სახელწოდება

სახელწოდება "გრუზიას" "გეორგიათი" ჩაანაცვლებენ?

მაია ფანჯიკიძე "გრუზიას" "გეორგიათი" შეცვლას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მაია ფანჯიკიძისთვის "გრუზიას" "გეორგიათი" შეცვლა ძალზე პრინციპული საკითხია.

კერძოდ, მაია ფანჯიკიძის თქმით, ხანდახან ისე ხდება, რომ ქვეყნის სახელწოდება სხვა ენებზე რუსული ენიდან გადადის. ასე მოხდა ლიტვის შემთხვევაშიც, როდესაც სახელწოდება "გრუზია" ლიტვურ ენაში რუსულიდან შევიდა, რაც, შესაძლოა, საბჭოთა კავშირში ჩვენი ერთობლივი ისტორიის შედეგი იყოს.

„მიმაჩნია, რომ "გეორგია" ჩვენთვის უფრო შესაბამისი სახელწოდებაა. შესაძლოა, ამის შეცვლა შესაძლებელი იყოს. სახელწოდება "გრუზია" – ეს მხოლოდ რუსეთის მემკვიდრეობაა და არაფრით არის დაკავშირებული განახლებულ ქართულ სახელმწიფოსთან", - რუსული გამოცემა მაია ფანჯიკიძის მოსაზრებას გვთავაზობს.

მათივე აზრით, ამით საქართველომ ომი გამოუცხადა რუსულ ენას და „გეორგიად“  მოხსენიების მოწოდებით უკვე მიმართა მეგობარ ლიტვას, რადგან რუსული ტოპონომიკა საქართველოში, როგორც ჩანს, არ მოსწონთ.
გამოცემის თანახმად, ლათინურ ენაზე საქართველო ჟღერს, როგორც გეორგია, ხოლო ამერიკული ტრანსკრიფციის მიხედვით წარმოითქმის, როგორც "ჯორჯია". ამასთან, რუსული გამოცემა ირწმუნება, რომ ოფიციალურ ვილნიუსში ქართველი მინისტრის ენობრივ ოპტიმიზმს არ იზიარებენ და რუსული "გრუზიას" ქართული "გეორგიათი" შეცვლა არ სურთ.

თავის დროზე საბჭოური გადმონაშთის ტოპონიმიკიდან ამოძირკვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეც ცდილობდა. ამ მიზნით მან სხვადასხვა ქვეყანასაც მიმართა, ძირითადად მაინც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც სოციალისტური გავლენა ძლიერი იყო და, შესაბამისად, რუსეთის მიმბაძველობით ეს ქვეყნებიც „სცოდავდნენ“ საქართველოს დასახელებისას და მას „გრუზიად“ მოიხსენიებდნენ.

თუმცა, იმ დროს ლიტვური ენის სახელმწიფო კომისია „გრუზიას“ „გეორგიად“ შეცვლის იურიდიულ ან სამეცნიერო საფუძველს ვერ ხედავდა. უფრო მეტიც – ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი რეგინა დობელენე მაშინ აცხადებდა, რომ ქვეყნის ოფიციალური სახელწოდება საქართველოა, იქაური მცხოვრებები კი თავს ქართველებად მოიხსენიებენ. ამდენად, თუკი ქარათველები მათ მიმართავდნენ, რომ „გრუზიას“ ნაცვლად ამ ქვეყნისთვის „საქართველო“ ეწოდებინათ, მაშინ კომისიის გადაწყვეტილება სხვაგვარი იქნებოდა.

რაც შეეხება „გრუზიას“, ეს ტერმინი მე-13 საუკუნის წყაროებშია მოხსენიებული და ტერმინ „გურჯიდან“ მოდის.  

For.ge დაინტერესდა, ეთახმებიან თუ არა ჩვენი მოქალაქეები "გრუზიას" "გეორგიათი" შეცვლას.  HYPERLINK "http://www.iveroni.com.ge/pictures/image4/8fab5f88ad96b8a1bc5bc197a98df363.jpg"

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური აცხადებს, რომ ტერმინები „გრუზია“, „ჯორჯია“ და სხვა, ყველაფერი ირანული „გურგიდან“ არის ნაწარმოები; „გურგ-გორგ“ (რაც მგელს ნიშნავს), სახელწოდება „გორგასალიც“ აქედანაა, გრუზია კი ამის რუსული ფორმაა.

ისტორიკოსის თქმით, საქართველოს აღმნიშვნელი ტერმინოლოგიები ზოგან რუსულიდან გავრცელდა, ზოგან ლათინური ენებიდან და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„მთლიანი რუსულენოვანი სამყარო გვიცნობს „გრუზიად“, ამიტომ, ჩემი აზრით,  უნდა დარჩეს „გრუზია“. რა თქმა უნდა, პარალელური ფორმებიც არსებობს- „ჯორჯია“, „ხეორხია“. სწორედ „ხეორხია“-დ გვიცნობენ ესპანელები. „ჟორჟია“ კი არის ფრანგულად. ამიტომ ყველაფერს ხომ არ უნდა დავუკარგოთ სტანდარტი?!  იყოს ისე, როგორც იყო. მით უფრო, რომ რუსულენოვანი სამყაროსთვის უკვე რამდენი ხანია საქართველო „გრუზიად“ მოიხსენიება“, - აცხადებს გიორგი ოთხმეზური და ტერმინოლოგიის შეცვლას პრინციპულ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

მისივე თქმით, მაგალითად, სომხებს ჩვენ მოვიხსენიებთ ამ ტერმინით, მაშინ, როცა  მთელი მსოფლიო მათ „არმენებს“ ეძახის.

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე ტერმინ „გრუზიას“ „გეორგიად“ დანერგვის იდეას არ ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ადრეც ყოფილა მცდელობა, რომ საერთოდ „საქართველოთი“ მოეხსენიებინათ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ „საქართველო“ ძალიან რთული გამოსათქმელია უცხოელებისთვის. ამდენად, შესაძლოა, მართლაც საერთაშორისო ერთი ტერმინი დამკვიდრდეს და „ჯორჯია“ და „გეორგია“ დარჩეს.  

ამასთან, ვაჟა კიკნაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს რუსულ ტოპონიმიკასთან ან რუსულ ენასთან ბრძოლაა. უბრალოდ, გასაკვირი არაა, საერთაშორისო ტერმინოლოგიას მივანიჭოთ უპირატესობა.

„სომხები თავიანთ ქვეყანას „ჰაიასტანს“ უწოდებენ. ბუნებრივია, საკუთარ დასახელებას ვერ შევცვლით და, საერთაშორისო თვალსაზრისით, სავსებით შეიძლება უნიფიცირებული იყოს და ერთი სახელი გვეწოდოს. თუმცა სახელწოდების შეცვლა მაინცდამაინც აუცილებელი არ არის. არა მგონია, ამან რუსეთთან ურთიერთობა გაართულოს“, - აცხადებს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.

მხატვარი გია ბუღაძე იხსენებს, რომ ამ ორიოდე წლის წინაც ჰქონდათ „გრუზიას“ „გეორგიად“ ჩანაცვლების სურვილი, თუმცა ამასთან დაკავშირებით ლიტველებმა შესანიშნავი პასუხი გასცეს ქართულ მხარეს, რომ სახელმწიფოებრივი ურთიერთობის დონეზე უკვე დიდი ხანია დადგენილია ეს ტერმინი და მისი შეცვლა სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მისი აზრით, ასე ადვილად რომ ვცვლიდეთ ტოპონიმიკას, მაშინ სომხებმა „ვრაცსტანი“ აღარ უნდა დაგვიძახონ და „ჯორჯია“ უნდა გვიწოდონ. უფრო მეტიც – თუ „გრუზია“ არ გვინდა, მაშინ არც „ვრასტანი“ უნდა მოგვწონდეს.

„რეალურად, ეს მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებს შექმნის და სიტუაციას არ უშველის. მაშინ „ტიფლისიც“ არ უნდა დაუძახონ გერმანელებმა და შუა ევროპელებმა თბილისს. ასე მარტივად არაა, ჩვენც ხომ ცალკეულ ქვეყნებს სხვადასხვა სახელებს ვეძახით. ამიტომ თავი უნდა დავანებოთ ზედმეტი  პრობლემის შექმნას, რადგან ამით პრობლემას შევუქმნით ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს“, - აცხადებს გია ბუღაძე.

მხატვრის აზრით, სულ რამდენიმე ქვეყანაა ასეთი, რომელიც „გრუზიას“ გვეძახის. საუბარია ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე.

„მე ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ სერიოზული ფილოლოგებისა და ენათმეცნიერებისგან გამიგია, რომ ტერმინი „გრუზია“ „გურჯიდან“ მოდის, „გურჯი“ კი მოდის „გეორგიადან“. ასე რომ, ეს ერთი და იმავე სახელის ტრანსფორმაციაა. ამიტომ ეს პიარქმედებად უფრო მიმაჩნია. პარალელურ რეჟიმში შეიძლება „გრუზიაც“ გვერქვას, „გეორგიაც“, „ჯორჯიაც“, „საქართველოც“, „გურჯისტანიც“ და „ვრასტანიც“. ხომ ხედავთ, რამდენი სახელი გვქონია?!“