სიკვდილით დასჯის გაუქმების საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მთავარი მომხსენებელი ტიტუს კორლატეანი ბელარუსისგან სასჯელის ამ ზომის გამოყენებაზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს. კორლატეანის განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ოქტომბრის ბოლოს ქალაქ ბრესტის საოლქო სასამართლომ 8 თვის ჩვილის მკვლელს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერდიქტი საბოლოო არ არის, ის შემაშფოთებელია, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ბელარუსის სასამართლო სისტემა აგრძელებს სიკვდილით დასჯის გამოყენებას“, - აღნიშნულია კორლატეანის განცხადებაში.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტები ნებისმიერ ვითარებაში სიკვდილით დასჯის გამოყენებას კრძალავს.
„ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას სასწრაფოდ დააწესოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. ეს ევროპის საბჭოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა“, - აღნიშნავს კორლატეანი.