აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი 2019 წლის ბოლომდე თანამდებობას დატოვებს. Associated Press-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პერიმ ჟურნალისტებს განუცხადა. რიკ პერის გადადგომა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც დაუდასტურა.

ტეხასის ყოფილი გუბერნატორი, 69 წლის რიკ პერი ენერგეტიკის მინისტრად 2017 წლის მარტში დაინიშნა. ტრამპის თქმით, რიკ პერის შემცვლელი უკვე შერჩეულია, თუმცა საზოგადოება მის ვინაობას მოგვიანებით გაიგებს.

მანამდე აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრებმა, რომლებმაც ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, პერი ჩვენების მისაცემად დაიბარეს. მოსმენებზე მინისტრის მისვლის ბოლო თარიღი 18 ოქტომბერია. პერის გამოკითხვა უკავშირდება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ენერგეტიკის მინისტრი ეხმარებოდა ტრამპის პირად ადვოკატს რუდი ჯულიანის, უკრაინულ სახელმწიფო კომპანია „ნავთოგაზის“ მმართველთა საბჭოში სასურველი კანდიდატები შეეყვანა.

კერძოდ, Associated Press-ის ცნობით, ამერიკელ ბიზნესმენთა და რესპუბლიკური პარტიის დონორთა ჯგუფი „ნავთოგაზის“ ხელმძღვანელობის შეცვლას ცდილობდა, რათა შემდგომში კომპანიას ხელშეკრულებები ტრამპის მოკავშირეთა ფირმებთან გაეფორმებინა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო. დემოკრატებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.