თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის განცხადებით, ანკარა მოსკოვისგან Su-35 ტიპის გამანადგურებლებს არ შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
აკარის თქმით, თურქეთი აშშ-ის პარტნიორად რჩება და F-35-ის ტიპის მეხუთე თაობის მოიერიშე-გამანადგურებლებს შეიძენს, რუსული თვითმფრინავების შესყიდვის შესახებ ცნობები კი სინამდვილეს არ შეესაბამება.
25 ოქტომბერს თურქული გამოცემა Daily Sabah-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მოსკოვი და ანკარა Su-35 ტიპის 36 თვითმფრინავის შესყიდვაზე შეთანხმდნენ.
28 ივნისს აშშ-ის სენატმა თურქეთისთვის F-35-ის ტიპის თვითმფრინავების გაყიდვა აკრძალა. აშშ და ნატოს სხვა წევრები შიშობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ანკარას რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და F-35-ის ტიპის გამანადგურებლები ექნება, რუსული სისტემების რადარები ასეთი თვითმფრინავების აღმოჩენას შეძლებენ.