ბულგარეთში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ დიპლომატს ქვეყანა დაეტოვებინა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის მოქალაქემ ბულგარეთი უკვე დატოვა. მის შესახებ 28 ოქტომბერს გახდა ცნობილი.
ბულგარეთის პროკურატურის მტკიცებით, ჯაშუშურ საქმიანობას ბულგარეთში რუსეთი საელჩოს პირველი მდივანი ეწეოდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 2018 წლის სექტემბრიდან ის „აგროვებდა ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, რათა უცხო ქვეყნისთვის გადაეცა". კერძოდ, ის კონსპირაციულ შეხვედრებს მართავდა იმ პირებთან, რომლებსაც ბულგარეთის, ევროკავშირისა და ნატოს საიდუმლო მასალებზე წვდომა ჰქონდათ.