ბრაზილიის პლაჟები სამ დღეში 525 ტონა ნავთობისგან გაწმინდეს

ბრაზილიის პლაჟები სამ დღეში 525 ტონა ნავთობისგან გაწმინდეს

ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის პლაჟებზე სამ დღეში 525 ტონა ნავთობი და ნაგავი შეაგროვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების ვებგვერდი ავრცელებს.

„სხვადასხვა უწყების თანამშრომლებისა და მოხალისეების ერთობლივი მუშაობით შედეგად დასუფთავდა პლაჟების უდიდესი ნაწილი, შეგროვდა 525 ტონაზე მეტი ნაგავი“, - აცხადებენ მონიტორინგის შტაბში. სამხედროების გარდა გაწმენდით სამუშაოებში გარემოს დაცვის ინსტიტუტის (Ibama), ბიომრავალფეროვნების დაცვის ინსტიტუტისა (ICMBio) და სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-ის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

Ibama-ს ცნობით, სექტემბრის დასაწყისიდან ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთის 190 პლაჟი და 12 დაცული ტერიტორია, რომლებშიც ზღვის კუები და ლამანტინები ცხოვრობენ, ნავთობით დაბინძურდა. მათი ინფორმაციით, დაბინძურებული სანაპირო ზოლის სიგრძე 2200 კილომეტრს აღემატება.

სპეციალისტების აზრით, თუ უახლოეს დროში პრობლემა არ მოგვარდება, ის ტურისტულ ბიზნესს სერიოზულად დააზარალებს. ბრაზილიის სამხედრო-საზღვაო ძალები ნავთობის წარმოშობას სწავლობენ. შეგროვებული ნავთობის ნიმუშის ანალიზმა აჩვენა, რომ ის ვენესუელური წარმოშობისაა, თუმცა ოფიციალური კარაკასი მომხდართან რაიმე კავშირს უარყოფს.