ევროპა 2013 წელს: გადაწყვეტილებების წელი

ევროპა 2013 წელს: გადაწყვეტილებების წელი

წლის ბოლოს ყოველთვის ჩნდება კითხვები იმის თაობაზე, თუ რა მთავარი პრობლემები გველოდება მომდევნო წელიწადში. ეს საკითხის გამარტივებაა, რადგან ყოველ წელს უამრავი მოვლენა ხდება, და თითოეული ჩვენგანისთვის სხვადასხვა პრობლემაა მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, საჭიროა იმაზე დაფიქრება, თუ რა მოვლენა აიძულებს მსოფლიოს არსებული კურსის შეცვლას. ჩემი აზრით, 2013 წელს, ევროპა ის ადგილია, რომელსაც ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ.

თუკი ევროპას ერთ მთლიან გეოგრაფიულ ერთეულად განვიხილავთ, მას მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს. სურვილის შემთხვევაში ის აშშ-საც სერიოზულ სამხედრო კონკურენციას გაუწევს. ევროპა მსოფლიო სისტემის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, და იქ მიმდინარე მოვლენები გადამწყვეტად აისახება იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს და მუშაობს მთელი მსოფლიო. გავბედავ და ვიტყვი, რომ 2013 წელს ევროპის მომავალთან დაკავშირებით ბევრი რამ გამოიკვეთება.

საკითხი ასე დგას: შეძლებს თუ არა ევროკავშირი სტაბილურობის მიღწევას, განხეთქილების შეჩერებას და შემდგომში გაფართოებასა და ინტეგრაციას. თუმცა ალტერნატივაც არსებობს: დაძაბულობა ევროკავშირის შიგნით შეიძლება გამწვავდეს, მისმა ინსტიტუტებმა ლეგიტიმურობა დაკარგონ, ხოლო ბლოკში შემავალმა სახელმწიფოებმა გააძლიერონ საკუთარი, დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმოება.

ევროპული პროექტი საფრთხეშია

2008 წლის კრიზისის შემდეგ ოთხ წელიწადზე მეტი გავიდა; დაახლოებით ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის გამო წარმოქმნილმა პრობლემებმა ევროპაში საბანკო და ვალებთან დაკავშირებული კრიზისი შექმნა. მას შემდეგ კრიზისმა სახე იცვალა და ფინანსურიდან ეკონომიკურ კრიზისად გარდაიქმნა. ევროპა რეცესიის ფაზაში შევიდა, ხოლო უმუშევრობამ კონტინენტზე 10%-ს გადააჭარბა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამ. ეს იყო დრო, როდესაც ევროკავშირის შექმნის დროს ჩამოყალიბებულმა მართვის აპარატმა ვერ შეძლო მისაღები და რეალისტური პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამომუშავება და მიღება. ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთს უყურებდნენ დიდწილად არა როგორც ერთიანი პოლიტიკური ინსტიტუტის წევრები, არამედ როგორც ცალკეული ნაციონალური სახელმწიფოები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავენ თამაშში, სადაც ერთი ქვეყნის წარმატება მეორის საზიანოდ მიიღწევა.

შეგვიძლია ამას ორგვარად შევხედოთ. ჯერ ერთი, გაურკვეველია, თუ რომელმა ქვეყნებმა უნდა ზიდონ ევროზონის სტაბილიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთი. ფინანსურად უფრო მტკიცე ქვეყნებს უნდათ, რომ მთავარი დატვირთვა საკუთარ თავზე უფრო სუსტებმა აიღონ და აამოქმედონ მკაცრი ეკონომიის რეჟიმი. სუსტ ქვეყნებს კი სურთ, რომ ეს ტვირთი ძლიერმა სახელმწიფოებმა ზიდონ და ამარაგონ ისინი კრედიტებით, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო იზრდება იმის რისკი, რომ ეს თანხები ვერ დაბრუნდება. მეორეც, პრობლემა ის არის, თუ რომელმა კლასმა უნდა ზიდოს ეს მძიმე ტვირთი? საშუალო და დაბალი კლასისთვის, რომლებსაც იმ სახელმწიფო ხარჯებს შეუზღუდავენ, რომელსაც მათთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს? თუ ელიტა, რომელსაც გადასახადებს გაუზრდიან და რეგულაციებს გაუმკაცრებენ?

როდესაც იმ ევროპელებს ელაპარაკები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ევროპა თავის პრობლემებს უკვე აგვარებს, აუცილებლად ჩნდება კითხვა: და რომელ პრობლემებს აგვარებს ის? ბანკების? უმუშევრობის? ან პრობლემებს, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყნები საერთო გადაწყვეტილებას ვერ პოულობენ? უფრო კონკრეტულად, ევროპელი ლიდერები ამ პრობლემებზე უკვე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობენ, თანაც საუბარია ყველაზე ჭკვიან, კომპეტენტურ და ნიჭიერ ადამიანებზე მსოფლიოში. ის, რომ ისინი პრობლემებს ვერ აგვარებენ, უკავშირდება არა კარგი იდეების დეფიციტს ან არსებული პრობლემების უფრო დეტალური გააზრების აუცილებლობას, არამედ პოლიტიკური შეთანხმების არარსებობას ისეთ საკითხზე, როგორიცაა ვინ გადაიხდის ამ ყველაფრის ფასს – პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით. სახელმწიფოთაშორისი და კლასთაშორისი დაძაბულობა ხელს უშლის იმ გადაწყვეტილებების გამომუშავებას, რომელთაც შეიძლება ყველა დაეთანხმოს და რომლის დაცვაც შესაძლებელია.

თუკი ევროპელები მსგავს გადაწყვეტილებებს 2013 წელს არ შეიმუშავებენ, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ისიც, შესაძლებელია კი საერთოდ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება აუცილებლობა ევროპის მომავალზე ვიფიქროთ ან ევროკავშირის გარეშე ან ძალიან სუსტ ევროკავშირთან ერთად. მაგრამ თუკი ევროპა მაინც შეიმუშავებს გეგმას, რომელსაც საყოველთაო მხარდაჭერა და ძლიერი იმპულსი ექნება, ჩვენ შევძლებთ იმის თქმას, რომ ის კრიზისს თავს აღწევს. ეს კი, თავის მხრივ, 2013 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად გადაიქცევა.

ასეთ დროს გონიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი არ დამეთანხმება და მეტყვის, რომ არ ვითვალისწინებ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც სხვა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები აქვს. და მასაც შეუძლია ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე, რაც ვნახეთ კიდეც იქ წარმოქმნილ „ფისკალურ კრახში“, რომელიც კიდევ არაერთხელ განმეორდება. მაგრამ, თუკი ფინანსური თვალსაზრისით ასეთი შედარებები უადგილო არ არის, პოლიტიკური თვალსაზრისით აშშ-ში ყველაფერი სხვაგვარადაა. აშშ-ს დაშლა არ ემუქრება, იმ შემთხვევაშიც, თუკი ის წინააღმდეგობრივ პოლიტიკას გაატარებს. შეერთებული შტატები 200-ზე მეტი წლისაა და მან ბევრად უფრო სერიოზულ გამოცდებს გაუძლო, მათ შორის, სამოქალაქო ომს და დიდ დეპრესიას. ხოლო ევროკავშირი 20 წლისაც არ არის, და ეს მისთვის პირველი სერიოზული კრიზისია. აშშ-ის ფინანსური სისტემის ცუდი მართვის შედეგები მნიშვნელოვანია. მაგრამ ევროპისგან განსხვავებით, ეს შედეგები უშუალოდ აშშ-ის არსებობას არ ემუქრება.

კრიზისის სხვა შედეგები

ყველაზე მნიშვნელოვანი არა ფინანსური, არამედ პოლიტიკური განზომილებაა. აბსოლუტურად შესაძლებელია ის, რომ ევროკავშირი გაუმკლავდეს თავის საბანკო პრობლემებს და თავიდან აიცილოს სუვერენული ვალის მორიგი კრიზისი. მაგრამ ეს მისთვის რეცესიის და უმუშევრობის ფასად მოხდა, რომელიც აქ გაცილებით დიდია, ვიდრე აშშ-ში, ხოლო ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი.

ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირი სამი კატეგორიის ქვეყნებად დავყოთ და შევადაროთ მათთან არსებული უმუშევრობის დონე ამერიკის უმუშევრობასთან, სადაც მისი მაჩვენებელი დაახლოებით 7,7%-ია. ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში უმუშევრობა არსებითად დაბალია (ავსტრია, ლუქსემბურგი, გერმანია, ჰოლანდია და მალტა). შვიდ ქვეყანაში უმუშევრობის დონე დაახლოებით ისეთივეა, როგორიც აშშ-ში (რუმინეთი, ჩეხეთი, ბელგია, დანია, ფინეთი, ბრიტანეთი და შვედეთი). ხოლო დანარჩენ 15 ქვეყანაში უფრო მაღალია, ვიდრე შეერთებულ შტატებში. 11 ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 10-დან 17%-მდეა, მათ შორის, საფრანგეთში – 10,7%, იტალიაში – 11,1%, ირლანდიაში – 14,7%, პორტუგალიაში – 16,3%. ორ ქვეყანაში უმუშევრობას შემაშფოთებელი მაჩვენებელი აქვს – საბერძნეთში – 25,4%, ხოლო ესპანეთში – 26,2%. უმუშევრობის ასეთი დონე უახლოვდება დიდი დეპრესიის პიკის დროს შეერთებული შტატების მაჩვენებელს.

მოწინავე და ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნებისთვის, რომელთა ნაწილი ყველაზე ძლიერი და გავლენიანია ევროპაში, ეს ციფრები შოკისმომგვრელია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის, თუ რას ნიშნავს ეს სოციალური თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია ის, რომ უმუშევრობა ყველაზე მაღალი ახალგაზრდებშია. იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში, 25 წელს ქვევით ახალგაზრდების მესამედზე მეტს სამუშაო არ აქვს.

ბევრი წელი გაივლის მანამ, სანამ უმუშევრობა ესპანეთსა და საბერძნეთში მისაღებ დონემდე შემცირდება. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც უმუშევრობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დაახლოებით 10%-ს შეადგენს, ეს დრო თავისი ხანგრძლივობით მნიშვნელოვანი იქნება, ხოლო ევროპა დღემდე რეცესიის მდგომარეობაშია.

იფიქრეთ ახალგაზრდებზე, რომლებმაც 20 წელს გადააბიჯეს და რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ საუნივერსიტეტო დიპლომები. უმუშევრობის არსებული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანებმა შეიძლება საერთოდ ვერ შეძლონ არჩეული პროფესიით მუშაობის დაწყება და იმ დონის სამუშაოს მიღება, რომელსაც იმედოვნებენ. ესპანეთსა და საბერძნეთში, ახალგაზრდებიც (და ხანშიშესულებიც) პირად კატასტროფებს აწყდებიან. სხვა ქვეყნებში ასეთი ადამიანების რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ პრობლემა მათთვისაც რეალურია. უნდა გვახსოვდეს, რომ უმუშევრობა აისახება არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანზე. ის გავლენას ახდენს მის ახლო ნათესავებზე, მშობლებზე და ოჯახზე. ეს გავლენა არა მხოლოდ ფინანსურია, არამედ ფსიქოლოგიურიც. ის ამკვიდრებს სასოწარკვეთის, შიშის, მარცხის და წარუმატებლობის განცდას.

ის აყალიბებს ახალგაზრდათა იმ თაობას, რომელსაც ფესვები არ აქვს, სავსეა ენერგიით და ბრაზით. უმუშევრობა უდევს საფუძვლად როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ძალების ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობებს. მას, ვისაც დიდხანს სამუშაო არ აქვს და იმედიც დაკარგული აქვს, უბრალოდ არაფერს კარგავს, და ფიქრობს, რომ რაიმეს მიღწევას სახელმწიფოში სიტუაციის დესტაბილიზაციით შეძლებს. რთულია იმის განსაზღვრა, უმუშევრობის ზუსტად რა მაჩვენებელი აჩენს ამ ტიპის არეულობებს, თუმცა უდავოა, რომ ესპანეთი და საბერძნეთი უკვე არიან ამ ზონაში, და მათ შეიძლება სხვებმაც მიბაძონ.

უნდა აღინიშნოს, რომ თუკი საბერძნეთში ძლიერი მემარჯვენე-რადიკალური მოძრაობა გაჩნდა, ესპანეთის პოლიტიკური სისტემა, რომელსაც ცენტრს და ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის გარკვეული დაძაბულობა ახასიათებს, შედარებით სიმტკიცეს ინარჩუნებს. ჩემი აზრით, ეს სიმტკიცე ეფუძნება რწმენას, რომ უმუშევრობის პრობლემების გადაწყვეტის გზები მოიძებნება. ჯერჯერობით ხალხს არ აქვს გაცნობიერებული სიტუაციის სერიოზულობა და ის, რომ უმუშევრობის პრობლემა მალე ვერ მოგვარდება. მას ღრმა სტრუქტურული ფესვები აქვს. შეერთებულ შტატებში, დიდი დეპრესიის დროს უმუშევრობის დონის ოდნავ შემცირება შესაძლებელი გახდა რუზველტის ახალი კურსის წყალობით. მაგრამ ბოლომდე ამ პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო გახდა მასშტაბური რესტრუქტურიზაცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში მოხდა.

აი, რატომ არის 2013 წელი ევროპისთვის კრიტიკული. მან ბევრი რამ გააკეთა საბანკო კრიზისის დასაძლევად, სახელმწიფო ვალის კრიზისიც გადაავადა. ამისთვის რომ მიეღწია, ევროპამ მნიშვნელოვნად დაასუსტა თავისი ეკონომიკა და ზოგიერთ ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობა წარმოქმნა. ხარჯების ტვირთის არათანაბარი განაწილება, როგორც ქვეყნებს, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის, ევროკავშირს საფრთხეს უქმნის. და საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ ყველა ქვეყანა სარგებელს თავისკენ ექაჩება. არამედ ის, რომ ჩნდება ახალი პოლიტიკური მოძრაობები, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მეტად დაზარალებულ ფენებში, რომლებიც ნაციონალისტურად არიან განწყობილნი და საკუთარ ელიტას არ ენდობიან. კიდევ რა შეიძლება მოხდეს ქვეყნებში, რომლებიც კრიზისს განიცდიან? იმ შემთხვევაშიც, თუკი ამ კატასტროფის შესუსტება შესაძლებელი გახდება ჩრდილოვანი ეკონომიკის და ემიგრაციის ხარჯზე, რაც უმუშევრობას შეზღუდავდა, ევროპის 14 ქვეყანაში საშინელი ეკონომიკური მდგომარეობა დარჩება.

ევროპა გზის გასაყარზე

ევროკავშირი იმდენად ფოკუსირებულია თავის ფინანსურ კრიზისზე, რომ ვფიქრობ, მის ლიდერებს და ჩინოვნიკებს დღემდე სრულად ვერ გაუცნობიერებიათ უმუშევრობის რეალიები. ნაწილობრივ ეს გამოწვეულია იმით, რომ ევროპული ელიტის და იმ ადამიანების მსოფლმხედველობაში, ვისაც ერთიან ევროპაში ცხოვრება არ მოეწონა, განხეთქილება სულ უფრო იზრდება. ნაწილობრივ კი ეს გეოგრაფიით აიხსნება. ის ქვეყნები, სადაც უმუშევრობის დონე შედარებით დაბალია, ევროპის ჩრდილოეთით მდებარეობს, ეს უკანასკნელი კი ევროკავშირის ცენტრია. ხოლო ისინი, სადაც უმუშევრობის დონე კატასტროფულია, მის პერიფერიაზე არიან კონცენტრირებულნი და იმის უგულებელყოფა, რაც შორს არის, იოლია.

თუმცა 2013 წელს, ევროპული პრობლემის გაცნობიერება და ფორმულირება ფინანსური კრიზისის ფარგლებს უნდა გასცდეს და მის სოციალურ შედეგებზე გადავიდეს. პრობლემის გადაჭრა თუ არა, კრიზისის დარეგულირების საქმეში წინსვლა შესამჩნევი უნდა გახდეს. სტაგნაციის და უმუშევრობის შენარჩუნება არსებულ დონეზე კიდევ ერთ წელიწადს ვერ გაგრძელდება ისე, რომ არ გააჩინოს წონადი პოლიტიკური ოპოზიცია. ეს ოპოზიცია კი ან თავად შექმნის სახელმწიფოს, ან არსებულ სახელმწიფოებს ევროპის ერთიანი ქსოვილის დარღვევას აიძულებს.

ქსოვილი საკმარისად მტკიცე და მყარი არ არის იმისთვის, რომ წარმოქმნილ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ადამიანებს არ სთხოვენ ევროკავშირისთვის თავგანწირვას ბრძოლის ველზე, მაგრამ მათგან ითხოვენ იცხოვრონ ღატაკი და სასოწარკვეთილი ცხოვრებით, ეს კი სიმამაცის და თავგანწირვის გამოხატვაზე გაცილებით რთულია. ხოლო იმის გამო, რომ ევროკავშირის მთავარი დაპირება და იმედი კეთილდღეობა იყო, ასეთი დაპირების შეუსრულებლობა და იმედების გაცრუება, რასაც სიღარიბე და კრიზისის ტვირთის არათანაბარი განაწილება მოაქვს, გაუსაძლის ვითარებას ქმნის. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. თუკი ევროპა კრიზისშია, ეს ნიშნავს იმას, რომ კრიზისშია მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა, თანაც ეს კრიზისი პოლიტიკურიც არის და ფინანსურიც. ეს კი მსოფლიოსთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია.

foreignpress.ge