ბიზნესმენებმა ლევ პარნასმა და იგორ ფრუმანმა აშშ-ის ფედერალურ სასამართლოს განუცხადეს, რომ თავს საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების დარღვევაში დამნაშავეებად არ ცნობენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ნიუ-იორკის პროკურატურა საბჭოთა კავშირში დაბადებულ ბიზნესმენებს საარჩევნო კამპანიის უცხოური სახსრების გამოყენების დაფინანსებას ედავებიან. გავრცელებული ცნობით, ისინი ტრამპის ხელახლა არჩევის მხარდამჭერ ორგანიზაციას დიდ თანხებს ურიცხავდნენ და ამისთვის ვინმე რუსი ბიზნესმენის ფულს იყენებდნენ.
პარნასი და ფრუმანი სექტემბერში აშშ-ის დატოვების მცდელობისას დააკავეს. ორივე შტატების მოქალაქეა, თუმცა პარნასი უკრაინაში დაიბადა, ფრუმანი კი ბელარუსში.
ეს პირველი კრიმინალური საქმეა კონგრესის მიერ იმპიჩმენტის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რომლის ინიციატორ დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმიერ ზელენსკიზე თავისი კონკურენტის ჯო ბაიდენის და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზნით ზეწოლას ახორციელებდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბიზნესმენები ტრამპის პირად ადვოკატ რუდი ჯულიანის უკრაინელ პროკურორებთან კონტაქტის დამყარებაში ეხმარებოდნენ. პარნასი და ფრუმანი კონგრესში იმპიჩმენტის საქმეზე მოწმეების სტატუსით გამოიძახეს. მათგან უკრაინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენასაც ითხოვენ.
უკრაინასთან დაკავშირებული სკანდალის გამო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო.