აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილე ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა.
დონალდ ტრამპს ძაღლის სახელი არ დაუსახელებია. აშშ-ის არმიის გენერლის მარკ ჰერტლინგის განმარტებით, ეს უსაფრთხოების მიზნით მოხდა, რადგან ძაღლის სახელით შეიძლება გაირკვეს ის სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა.
თუმცა Newsweek-ი პენტაგონში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ძაღლის სახელი კონანია.
27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისას მოკლეს.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა და შედეგად თავისი სამი შვილიც მოკლა.
ამავე პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ოპერაციაში რამდენიმე ძაღლი მონაწილეობდა, რომელთგანაც ერთი დაიჭრა. ამერიკული მედია ვარაუდობს, რომ ტრამპმა სწორედ მისი ფოტო გამოაქვეყნა.