ევროკომისია რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე სწრაფი უარის გეგმას წარადგენს, - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს, დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ.
„რუსეთის სამხედრო ეკონომიკა, რომლის შემოსავლები სამთო რესურსებიდან არის მხარდაჭერილი, აფინანსებს სისხლისღვრას უკრაინაში. იმისთვის, რომ ამას ბოლო მოეღოს, ევროკომისია შემოგვთავაზებს რუსული სამთო რესურსების იმპორტზე სწრაფ უარს“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა, სოციალურ ქსელ X-ში.
ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, ტრამპთან სატელეფონო საუბრის თემას წარმოადგენდა რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის შემდგომი ნაბიჯები. ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკომისია უახლოეს მომავალში წარადგენს რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სანქციების პაკეტს, რომელიც „კრიპტოვალუტებს, ბანკებსა და ენერგეტიკას“ შეეხება.
წინასწარ მომზადებული ევროკავშირის გეგმა ითვალისწინებდა, რომ წევრი ქვეყნები სრულად მოიცილებდნენ რუსულ ენერგომომარაგებას 2028 წლის 1 იანვრამდე, თუმცა ევროკომისია ამ პროცესის დაჩქარებას გეგმავს.
რუსული გაზის იმპორტი ევროკავშირში იზრდება
2024 წელს, ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტი 18%-ით გაიზარდა. მარტში, ანალიტიკური ცენტრი Ember იტყობინებოდა, რომ ევროკავშირის ქვეყნები, წინა წელთან შედარებით, რუსული გაზის იმპორტს 18%-ით ზრდიდნენ.
მონაცემების მიხედვით, რუსული გაზის უფრო აქტიური შესყიდვა ხდება იტალიაში, ჩეხეთსა და საფრანგეთში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმპორტი 2025 წელსაც გაიზრდება.
აშშ რუსული ენერგომომარაგების შეწყვეტას ითხოვს
სექტემბრის დასაწყისში, დონალდ ტრამპმა ევროპის ლიდერები დაადანაშაულა უკრაინის ომის დაფინანსებაში, რუსული ნავთობის შესყიდვის გზით და მოუწოდა მათ, მოსკოვი ამ შემოსავლის წყაროდან მოეკვეთათ. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ აშშ მზად არის, რუსეთს სერიოზული სანქციები დაუწესოს, თუ ნატო-ს ქვეყნები რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტენ.
8 სექტემბერს, აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა, კრის რაიტმა ევროკავშირის ქვეყნებს რუსული ენერგომომარაგებების ჩანაცვლება ამერიკული თხევადი ბუნებრივი გაზით, ბენზინითა და სხვა პროდუქტებით შესთავაზა. მინისტრის განმარტებით, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს სცენარი ევროპისათვის მომგებიანია: „თქვენ გინდათ, ენერგიის სანდო მიმწოდებლები გყავდეთ, რომლებიც თქვენი მოკავშირეები არიან და არა - მტრები“.
წყარო: https://www.dw.com/ru/evrokomissia-predlozit-uskorit-otkaz-ot-rossijskih-nefti-i-gaza/a-74021408