პოლიტპატიმრების სიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული რამდენიმე პირი მოხვდა, რომელთა შორის სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც იყო. მან, სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, 13 იანვარს დატოვა საპყრობილე. მართალია, მისი დაკავებისას მაშინდელმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაისაია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთს გარკვეულ საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა და იგი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული, მაგრამ დღეს მაისაია აცხადებს, რომ იგი არა რუსეთის, არამედ ნატოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს და მის საქმეში რუსეთის ჯაშუშობა არსად ნახსენებიც კი არ ყოფილა. For.ge გთავაზობთ ინტერვიუს ვახტანგ მაისაიასთან.
ვახტანგ მაისაია: ჩემი დაპატიმრების მოტივი იყო პოლიტიკური. მომიყენეს პოლიტიკური მუხლი, რადგან ჯაშუშობა სახელმწიფო დანაშაულია, რაც პოლიტიკური მუხლია. შესაბამისად, ბრალდებაც აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო და პოლიტიკური მოტივით მოყენებული. ეს არის დე-იურე, ხოლო დე-ფაქტო, მაშინ მოქმედ რეჟიმს ეშინოდა ჩემი კონტაქტების, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩემს იმ კოლეგებთან მქონდა, რომლებსაც საერთაშორისო არენაზე გარკვეული წონა ჰქონდათ. სხვათაშორის, ეს თავად მათი სიტყვებია.
ეს თქვენ წინა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა თავად გითხრათ?
- როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ეს ფრაზა პრეზიდენტმა ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, ხოლო როცა დამაპატიმრეს, მე ეს უშუალოდ ვანო მერაბიშვილმა და ამირან მესხელმა მითხრეს.
პოლიტიკური მოტივი გასაგებია, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ რაიმე კონკრეტულმა ფაქტმა ან მოვლენამ მისცა ბიძგი თქვენს დაკავებას?
- ბიძგი მისცა ჩემმა სამოქალაქო და პოლიტიკურმა პოზიციამ, რომელსაც მე ვავლენდი რეჟიმის წინააღმდეგ. ამდენად, ეს იყო რეჟიმის წინააღმდეგ ჩემს მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები.
ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი დაკავება 2008 წლის აგვისტოს ომსაც უკავშირდებოდა?
- რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ძირითადი მომენტი იყო, რადგან მე ვაპირებდი წიგნის გამოცემას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის პერიპეტიებს უკავშირდებოდა. წიგნი ინგლისურენოვანი უნდა ყოფილიყო, 400-გვერდიანი და აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ეს წიგნი უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის მითითებით გაანადგურეს. წიგნში ომის დეტალები იყო აღწერილი, ბუნებრივია, იყო შეფასებებიც, მათ შორის შეფასებები მოქმედი რეჟიმის მიმართ და იყო კრიტიკული მოსაზრებები იმ საომარ კამპანიასთან დაკავშირებით, რომელსაც ის რეჟიმი აგვისტოს ომის პირობებში აწარმოებდა.
ჩემს მიერ ამ წიგნის გამოცემის მთავარი მიზეზი იმ საინფორმაციო ბლოკადის გარღვევა იყო, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდებოდა. ალბათ იცით, რომ რუსმა სამხედრო ჟურნალისტებმა ამ ომის შესახებ ხუთი წიგნი გამოსცეს. ჩემი წიგნი კი იყო ერთ-ერთი კონტრ-არგუმენტი რუსული საინფორმაციო ომის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილმა ჩემი წიგნის სახით საკუთარი ხელით გაანადგურა ერთ-ერთი საშუალება, რითაც რუსეთის ამ საინფორმაციო პროპაგანდას შეგვეძლო დავპირისპირებოდით. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, ამით კარგად გამოჩნდა, ვინ არის რუსეთის ჯაშუში.
სხვათაშორის, ამ წიგნის გამოცემას ლონდონში, ბრიტანეთის ჩრდილოეთ-ატლანტიკური საბჭო აპირებდა, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. 19 დეკემბერს ლონდონში სპეციალური ბრიფინგი ჩავატარე, 21 დეკემბერს საქართველოში დავბრუნდი, ხოლო 24 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აიღო სასამართლოდან ნებართვა, რომ ჩემს მიმართ ფარული მიყურადება და სრული ფარული კონტროლი განეხორციელებინათ. შეგიძლიათ დასკვნები თავად გამოიტანოთ.
თქვენ ამბობთ, რომ წიგნი გაანადგურეს. რას გულისხმობთ ამაში?
- სასამართლო განაჩენით განადგურდა ჩემს ლეპ-ტოპში არსებული მასალები. ასევე გაანადგურეს ის „ფლეშკა“, რომელზეც მთელი ჩემი მასალების არქივი იყო 1999-დან 2009 წლამდე. ჩემს სამუშაო კომპიუტერშიც და „ფლეშკაზეც“ ინახებოდა ამ წიგნის სასიგნალო ვარიანტიც, რაც ასევე განადგურდა.
ბატონო ვახტანგ, თქვენ ამბობთ, რომ იმ წიგნში აგვისტოს ომის პერიპეტიები იყო აღწერილი. რა იყო იქ ისეთი მნიშვნელოვანი და თუ არის შესაძლებელი იმ მასალების აღდგენა?
- ეს წიგნი ბევრ ასე ვთქვათ, დოკუმენტურ მასალებს ეყრდნობოდა, ერთ-ერთი უნიკალური მონოგრაფია იქნებოდა. ფუნდამენტური ნაშრომი იყო და შესაბამისად, მისი აღდგენა ასე ადვილი არ იქნება. აღსანიშნავია, რომ ნატოს ექსპერტებიც აპირებდნენ ამ წიგნზე წინასიტყვაობის გაკეთებას. ამასთანავე, ამ წიგნზე მუშაობაში ჩემი მასწავლებელი, აწ გარდაცვლილი კახა კაციტაძეც იყო ჩართული. შესაბამისად, ამ წიგნზე სერიოზული მუშაობა მიდიოდა. რა თქმა უნდა, მე შევეცდები ის აღვადგინო, მაგრამ სრულად იმ უნიკალური მასალების აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. სხვათა შორის, ეს წიგნი იყო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მადასტურებელი დოკუმენტი, რადგან მასში ეს მომენტი იყო აღწერილი. ამასთანავე, მასში სააკაშვილის მიერ გაცემული ბრძანებების საკმაოდ მწვავე, კრიტიკული ანალიზი და ვანო მერაბიშვილის სპეც-სამსახურების კრიტიკული ანალიზიც იყო, მაგრამ მთლიანობაში ეს იყო პროქართული დოკუმენტი, რომელიც რუსული საინფომაციო ომის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, იგი მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით იქნა განადგურებული.
რამდენადაც ცნობილია, თქვენ აღიარებითი ჩვენება გაქვთ მიცემული. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- სხვათაშორის, ეს აღიარებითი ჩვენება თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა და სასამართლოზე ის ჩემს წინააღმდეგ არ იყო გამოყენებული, რადგან იმ ჩვენებაში, რომელიც საშინელი ზეწოლის შედეგად იყო მიღებული, ნათქვამი იყო, რომ მე ნატოს სპეც-სამსახურებზე ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, ესეც სისულელეა, მაგრამ ამ ჩვენებაში რუსეთის სპეც-სამსახურებზე საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი.
მაგრამ თქვენ რუსეთის ჯაშუშობაზე გაგასამართლეს ხომ?
- არა, მე სწორედ ნატოს სპეც-სამსახურების ჯაშუშობის ბრალდებით გამასამართლეს და ეს განაჩენშიც ასე წერია.
თქვენი დაკავებისთანავე, ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თქვენ რუსეთის ჯაშუში იყავით. ამიტომ არსებობდა ინფორმაცია, რომ თქვენ სწორედ ამ ბრალდებით გაგასამართლეს
- ეს სიცრუეა. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი ამბობს ერთ რამეს და გამოდის ხოლმე აბსოლუტურად სხვა რამ. საქართველოს პარლამენტის შენობის ამბავი გაიხსენეთ. მიშა გამოვიდა და თქვა, რომ შენობა დასრულებულია, მაგრამ როდესაც იქ დეპუტატები ჩავიდნენ, აღმოჩნდა, რომ შენობა დანგრეული იყო. ცნობილი გერმანელი მეზღაპრის ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ - მეფე შიშველია. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ასე ჩემს შემთხვევაშიც იცრუა, თანაც საერთაშორისო მასშტაბით. საქმის მასალების მიხედვით, მე ნატოს სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობაში მადანაშაულებდნენ. სხვათაშორის, ჩემს განაჩენს გრიფით საიდუმლო ადევს.
წინა ხელისუფლება ცნობილია იმით, რა მეთოდებით ღებულობდა დაკავებული პირებისგან აღიარებით ჩვენებებს. თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა ჩვენების მიღება?
- ბუნებრივია, ჩემზე განხორციელდა საშინელი ზეწოლა. იყო საუბარი, რომ დედაჩემს დააპატიმრებდნენ და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებას მიუყენებდნენ. ასევე საუბარი იყო ჩემი მეუღლის დაპატიმრებაზეც. აღსანიშნავია, რომ შემდგომში ეს ვერსია, რომლითაც ჩემზე ახორციელებდნენ ზეწოლას, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმით დადასტურდა, რადგან გახსოვთ ალბათ, რომ ერთ-ერთ ფოტორეპორტიორს მეუღლე დაუპატიმრეს. ამიტომ მე მგონი, ეს ფაქტი კომენტარს აღარ საჭიროებს.
ვინ აწარმოებდა თქვენზე ამ ზეწოლას?
- ეს იყო ჯერ ვანო მერაბიშვილი, შემდეგ ამირან მესხელი, რომელიც ახლა გაქცეულია და იძებნება, როგორც დამნაშავე. ასევე ზეწოლას ახორციელებდნენ კონტრ-დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი მაზმიშვილი და მისი მოადგილე, ნაძირალა, ვინმე ოთარ ორჯონიკიძე. გამოყენებული იყო ანდროპოვის დროინდელი კა-გე-ბეს მეთოდები, რომლებიც მე ვიტყოდი, გაცილებით უფრო საზარელია, ვიდრე ფიზიკური ზემოქმედება. სხვათაშორის ჩემს დაკითხვას ღამის პერიოდში, სისტემატურად აწარმოებდნენ კონტრ-დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები, კა-გე-ბეს სკოლა გავლილი ადამიანები და ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული.
ბატონო ვახტანგ, რას აპირებთ ახლა?
- ვაპირებ, გავაგრძელო ჩემი საქმიანობა, ვემსახურო ჩემს სამშობლოს (ყოველგვარი პათეტიკის გარეშე). სადაც საჭირო იქნება, მზად ვარ სწორედ იქ ვიდგე და ამასთანავე, მინდა საერთაშორისო დონეზე გავარღვიო ის საინფორმაციო ბლოკადა, რომელიც ჩემს მიმართ განხორციელდა და მთელს საერთაშორისო საზოგადოებას გავაგებინო მომხდარის შესახებ.
თქვენი საქმე სტრასბურგშიც არის გაგზავნილი და აპირებთ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას?
- დიახ, რა თქმა უნდა, მე ამ საქმე ბოლომდე მივიყვან და ასევე ვაპირებ, რომ ჩემი საკითხი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე იყოს განხილული. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ ომიანობის პერიოდში ჯაშუშობის ბრალდება წამიყენეს. ეს ბრალდება კი ჰააგის ტრიბუნალის კრიტერიუმებში ჯდება. შესაბამისად, ვაპირებ, რომ როდესაც იქ რუსეთ-საქართველოს ომის განხილვის დრო დადგება, ჩემი საკითხიც დავსვა. მე მზად ვარ, მოწმის სახით გამოვიდე და ამ რეჟიმის კონტექსტში ყველაფერი ვთქვა, რაც ჩემს საქმეს ეხება.