ამერიკული ჯარის ნაწილი სირიაში დარჩება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა. მისი თქმით, ჯარისკაცების ერთი ნაწილი სირიაში ნავთობის საბადოებს დაიცავს, კიდევ ორი ჯგუფი კი იორდანიის და ისრაელის საზღვრებს გააკონტროლებს.
ტრამპმა სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამასთან, ტელეკომპანია CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ტრამპი მზად არის სირიის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს. მან განმარტა, რომ ტრამპი საჭიროების შემთხვევაში ამას გააკეთებს. მან არ დააკონკრეტა რა ქმედებები გამოიწვევს ამ აუცილებლობას, თუმცა დასძინა, რომ ვაშინგტონს ომს მშვიდობა ურჩევნია.
9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო, თუმცა, ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა.