აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ის და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდებიან. ეს კი იმ ფონზე გახდა ცნობილი, რომ მანამდე ედოღანმა პენსთან და პომპეოსთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევხვდებით პრეზიდენტ ერდოღანს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასთან პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს“, - განაცხადა პომპეომ.
ერდოღანმა მანამდე Sky New-ს განუცხადა, რომ ის აშშ-ის ოფიციალურ დელეგაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებოდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩავიდოდა თურქეთში, სხვა შემთხვევაში კი დელეგაციის წარმომადგენლებს თურქეთში შესაბამისი რანგის პოლიტიკოსები უმასპინძლებდნენ.
„არ ვაპირებ მათთან საუბარს. შეხვდნენ თავისი რანგის მაღალჩინოსნებს. თუ ტრამპი ჩამოვა, მე მას დაველაპარაკები“, - განაცხადა ერდოღანმა.
აშშ-ის დელეგაციაში, რომელიც უკვე თურქეთშია, არიან: ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რობერტ ო'ბრაიენი და სირიის საკითხებში სპეცწარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრი.
თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 653 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული. თავის მხრივ, ქურთების ინფორმაციით, 75 თურქი ჯარისკაცი მოკლულია, კიდევ 19 კი დაიჭრა. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ ცოტა, 160 000 ადამიანს მოუწია. მომხდარის გამო, თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.