სირიაში თურქეთის შეჭრა ჩვენი პრობლემა არაა, ქურთები კი ანგელოზები არ არიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიელ კოლეგა სერჯიო მატარელასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„ჩვენი ჯარისკაცები სირიას ტოვებენ, მათ საფრთხე აღარ ემუქრება. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვცდილობთ, თურქეთი სწორ გზაზე დავაყენოთ, ვინაიდან ნებისმიერი ომის შეჩერება გვსურს.
ქურთები ანგელოზები არ არიან. „ქურთისტანის მუშათა პარტია“ შესაძლოა „ისლამურ სახელმწიფოზე“ უფრო საშიში ტერორისტული დაჯგუფებაა“, - განაცხადა ტრამპმა.
თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 653 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული. თავის მხრივ, ქურთების ინფორმაციით, 75 თურქი ჯარისკაცი მოკლულია, კიდევ 19 კი დაიჭრა. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ ცოტა, 160 000 ადამიანს მოუწია. მომხდარის გამო, თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.