თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის მიწვევა გიგი უგულავამ და კობა სუბელიანმა არაფრად ჩააგდო და შესაბამისად, საკრებულოს სპეციალურმა სხდომამ მათ გარეშე ჩაიარა. სპეციალურ სხდომის მოწვევა კი დოლიძემ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის გასაცნობად მოიწვია, მაგრამ ხელისუფლებამ უკვე თქვა, „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“–ო. დევნილებისთვის გაკეთებულ საქმებს კი უკვე მთელი კვირაა თვალს ვადევნებთ და ამიტომ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას სათქმელიც არაფერი აქვს.
რახან მუჰამედი არ მიდის მთასთან, დოლიძემ თავად გადაწყვიტა ფოცხოეწერაში თავად წასულიყო იმ ობიექტის სანახავად, სადაც დევნილებს ფართები გამოუყვეს. დოლიძეს რაც უნდა დახვდეს ადგილზე, ხელისუფლების სტრატეგიიდან გამომდინარე, ალბათ, რაიმე ცვლილების იმედი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ როგორ აპირებს თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფლანგი დევნილების პრობლემების გადაჭრას და რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ დევნილებს, ამაზე ვიქტორ დოლიძე პრესა.გე–ს ესაუბრა.
–გიგი უგულავას და კობა სუბელიანს წერილობით ვთხოვეთ საკრებულოში მოსვლა, რათა მათგან ანგარიში მოგვესმინა, მაგრამ არ მობრძანდნენ და პასუხიც კი არავინ გაგვცა. ხელისუფლებას აბსოლუტურად აგდებული მიდგომა აქვს დევნილთა საკითხისადმი და ეს სხდომაზე მათმა გამოუცხადებლობამაც დაადასტურა. ამიტომ, თავად გადავწყვიტე ფოცხოეწერში ჩასვლა, რომ დავათვალიერო ობიექტი და ვნახო, რასთან გვაქვს საქმე.
თუმცა, პრობლემა ისაა, რომ 5–ვარსკვლავიანი სასტუმრო რომ დაურიგონ ამ ხალხს, საქმეს ვერც ეს უშველის. ბავშვებმა სკოლაში უნდა იარონ, სახნავ–სათესი პერიოდი უკვე გასულია, ზამთარი დგება, მათი დასაქმების პრობლემა კი მოუგვარებელია და ეს მეტყველებს ამ მთავრობის უპასუხისმგებლობაზე. ამათ ხალხი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დროს სჭირდებათ.
წლების განმავლობაში სააკაშვილს ურჩევდნენ დევნილებისთვის ფართები ეყიდათ, რადგან ბიუჯეტიდან დევნილებისთვის ყოველწლიურად დახმარებების გაცემა უფრო ძვირი უჯდებოდა სახელმწიფოს, ვიდრე ერთჯერადად მთთვის ფართების შეძენა. მაშინ სააკაშვილი ამის წინააღმდეგი იყო და საინტერესოა, ახლა რატომ შეცვალა სტრატეგია?
–არ ვიცი მიზეზი რა არის და ამათ თავში რა უდევთ ვერ გეტყვით. ნებისმიერი განცხადება დეკლარატიულ დონეზეა გაკეთებული. როცა ისინი თითქოს შემწეობაზე და დევნილთა საყოფახოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე საუბრობენ, ეს, როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდში გამოიყენება. საზოგადოებამაც უნდა გამოიტანოს ამ ყველაფრიდან გარკვეული დასკვნები, მაგრამ დევნილებთან დაკავშირებით, სისტემურად რომ შესამუშავებელია სტრატეგია უდავოა. ის არა არის საკმარისი, რაც ნიკა გილაურს უწერია 2010 წლის 11 მაისს განკარგულებაში დევნილების 2009–12 წლების განმავლობაში სტრატეგიული დოკუმენტის თაობაზე. არ შეიძლება დევნილებთან ინდივიდუალური მიდგომის გარეშე, გვქონდეს სხვა მიდგომა. ეს არ არის რაღაც ბრბო და ცხვრების ფარა, ეს არის ჩვენი მოქალაქეები, ყველაზე შეჭირვებული და ჩემის აზრით, ყველაზე ღირებული, რომელსაც მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ.
თუ არ არსებობს მათი თანხმობა, რომ ისინი მზად არიან არსებული საცხოვრებელი ფართი დათმონ, რა თქმა უნდა ალტერნატიული ფართის სანაცვლოდ, ხელისუფლებას არ აქვს უფლება ასე მოიქცეს, გნებავთ აღიარებული საერთაშორისო პრინციპების და ნორმების, და გნებავთ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. მაგრამ რომელს იცავდა ეს ხელისუფლება ამ 6 წლის განმავლობაში და რომელს იცავს დღეს?
საკრებულოს რა შეუძლია დევნილებისთვის შეცვაოს და რა ბერკეტები გაქვთ,რომ ხელისუფლება აიძულოთ ეს ძალადობრივი აქტი შეაჩეროს?
–ჩვენი ბერკეტია საკრებულოს ტრიბუნა, ჩვენი ბერკეტია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ წამოწყებული ბრძოლა ხელისუფლების შესაცვლელად. აქედან რა გამოვა რთული სათქმელია და არც ვაპირებ პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ გაჩერებას. სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად გვინდა ვიბრძოლოთ ყველა ტრიბუნიდან, საიდანაც შესაძლებელი იქნება გავაპროტესტოთ ხელისუფლების ეს ქმედება. რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლობებთან და წარმომადგენლებთან. მინდა ადგილზე საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაველაპარაკო და გამოვიყენო მათთან კონტაქტები.
საერთოდ, რამდენად სამართლიანია, როცა ადამიანი 17 წელი ცხოვრობდა ერთ ადგილას და იქ თავად მოიპოვა საარსებო საშუალება, ახლა უცერემონიოდ აყარო და სულ სხვა გარემოში აიძულო თავიდან დაიწყოს ცხოვრება. გარდა ამისა, ასე ხელაღებით და საჩქაროდ რომ ყრიან ჩასახლების ობიექტებიდან, დავიჯერო მეორე დღიდანვე შეძლებენ ამ ობიექტების გაყიდვას?
-გეთანხმებით, ამ ხალხმა ადგილობრივ გარემოში უკვე ასიმილაცია განიცადა და რთულია მათთვის საყოფაცხოვრებო პიროების შექმნა, მითუმეტეს, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ. სანამ სხვა პროგრამა განხორციელდებოდა, ყოფილიყო ეს ხალხი, რას ერჩოდნენ, ან რამდენად უნდა გაყიდონ ეს შენობები და რომც შემოვიდეს ის თანხები ამ დევნილებს უშველით? მე ეჭვი მეპარება.
ფოცხოეწერის გარდა რა ობიექტებს სთავაზობენ დევნილებს და საერთოდ, თუ არსებობს ზუსტი სტატისტიკა რამდენი ათასი დევნილია თბილისში? ხელისუფლების განმარტებით, ამ ეტაპზე 19 ობიექტის დაცლა იგეგმება და სად უპირებენ ამდენ ადამიანს განსახლებას?
–ახლა ლერმონტოვის N10–დან აპირებენ დევნილების გამოსახლებას და მათ გაშვებას სოფელ ბაკურციხეში აპირებენ. რაც შეეხება სტატისტიკას, ზუსტი მონაცემები ხელისუფლებას არ აქვს. ჩვენი ინფორმაციით, დღეს თბილისში 100 ათასი დევნილი ცხოვრობს და აქედან 36 ათასი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, მაგრამ უახლოეს წლებში ეს ციფრი კიდევ ურო გაიზრდება, რადგან არანაირი სოციალური და ჯანდაცვის პირობები ამ ხალხს არ აქვს.
ვერ გეტყვით რა იქნება მომავალში, მაგრამ ის ვიცი, რომ ამ პროცესს წინ უნდა აღუდგეს საზოგადოება. ხომ ხედავთ აგვისტო სპეციალურად შეარჩიეს, მკვდარი თვეა, ხალხი გასულია და ნაკლებად რეაქციულია. ამიტომ, ხელისუფლება ეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს ეს პერიოდი.