ქურთი მებრძოლები და სამოქალაქო პირები სირიის ქალაქ რას ალ აიანს, რომელიც თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
ქალაქ რას ალ აიანის ოფიციალურმა პირებმა Associated Press-ს ანონიმურად განუცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ფარგლებში, ადგილობრივი მცხოვრებლები და ქურთი სამხედროები ტერიტორიას ბადრაგის თანხლებით ტოვებენ.
როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, მათთვის უცნობია, რამდენად დასრულდება ევაკუაცია კვირას.
"სირიის დემოკრატიული ძალების" ქურთი მეთაურის რედურ ხალის თქმით, ქურთი მებრძოლები ევაკუაციის შემდეგ "უსაფრთხო ზონიდან" 120 კილომეტრში განთავსდებიან.
დღეს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად სირიაში ქურთებმა ერთი თურქი სამხედრო მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ოფიციალური ანკარა სამხედრო ოპერაციის განახლებით დაიმუქრა.
9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო. მის ერთ-ერთ მიზნად ქვეყნის ჩრდილოეთით „უსაფრთხო ზონის“ შექმნა სახელდებოდა. ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა.