მოზამბიკში ამბოხებულები თავს დაესხნენ არაოფიციალურ რუსულ სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" წევრებს, რის შედეგადაც 5 რუსი მებრძოლი და 20 მოზამბიკელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Carta de Mocambique წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი 27 ოქტომბერს კაბუ-დელგადუს პროვინციაში მოხდა. ამბოხებულები რუს მებრძოლებსა და მოზამბიკის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ჩაუსაფრდნენ. მათ გზებზე ბარიკადები აღმართეს, ხოლო როდესაც ავტომობილები მიუახლოვდნენ, ცეცხლი გახსნეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს 5 რუსი მებრძოლის დაღუპვის შესახებ არ აკეთებს.
"ვაგნერი" კერძო სამხედრო კომპანიაა, რომელიც სავარაუდოდ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის არის. მედიის ცნობით, მოზამბიკაში "ვაგნერი" მოქმედ ხელისუფლებას ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ ეხმარება.