ათობით ათასი ერაყელი ბაღდადის ცენტრში შეიკრიბა და ქვეყნის პოლიტიკური ელიტის გადაყენება მოითხოვა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ეს ერაყის ყოფილი მმართველის სადამ ჰუსეინის გადაყენების შემდეგ ყველაზე ხალხმრავალი ანტისამთავრობო დემონსტრაცია იყო.
პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ერაყის ადამიანის უფლებათა კომისიის ინფორმაციით, ერთ მომიტინგე ქალს ცრემლმდენი გაზის ქილა თავში მოხვდა და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები 155-მა ადამიანმა მიიღო.
ერაყში არეულობების დროს 25-30 ოქტომბერს 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 ათასზე მეტი დაშავდა. დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ.
საპროტესტო აქციები ერაყში პირველ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა. 31 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ადელ აბდელ მაჰდიმ გადადგომის და ახალი არჩევნების დანიშვნის მზადყოფნა გამოთქვა.