"ივანიშვილის წინაშე დაჩოქებას არავინ აპირებს, მისი მიტევება არავის სჭირდება!“- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზებული „ბარტერი" "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიუღებელია და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე.
ზურაბ ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების სახელით აცხადებს, რომ სისხლის სამართლის დევნის მათ არ ეშინიათ, რადგან წინა ხელისუფლება 99%-ით სუფთა იყო და არანაირ კორუფციაში არ ყოფილა გარეული.
„ივანიშვილი გვთავაზობს, მოდით, მუხლებზე დაეცით, მოინანიეთ და ბოდიში მოგვიხადეთ, ამის შემდეგ მოგიტევებთ და აღარ დავიჭერთ ყოფილ ჩინოვნიკებსო"... ეს ყველაფერი სასაცილოა! პრემიერ-მინისტრისა და "ქართული ოცნებისგან" მიტევება არავის სჭირდება!"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პოლიტიკური ამნისტიის საკითხზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ იგი ყოფილ ხელისუფლებასთან გარიგებას არასდროს იკადრებს და საზოგადოებამ შეთქმულებაზე არ უნდა იფიქროს. მეტიც, ზურგსუკან მოლაპარაკება და გარიგება ყოფილ სახელისუფლო გუნდთან არასდროს მოხდება.
მისივე თქმით, პოლიტიკური ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანთა ბედს არა პარლამენტი, არამედ ხალხი გადაწყვეტს.
For.ge დაინტერესდა, რატომ ცდილობენ ნაციონალები, დაგვაჯერონ, თითქოს მათ სისხლის სამართლის დევნის არ ეშინიათ და თითქოს მათი 99 % უმწიკვლოა?! რატომ გვარწმუნებენ ისინი, რომ მათ ივანიშვილისგან მიტევება არ სჭირდებათ, მაშინ, როცა პრეზიდენტმა საამისოდ ხუთპუნქტიანი გეგმაც შეადგინა და ოპოზიციის დევნის, დაჭერების, დაკითხვების, წარსულის რევიზიის შეწყვეტა ითხოვა.
„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ჩვენ არ უნდა ვკითხოთ ნაციონალებს ვინმეს შეწყალების საკითხი, რადგან აქ საუბარია არა ნაციონალების ხელმძღვანელობაზე, არამედ ათასობით, ათიათასობით და ასიათასობით ადამიანზე, რომლებიც მათ დანაშაულში ჩაითრიეს. ესაა სკოლის დირექტორები, პოლიციის მუშაკები და სხვა. ამიტომ ისე უნდა შემუშავდეს ეს კანონპროექტი, რომ ვინც აღიარებს, მას უნდა ეპატიოს ისე, რომ არ დაეკითხონ ამ მაღალი რანგის მოხელეებს. ხოლო, თუ არავინ აღიარებს დანაშაულს და ყველა უდანაშაულო ყოფილა, ძალიან კარგია, თუ ამდენი წმინდანი გვყოლია. თუ ქართველი ხალხი შეცდა, რომ ისინი არ აირჩიეს 1-ელ ოქტომბერს, მაშინ მომავალ არჩევნებში ქართველი ხალხი გამოასწორებს ამ გადაწყვეტილებას.
„მაგრამ, ვინც არ აღიარებს დანაშაულს და შემდეგ მათი საქმეები გამოძიებულ იქნება, კანონის მიხედვით, ყველა მათგანი სასტიკად დაისჯება. არავინ არავის ემუქრება, პირიქით, ჩვენ ვამბობთ, თუ ვინმე აღიარებს თანამდებობრივ დანაშაულს, რომელიც ძალადობას არ უკავშირდება და არის ვიღაცის იძულება არჩევნებზე ხმის მიცემის დროს, ზეწოლა და სხვა, მას ეპატიება. ამ შემთხვევაში, სულ არ გვჭირდება ნაციონალების ლიდერების თანხმობა. ჩვენ გვინდა, ჰუმანურად გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება, რომ ათასობით ადამიანი არ გავუშვათ ციხეში“,-აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
ამასთან, დეპუტატი დარწმუნებულია, როდესაც გამოცხადდება კანონი აღიარებისა და პატიების შესახებ, ადამიანების რიგი დადგება, რომლებიც მზად იქნებიან, აღიარონ და მიიღონ პატიება.
ლევან ბერძენიშვილი აქვე დამნაშავე მოსამართლეებზეც საუბრობს. მისი თქმით, ამნისტიის კანონი ასეთ მოსამართლეებს არ შეეხებათ, რადგან მათი ძალადობრივი ქმედებისა და მტკიცებულებების გაყალბების გამო ხალხს ციხეში სვამდნენ, კერძო საკუთრებას ართმევდნენ.
„ერთეულების ან ათეულების მიერ ჩადენილი დანაშაული ჩვეულებრივი წესით გამოძიებულ იქნება. მათში იგულისხმებიან დამნაშავე მოსამართლეები. ათასობით ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული კი ამნისტიას დაექვემდებარება. აქ საუბარია, რომ სკოლის დირექტორი თავის მასწავლებლებს ხმების მიტანას აიძულებდა, კოორდინატორები დარბოდნენ და ხალხს ყიდულობდნენ. ახლა მკვლელობას და გაყალბებას თუ ვინმე აღიარებს, ის არ ეპატიებათ. ამნისტია არ ეხებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს. ვინც ახლა ბევრს ლაპარაკობს, მათ მაინც არ ეხებათ შეწყალება და ისინი წმინდანები არიან თუ არა, ეს სხვანაირად გაირკევა.“
დეპუტატის განმარტებით, ამნისტია იქნება იურიდიული კანონი, სადაც დაწერილი იქნება, თუ ვის შეეხება კონკრეტული მუხლი. ამასთან, მისი აზრით, ამ კანონს ამნისტია კი არ უნდა ერქვას, არამედ - „აღიარებისა და პატიების“ შესახებ კანონად უნდა მოვიხსენიოთ.
დეპუტატ გია ცაგარეიშვილს აინტერესებს, რას ნიშნავს ზურაბ ჯაფარიძის ნათქვამი, თითქოს ყოფილი ხელისუფლების 99% სუფთა ადამიანისგან შედგებოდა?!
„ეტყობა, იმ 1%-ში, ვინც არ იყო წესიერი, შედის მერაბიშვილი, ადეიშვილი, ახალაიები, მელნიკოვი, ალანია, თოფურიძე და სხვები. ალბათ, ბატონი ზურაბ ჯაფარიძე თავის თავს და მის მსგავს ფრთიან ანგელოზებს დარჩენილ 99%-ში მოიაზრებს. იმ 99 %-ში თურმე შედიან ბენდუქიძე, კერვალიშვილი, ოჩიაური, ხერხეულიძე, ცისკარიშვილი, მაჭავარიანი და, განსაკუთრებით, ხათუნა გოგორიშვილი გოგა ხაჩიძესთან ერთად. ეტყობა, ასე გადაინაწილეს როლები- წესიერებად და უწესოებად“,-აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის შეთავაზება ძალიან საინტერესოა ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ზურაბ ჯაფარიძის მსგავსი ყოფილი „ენჯეოშნიკების“ მხრიდან პირდაპირ იყვნენ ჩართულნი დანაშაულებრივ ურთიერთობებში, არღვევდნენ კანონს და მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ. მისი აზრით, პირამიდას აქვს თავი, სააკაშვილის სახით, და, ასევე, აქვს ძირი. სწორედ ეს ძირი შედგება იმ ადამიანებისგან, ვისი მეშვეობითაც სააკაშვილი რეპრესიულ მანქანას მართავდა. ამდენად, თუ ძირამდე ჩავყევით ამ პირამიდას, ვერცერთი ქართული ციხე ამ პატიმრების ნაკადს ვერ გაუძლებს, რადგან გამოუვალი მდგომარეობის გამო ათასობით ადამიანი ჩართული იყო ამ დანაშაულებში სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.
ამიტომ, გია ცაგარეიშვილს მიაჩნია, რომ მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ მელნიკოვები, თოფურიძეები, ახალაიები და სხვანი და „არ უნდა ვეძებოთ მეისრეები, რომელთა დაკავება ყველაზე მარტივი საქმეა, თუმცა მეისრის დაკავებით სამართალი ვერ იზეიმებს“. დეპუტატის აზრით, ყოფილ ხელისუფალთ ქართველი ხალხის სისხლში აქვთ ხელები გასვრილი და, როცა ვინმე მათ ადვოკატობას ლამობს, ის ეშმაკის ადვოკატია, რაც ასევე პასუხისმგებელი იქნება საბოლოო შედეგზე.
„ჯაფარიძე და მისნაირი „ტიპები“ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ კი არ უნდა დაუდგნენ მუხლებზე, არამედ ქართველ ხალხს უნდა დაუჩოქონ 7 ნოემბრისთვის, 26 მაისისთვის, ქართული მიწა-წყლის დაჩეხვისთვის, რუსებისთვის ჩაბარებისთვის. გირგვლიანის მამას მაინც მოუხადონ ბოდიში, ასევე, იური ვაზაგაშვილს სთხოვონ პატიება. თორემ ივანიშვილს მათი მუხლებზე დაჩოქება რაში სჭირდება. ჩვენ არ ვართ სასულიერო პირები, რომ ვინმეს ცოდვები შევუნდოთ. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მსიამოვნებს ჯაფარიძისნაირების სახეების დანახვა, მაგრამ რა ვქნა, პოლიტიკოსი ვარ და მიწევს მათთან ურთიერთობა“.
გია ცაგარეიშვილი ეთანხმება აზრს, რომ ამ ადამიანების შეწყნარება მათ ამომრჩევლებს არ მოსწონთ. უბრალო ხალხისთვის გაუგებარია ჰუმანურობა მათთან მიმართებით, ვინც მიტინგებს არბევდა და იყო რიგითი პოლიციელი, ვინც დავალებებს ასრულებდა საბაჟოებზე, აღსრულების სამსახურებში. ამიტომ ეს სათუთად გასავლელი ზღვარი იქნება და „ქართული ოცნება“ სულაც არ არის მარტივ მდგომარეობაში.
რაც შეეხება დამნაშავე მოსამართლეებს, რომლებმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს და მტკიცებულებები გააყალბეს, გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ კანონის წინაშე პასუხისგებას ისინი არ უნდა გადაურჩნენ. მეტიც - მოსამართლეც ისეთივე თანამდებობის პირია, როგორც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ოღონდ ცოტა მეტი დაცულობის ხარისხით. ამიტომ მოსამართლე როცა დანაშაულს ჩაიდენს, მას „კუბლაშვილები“ ვერ შეუნდობენ.
„როგორც სამართალმცოდნე და იურისტი გეუბნებით, რომ მოსამართლეს ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობა ენიჭება, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობის პირს. ჩვენ მიჯნა უნდა გავავლოთ, რადგან არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და არიან სხვა თანამდებობის პირებიც - მოსამართლეები და პროკურორები, და მათ არავინ არაფერს აპატიებს. ყველამ იცოდეს, თუ მოსამართლეები მხილებულ იქნებიან დანაშაულებრივ ქმედებებში, მათზე ამნისტია არ გავრცელდება. ამას ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.