სააკაშვილის პირადმა მძევლებმა ციხეები დატოვეს. ამნისტიის კანონის ამოქმედებისთანავე პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე 190 პირი გათავისუფლდა. ისინი ციხიდან ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გამოაცილა.
გათავისუფლებულებს შორის არიან 26 მაისის საპროტესტო აქციებისას, ე.წ. ენვერის, ყინწვისის საქმეებზე დაკავებული პირები, ასევე, ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ აყვანილი ახალგაზრდები და 7 ნოებრის საქმის გამო დაკავებული ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი. ციხეები დატოვეს, ასევე, სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა, ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ, ჯაშუშად მონათლულმა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ და სხვებმა. ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ ციხის მაგივრად სააკაშვილის სახელობის საკონცენტრაციო ბანაკში უწევდათ ყოფნა. ამასთან, ისინი საკუთარ საქმეებზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვენ.
ბევრი მათგანის მოლოდინია, რომ ციხეებში მათ ადგილს სწორედ ის პირები დაიკავებენ, ვის გამოც ისინი გაურკვეველი მიზეზებით ციხეში აღმოჩნდნენ და ფიზიკური თუ მორალური ზეწოლა განიცადეს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თავის ვაჟთან ანზორ ბიწაძესთან ერთად ციხიდან გამოსულ პოლიტპატიმრებს დახვდა. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა დამთავრდა და ახლა მთავარია სამართალი ბოლომდე აღსრულდეს.
For.ge ნინო ბურჯანაძეს ესაუბრა.
პოლიტპატიმრებმა ციხეები უკვე დატოვეს. უკვე კეთდება შეფასებები, რომ რეალურად სწორედ დღეს დამარცხდა რეჟიმი.
- ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამართალიანობა აღდგა და ამ ადამიანებმა დატოვეს საპყრობილეები. ისინი მართლაც ღირსეული ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ღირსებისთვის იბრძოდნენ მაშინ, როცა ეს ბრძოლა ძალიან საშიში იყო. მეამაყება, რომ ჩვენ თანამებრძოლებად და თანამოაზრეებად დავრჩით, რომ ეს ადამიანები მართლაც ღირსეულად წარმოჩნდნენ არა მარტო ბრძოლის დროს, არამედ - ციხეშიც და კიდევ უფრო ღირსებით აღსავსენი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებსა და ქვეყანას.
ერთი, რაც პრინციპულად შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ სამართლიანობის აღდგენა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ეს ნიშნავს, რომ ის დამნაშავე პირები, რომელთა გამოც სრულიად უდანაშაულო ადამიანები ამდენი ხნის განმავლობაში ციხეში ისხდნენ, მართლაც უნდა წარდგნენ სასამართლოსა და მართლმსაჯულების წინაშე.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში უპირველესი დამნაშავე არის მიხეილ სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც უკანონო ბრძანებებს ასრულებდნენ, რომლებიც შედიოდნენ და პატიმრების ლეიბებზე ცივ წყალს ასხამდნენ, რათა ადამიანებს ელემენტარულად დაწოლის საშუალება არ ჰქონდათ, ასევე, ის ადამიანები, რომლებიც პატიმრებს ღირსებას ულახავდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, აუცილებლად უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე.
თუ გვინდა, ნორმალური ქვეყანა გვქონდეს და აღარ მოხდეს ის, რაც აქამდე ხდებოდა, სააკაშვილიდან დაწყებული, ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებიც შეგნებულად ებრძოდნენ სიმართლეს და თავისუფლებას.
პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი არ მოაწერა, რაც აპრიორი ნიშნავდა მის პასუხისმგებლობას, რადგან შეუძლებელია ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობდნენ და პრეზიდენტმა ამის შესახებ არ იცოდეს. ამ შემთხვევაში, რას იტყვით მისი მოტივაციის შესახებ?
- სააკაშვილის პოზიცია სრულიად გასაგებია, რომ მან ხელი არ მოაწერა ამ კანონპროექტს. თავისთავად, ეს მისი მხრიდან აღიარებას ნიშნავდა, მაგრამ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი რას აღიარებს და რას - არა. მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია გამოვა სააშკარაოზე და, რაც არ უნდა ეცადოს სააკაშვილი, ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. გარწმუნებთ, მე და ის ადამიანები, ვინც დღეს დაუბრუნდნენ თავისუფლებას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და არანაირი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს.
26 მაისის საქმესთან დაკავშირებული ადამიანები გათავისუფლდნენ. რას გვეტყვით გენერალ უჩავას შესახებ, რომელმაც, ფაქტობრივად, ხელი დაადო თქვენს მეუღლეს, რაც მოგვიანებით ზეწოლით ახსნა?
- „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობიდან“ 25 ადამიანი იჯდა ციხეში, 26 მაისს დაპატიმრებული პირები ყველანი გათავისუფლდნენ, აბსოლუტურად უდანაშაულონი არიან ეს ადამიანები. მე ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენ ერთად ვიბრძოდით სამშობლოს გათავისუფლებისთვის. რაც შეეხება გენერალ უჩავას, მის შესახებ ვერაფერს გეტყვით, იმედია, სიმართლე საბოლოოდ გაირკვევა.
ამნისტიით გამოშვებულ ადამიანებს სააკაშვილი ეძახის ხალხის მტრებსა და ჯაშუშებს. ეს მაშინ, როცა გრიფით საიდუმლო მოეხსნება მათ საქმეებს და ყველაფერი ნათელი გახდება.
- ვფიქრობ, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ სწორედ მას დაერქმევა ის სახელი, რასაც ის იმსახურებს - ქვეყნის მოღალატის, საკუთარი ერის გამყიდველის და საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დამკარგავის. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ქვეყანაში რეალურად დადგა დრო, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.