ე.წ. „უკრაინის საქმეზე“, რომელმაც, შესაძლოა, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი გამოიწვიოს, კონგრესში ჩვენება მისცა პირველმა მოწმემ, რომელიც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს პირადად უსმენდა.
Deutsche Welle-ს ცნობით, საუბარია ერაყის ომის ვეტერან ალექსანდრ ვინდმანზე, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომელი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ექსპერტია.
ამრიგად, ვინდმანი თეთრი სახლის პირველი მოქმედი თანამშრომელია, რომელმაც ამ თემაზე კონგრესში ჩვენების არ მიცემის შესახებ ტრამპის განკარგულება დაარღვია. ვინდმანის თქმით, მან შეუფერებლად ჩათვალა ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მთავრობა აშშ-ის მოქალაქის წინააღმდეგ გამოძების დაწყებას სთხოვდნენ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. 22 ოქტომბერს ტრამპმა ქვეყნის კონგრესში მისი იმპიჩმენტის შესახებ მიმდინარე გამოძიებას „ლინჩის წესით გასამართლება“ უწოდა.
სექტემბერში აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ლიდერი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.
ჩანაწერის თანახმად, ტრამპმა სატელეფონო საუბრისას აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა. აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა კი ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.
ამის შემდეგ თეთრმა სახლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 25 სექტემბერს შემდგარი სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოქვეყნა. მანამდე კი, თავად ზელენსკიმაც დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრისას ტრამპი მას ბაიდენზე ზემოქმედებისკენ არ უბიძგებდა.