ატარებდნენ და ე.წ. სილიკონის წებოთი შუშის კონსტრუქციას ამუშავებდნენ, ხოლო წვიმიან ამინდში, შენობაში ჩადიოდნენ და იმ ადგილებს ნიშნავდნენ, სადაც მათი მცდელობა უშედეგო იყო. მართალია, მთასვლელთა შრომამ ნაყოფი გამოიღო და უწყებაში ისე აღარ წვიმს, როგორც უწინ, მაგრამ ყოველ დღე თავს ახალ-ახალი პრობლემები იჩენს.
ამას გარდა, გასაკვირი ის არის, მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით, თუ რატომ არ თხოვენ პასუხს - „ნაციონალურ მოძრაობას“. ძალას, რომელმაც ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე, 360 მლნ ლარი გამჭირვალე შენობისთვის გაიმეტა. ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ მეორე პრობლემა ის არის, რომ პარლამენტში დამკვიდრებული მანკიერი ტრადიცია ისევ გრძელდება. თვალწინ ხანძარი რომ გაჩნდეს და მანდატურის სამსახურის რომელიმე წევრს ჰკითხოთ - ცეცხლია თუ წვიმა, უმალვე გიპასუხებენ, რომ თოვს. ასე მოხდა გუშინაც. ერთ-ერთ მანდატურს შეგნებულად ვკითხე, თუ რატომ იმართებოდა ბიუროს სხდომა მეცხრე დარბაზის ნაცვლად, მეოთხე დარბაზში, პასუხი კი, ფაქტების დამალვის მიზნით, როგორც უწინ, ასევე ახლაც იყო - „არ ვიცი, ალბათ, დეპუტატებს ასე სურთ“. მეორე კითხვაზე „თუ რატომ იყო ბიუროს ოთახის ტრანსლირებისთვის განკუთვნილი ხუთი მონიტორი ჩაბნელებული“ პასუხიც იდენტური იყო - „ეტყობა, შუქი არ არის“.
ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ელექტროენერგია იყო, მაგრამ მონიტორები შეგნებულად იყო ჩაბნელებული, რომ ბიუროს ოთახში არსებული დაზიანებული ნივთები არ გამოჩენილიყო.