სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყების შემდეგ ციხეებიდან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი მებრძოლი გაიქცა. როგორც Deutsche Welle წერს, ამის შესახებ სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა.
ჯეიმს ჯეფრის თქმით, მათი ადგილსამყოფელი უცნობია. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს სირიაში თურქული ოპერაციის დროს სამხედრო დანაშაულების დამამტკიცებელი საბუთები აქვს. „ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ინციდენტი, რომელსაც სამხედრო დანაშაულის ნიშნები აქვს“, - განაცხადა ჯეფრიმ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო, თუმცა, ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა.