ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა. ამის შესახებ France 24 წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამის განცხადება სტოლტენბერგმა უკრაინაში ვიზიტისას, ოდესაში გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი კონფლიქტური რეგიონებიდან ძალების გაყვანას დადებითად აფასებს.
„ჩვენ დაძაბულობის შემცირების მცდელობას და ძალების გაყვანას მივესალმებით. მაგრამ ვიცით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა დღემდე გრძელდება. ნატო ცალსახად აცხადებს, რომ რუსეთს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია და თავისი ჯარი, ყველა თავისი ოფიცერი აღმოსავლეთ უკრაინიდან უნდა გაიყვანოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი უკრაინას ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს. 31 ოქტომბერს ის ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
29 ოქტომბერს უკრაინის სახელმწიფო ჯარმა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინიდან ძალების გაყვანის პროცესი დაიწყეს.
აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი დონეცკისა და ლუგანსკის ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო. შედეგად 13 000 ადამიანი დაიღუპა, 40 000 კი დაიჭრა. ოფიციალურად რუსული ჯარი კონფლიქტში არ მონაწილეობს, თუმცა უკრაინული მხარე რეგიონებში რუსი სამხედროების ყოფნის შესახებ აცხადებს.