საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მიგრანტებისთვის ქვეყანაში თავშესაფრის მიღების პროცედურას გაამკაცრებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კანონი კონსერვატიულმა უმრავლესობამ სოციალისტების მხარდაჭერით მიიღო. მთავრობა მიიჩნევს, რომ ახალი წესები მათ იმ მიგრანტების გამოვლენაში დაეხმარება, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დაცვა. „ეს ცვლილებები საერთაშორისო დაცვის შესახებ კომპაქტური კანონმდებლობის შექმნაში დაგვეხმარება“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საბერძნეთს 70 000 მიგრანტის საქმე არ აქვს განხილული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ხალხს საბერძნეთში ჩასვლა და იქ განუსაზღვრელი დროით ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩენა შეუძლია. ახალი კანონი საქმეების განხილვის პროცესის დაჩქარებას და არალეგალი მიგრანტების დეპორტაციას ითვალისწინებს.
ახალ კანონს უფლებადამცველი ორგანიზაციები და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები აკრიტიკებენ. მათი აზრით, ცვლილებები მიგრანტების უფლებებს ზღუდავს.
მიგრანტთა ბანაკების უმეტესობა საბერძნეთში ეგეოსის ზღვის კუნძულებზეა განლაგებული. BBC-ს ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში მიგრანტთა ნაკადი გაიზარდა, რის გამოც, ბანაკებში იმაზე მეტი ადამიანია განთავსებული, ვიდრე ამას მათი ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს.