ეკვადორში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებში ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსული კვალი“ აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყებაზე დაყრდნობით გამოცემა El Comercio ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მარია პაულა რომას განცხადებით, სოციალურ ქსელებში ანტისამთავრობო განცხადებები შესაძლოა რუსული IP-მისამართებიდან გამოქვეყნებულიყო. მისივე თქმით, გენერალური პროკურატურა უახლოეს დღეებში გამოძიებას დაასრულებს და ადგილობრივი ხელისუფლების უცხო ქვეყნებთან შესაძლო შეთქმულების საკითხზე არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
პაულა რომას განცხადებით, ანტისამთავრობო განცხადებების ძირითადი ნაწილი ვენესუელიდან, ზოგიერთი კი რუსეთიდან კეთდებოდა. მინისტრის აზრით, მომიტინგეთა ნაწილი „ვერ ხვდებოდა, რა თამაშში მონაწილეობს“. მან ქვეყანაში მომხდარს არა პოლიტიკური გადატრიალება, არამედ მთავრობის მუშაობის დესტაბილიზაციის მცდელობა უწოდა. საპროტესტო აქციების დროს სამხედროებზე და ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებს მარია პაულა რომამ „სამხედრო სცენარი“ უწოდა.
3 ოქტომბრიდან ეკვადორში ლენინ მორენოს ბრძანებით საწვავზე სახელმწიფო სუბსიდირება გაუქმდა, რის გამოც საწვავის ფასი დაახლოებით 120%-ით გაიზარდა. ამას ქვეყანაში არეულობები და საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის შემდეგაც მორენომ ქვეყანაში 60 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მთავრობამ კი ქვეყნის დედაქალაქი დატოვა. საწვავის სახელმწიფო სუბსიდირება ეკვადორში 1970-იან წლებში დაიწყო, ბოლო წლებში სუბსიდირების პროგრამაზე ბიუჯეტიდან 1,3 მილიარდი დოლარი იხარჯებოდა.
14 ოქტომბერს ეკვადორის ხელისუფლება და მომიტინგეები საპროტესტო აქციების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.